თბილისის მერი

გიგი უგულავამ მისი საქმის ნაფიცი მსაჯულების მიერ განხილვაზე უარი თქვა

გიგი უგულავას Facebook-ის გვერდი

თბილისის მერის, გიგი უგულავას საქმის არსებითი განხილვა, თბილისის საქალაქო სასამრთლოში 16 ივლისისთვის ჩაინიშნა.

დედაქალაქის მერმა, მისი საქმის ნაფიცი მსაჯულების მიერ განხილვაზე უარი განაცხადა. მისი თქმით, ნაფიც მსაჯულთა შემთხვევაში საქმეში ”კიდევ უფრო მეტი გაუგებრობა იქნება”.

დღევანდელ წინასასამართლო პროცესზე, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა, გიგი უგულავასა და დავით კეზერაშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის თაობაზე.

პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხი განიხილეს. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა გაითვალისწინა და ჯოზეფ ქეის 2013 წლის 15 თებერვლის ჩვენება, მტკიცებულებად არ დაუშვა.

როგორც მოსამართლემ განმარტა, ჩვენება თურქეთში, საქართველოს საკონსულოში კანონდარღვევით ჩაიწერა, რადგან საერთაშორისო კონვენციების მიხედვით, საკონსულო საქართველოს ტერიტორიას არ წარმოადგენს და მასზე საქართველოს კანონმდებლობა არ ვრცელდება.

შეგახსენებთ, პროკურატურა დედაქალაქის მერს გიგი უგულავას და ყოფილ თავდაცვის მინისტრს, დავით კეზერაშვილს ტელეკომპანია იმედისა და შპს თბილსერვისჯგუფის ეპიზოდებზე, სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება.

კომენტარები