Forbes

პრემიერმინისტრი: „გაკვეთილი კრემლინოლოგიაში“ დაკვეთილ სტატიას ჰგავს

საქართველოს პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი ჟურნალ Forbes-ის ვებგერდზე   გამოქვეყნებულ მელიკ კაილანის ბლოგს გამოეხმაურა. Forbes-ის კონტრიბუტორი კაილანი აღნიშნავს, რომ ირანული ინვესტიციების ზრდა საქართველოში ქვეყნის ახალი მთავრობის პრორუსული პოლიტიკის კიდევ ერთი დადასტურებაა.

"ეს მასალა წავიკითხე. მე მგონი, ის დაკვეთილ სტატიას ჰგავს და ჩვენ აბსოლუტურად გამჭვირვალე ვართ იმასთან მიმართებაში, რაზეც ემბარგოა დაწესებული (ირანის წინააღმდეგ) და ის, რაც აკრძალულია, ჩვენ ყველა წესს ვიცავთ. ამერიკის სახელმწიფოს და ამერიკის საელჩოს ჩვენ მაქსიმალურად გამჭვირვალედ ვაჩვენებთ ყველაფერს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. 

ივანიშვილის თქმით, ავტორმა  ტენდენციურობა გამოიჩინა."თუ გაქვთ რაიმე მაგალითი ჩემი პრორუსულობის შესახებ პირდაპირ მითხარით და გიპასუხებთ", - მიმართა ივანიშვილმა ჟურნალისტებს.
"გაკვეთილი კრემლინოლოგიაში", - ამ სათაურით გამოქვეყნებულ კომენტარში მელიკ კაილანი 20 ივნისს Wall Stereet Journal-ში გამოქვეყნებულმა სტატიას ეხმაურება, რომელიც საქართელოში ირანული ინვესტიციების ზრდას მიეძღვნა და აღნიშნავს, რომ ამ ფაქტმა შეშფოთება უნდა გამოიწვიოს დასავლეთში.

