რელიგიური შეუწყნარებლობა

მუქარის შიშის გამო, სამთაწყაროელი მუსლიმები ლოცვაზე არ მივიდნენ

მუსლიმები წინწყაროში
ალექსანდრე ისკანდაროვი / ტაბულა

დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამთაწყაროში, სადაც რამდენიმე თვის წინ მუსლიმთა ღვთისმსახურების წინააღმდეგ რელიგიური შეუწყნარებლობის ახალმა კერამ იფეთქა, ინციდენტები დღემდე გრძელდება. პარასკევის ტრადიციულ ლოცვაზე ადგილობრივმა მუსლიმებმა მისვლა ვერც დღეს შეძლეს, მას მხოლოდ ჩასულები ესწრებოდნენ. ადგილობრივი ხოჯა, სულიკო ხოზრევანიძე და მისი ოჯახის წევრები ლოცვაზე მუქარის შიშით არ მივიდნენ. ხორზევანიძეების განცხადებით, ორასამდე თანასოფლელმა, რომელიც ხოჯას სახლის ეზოში შეიჭრა, მათ პარასკევის ლოცვაზე მისვლა აუკრძალა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სოფლიდან გასახლებითა და ფიზიკური განადგურებით დაემუქრა. ქრისტიანმა თანასოფლელებმა ხოჯას მეუღლეს ფიზიკური დაზიანებებიც მიაყენეს.

მუსლიმთა ღვთისმსახურებას სახალხო დამცველი და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ადგილზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ბაპტისტურ-ევანგელური ეკლესიის მთავარეპისკოპოსიც იმყოფებოდნენ.

"ჩვენ ამ პრობლემის დარეგულირებაში ჩართული ვართ პირველივე დღიდან, დღეს ჩამოვედი, რადგან უშუალოდ, ადგილზე გავცნობოდი სიტუაციას და პირველწყაროდან მიმეღო ინფორმაცია. დღეს ლოცვა შედგა, თუმცა მას მხოლოდ ჩამოსულები ესწრებოდნენ. ადგილობრივები ვერ გამოვიდნენ, როგორც ამბობენ, გარკვეული შიშის გამო. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ შექმნას გარანტია, რათა მოსახლეობას არ ჰქონდეს შიშის განცდა", - განაცხადა ნანუაშვილმა.

დღევანდელ ლოცვაზე იმყოფებოდნენ სრულიად საქართველოს მუფთის მოადგილე ადამ შანთაძე, ქართველ მუსლიმთა კავშირის ხელმძღვანელი ტარიელ ნაკაიძე და მუსლიმთა რამდენიმე წარმომადგენელი. სამთაწყაროში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილიც ჩავიდა.

სახალხო დამცველი თვეებია გამოძიების დაწყებასა და დამნაშავეთა დასჯას მოითხოვს, თუმცა პასუხისგებაში დღემდე არავინ მიცემულა. 

კომენტარები