უზენაესი სასამართლო

უზენაესი სასამართლო: მთავარი პროკურატურა არაზუსტ ინფორმაციას ავრცელებს

kyivpost.com

უზენაესი სასამართლო აცხადებს, რომ ახალციხის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მთავარი პროკურატურა არაზუსტ ინფორმაციას ავრცელებს. 

უზენაესი სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ახალციხის რაიონულმა სასამართლომ, ახალციხის რაიონული სამმართველოს ყოფილი უფროსის, მამუკა ხვედელიანისა და კიდევ ოთხი პირის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა. 

"უკვე ორი დღეა სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას მთავარი პროკურატურის მხრიდან არა მარტო არაზუსტი, არამედ, სასამართლოს დისკრედიტაციის შემცველი განცხადებები მოჰყვა. დღეს, პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, ახლაციხის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარემ სამხარეო პროკურორს ამ საქმესთან დაკავშირებით ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმების გაფორმება შესთავაზა. საქმის ვითარება სრულიად საპირისპირო გახლდათ: ახალციხის საოლქო პროკურატურის მაღალჩინოსნებმა თავად იკითხეს, ადეკვატური იყო თუ არა, ამ საქმესთან დაკავშირებით საპროცესო შეთანხმება გაფორმებულიყო. სასამართლოს პასუხი გახლდათ შემდეგი: საპროცესო შეთახმება ფორმდება მხარეთა შორის და თუკი ასეთი დოკუმენტი სასამართლოში შემოდის, სასამართლო მას კანონით დადგენილი წესით განიხილავს.სასამართლო აცხადებს, რომ მსგავსი სიცრუის ტირაჟირებას, მთავარი პროკურატურის მხრიდან, არა მარტო საზოგადოება შეჰყავს შეცდომაში, არამედ, ასეთი ინფორმაციის გავრცელებით პროკურატურა სასამართლოს დისკრედიტაციას ცდილობს. ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ 3 ივლისს გამოტანილი გამამართლებელი გადაწყვეტილება ემყარებოდა მხოლოდ საქმეზე წარმოდგენილ მასალებს და მხარეთა შეჯიბრებითობის უმთავრეს პრინციპს", - ნათქვამია უზენაესი სასამართლოს განცხადებაში. 

შეგახსენებთ, პროკურატურამ ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსისა და მასთან ერთად ბრალდებული კიდევ ოთხი პირის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

პირები, რომლებსაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, პირის დამცირება და იძულება, ასევე არაადამიანური ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და განზრახ უკანონო დაკავება ედებოდათ ბრალად, სასამართლომ 3 ივლისს გაამართლა.

პროკურატურის განცხადებით, განაჩენის გამოტანამდე რამდენიმე დღით ადრე მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილი, მისი ინიციატივით, არაოფიციალურ ვითარებაში შეხვდა სამცხე-ჯავახეთის პროკურორს გივი პაპუაშვილს და ურჩია, რომ ბრალდებულებთან გაეფორმებინა საპროცესო შეთანხმება მათი გათავისუფლების პირობით. პროკურატურის ცნობით, მოსამართლემ პაპუაშვილს უთხრა, რომ ეს კარგი გამოსავალი იქნებოდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ პროკურორმა მოსამართლის ამ შეთავაზებას უარით უპასუხა, რადგან ბრალდებულ პირთა გათავისუფლება და მათთვის პირობითი მსჯავრის დაწესება არაადეკვატურ სასჯელად მიიჩნია, მათ მიერ ჩადენილ ქმედებებთან მიმართებაში. 

"პროკურატურას ჯერ დასაბუთებული განაჩენი არ მიუღია. განაჩენის მიღების შემდეგ გადაწყდება მისი გასაჩივრების საკითხი", - ნათქვამია განცხადებაში.

ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსის, მამუკა ხვედელიანისა და ამავე პოლიციის ოთხი თანამშრომლის წინააღმდეგ გამოძიება რამდენიმე თვის წინ, მოქალაქე ვ.გ-ს განცხადების საფუძველზე დაიწყო. ვ.გ მიუთითებდა, რომ სამმართველოს თანამშრომლებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და სკამის ფეხით გააუპატიურეს.

 

კომენტარები