"ეს ის საქართველოა, რომელიც  ისწრაფვის NATO-სა და ევროკავშირის წევრობისკენ, რომელმაც ჯარები გაგზავნა ერაყსა და ავღანეთში და, რომელიც პოსტსაბჭოთა პერიოდის შემდეგ მოსკოვის მუდმივი მბრძანებლობისგან თავის დაღწევისგან იბრძვის. დასავლეთმა საქართველოს ერთგულება კი იმით დაუფასა, რომ 2008 წელს საქართველოში პუტინის შემოჭრას გვერდიდან უყურებდა და რუსეთს სეპარატისტული რეგიონების სპონსორობის ნება დართო", - აღნიშნავს ავტორი და მოჰყავს Wall Stereet Journal-ის სტატიიდან ციტატა, სადაც ნათქვამია, რომ ირანელი ბიზნესმენები აშშ-ის დიდი ხნის მოკავშირე საქართველოში მიილტვიან ბიზნესის საკეთებლად. "სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თბილისი ამერიკული სამქციების დაღვევის ნებას იძლევა, რაც წარმოუდგენელი იყო სააკაშვილის მმართველობის დროს", - წერს კაილანი. 
როგორც ავტორი აღნიშნავს, 2012 წლის ოქტომბერის არჩევნებში ქართული ოცნებისა და მისი ოლიგარქი ლიდერის ბიძინა ივანიშვილის გამარჯვების შემდეგ „ეს წარმოუდგენელი აღარ არის". 
"როგორც ჩანს, Wall Stereet Journal -მა ისევე, როგორც დასავლური სამყაროს დიდმა ნაწილმა, ყველაზე მნიშვნელოვანი გამოტოვეს – მიუხედავად მისი პროტესტისა, ივანიშვილი არასდროს აპირებდა იმ პროდასავლური კურსის გაგრძელებას, რომელიც მემკვიდრეობით ერგო", - აღნიშნავს მელიკ კაილანი. 
ავტორი წერს, რომ ივანიშვილი მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში უარყოფითად არ მოიხსენიებდა პუტინს, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ მისი ქვეყანა დაიპყრო. 
"მას არაფერი გაუკეთებია თავისი მიმდევრების შესაჩერებლად, რომელთაც არაერთხელ გაუგზავნეს დაშინების ტექსტები მის ოპონენტ პოლიტიკოსებს, რომლებსაც არჩევნების შემდგომ დაპატიმრებით ემუქრებოდნენ. არც ერთი მისი ნაბიჯი არ შეფასდა სათანადოდ. ნაცვლად ამისა, მედიამ მას თავისივე წესებით თამაშის ნება დართო, მათ შორის - ციხეში შეურაცხყოფის ამსახველი ვიდეოების ჩვენების. ნებისმიერი საღად მოაზროვნე დამკვირვებელი შენიშნავდა ამ ვიდეოების უსაფუძვლობასა და ხელოვნურობას. საფრანგეთის დაზვერვის სამსახურმა ქართული მაფიის აუდიოჩანაწერი გაავრცელა, სადაც ისინი თავდასხმას გეგმავდნენ. ქართული და რუსული მაფია მჭიდრო მოკავშირეები არიან. მაგრამ არა, თქვენ ვერ შეძელით დასავლური მედიისგან ლოგიკური დასკვნების გამოტანის მიღება", - წერს "ფორბსის" კონტრიბუტორი. 
 ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ ივანიშვილმა განაცხადა რუსეთში ბიზნესის გაყიდვის შესახებ, მაგრამ ყველასთვის ცხადი იყო, რომ ვერ გაყიდდა ლუკოილსა და როსნეფტში თავის წილებს კრემლის მხრიდან „მწვანე შუქის“  გარეშე. 
"ბევრი მიმტკიცებდა, რომ ივანიშვილსა და კრემლს შორის კავშირის სამხილები არ არსებობდა. ესეც თქვენ სამხილი – ირანული ეკონომიკის მხარდამჭერის თანამონაწილეობა. პირადად ჩემთვის ეს სიურპრიზი არ ყოფილა – ყველაფერი რასაც მანამდე ვწერდი და ვამბობდი, ახდა და უარესებიც მოხდა. სააკაშვილის პოლიტიკურ მოკავშირეებს სასამართლო წესით დევნიან, ათავისუფლებენ რეგიონული თვითმმართველობების თანამშობლებს და აშინებენ ადგილობრივ გამგებლებს, არის ქრთამის აღებისა და სასამართლო დაშინებების მცდელობები", - წერს მელიკ კაილანი და საქართველოს იუსტიციის მინისტრის სიტყვებს ციტირებს, რომელმაც ევროპარლამენტარ კრჟიშტოფ ლისეკს განუცხადა, რომ "არ ჩქარობენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა წინააღმდეგ საქმის წარმართვას, რადგან ამჟამინდელი მოსამართლეები მათ არ დასჯიან და პირველ რიგში, მათ სასამართლო სისტემის რეფორმა სჭირდებათ". 
"ივანიშვილს შეუძლია მთელ ხმაზე იყვიროს, რომ ამა თუ იმ დასავლურ კლუბში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვის, მაგრამ ბევრ დროს კარგავს თავისი ქვეყნის ამ კლუბში გაწევრიანების საწინააღმდეგოდ. ვინც ზემოხსენებულს ეწინააღმდეგება, კრემლინოლოგიაში ძველმოდური გაკვეთილები სჭირება. ამ პერსპექტივით, ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდება. ირანის სანქციების დარღვევით მოსკოვის სტრატეგიული ინტრესების მიმდევრობა კრემლს შიიტური ნახევარმთვარის გადარჩენის შენარჩუნების საშუალებას აძლევს", - წერს მელიკ კალიანი და დასძენს, რომ ამ შემთხვევაში ირანს შეუძლია, გააგრძელოს სირიის და ჰეზბოლას ეკონომიკურ დახმარება მაშინ, როცა კავკასიის გავლით კრემლის წვდომა ახლო აღმოსავლეთსა და ხმელთაშუაზღვაზე გავრცელდება. 
"ივანიშვილმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ საქართველო მზად იქნება, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგას და NATO-ს მიუახლოვდეს. ირონია კი ის არის, რომ სააკაშვილმა ამისთვის ყველა საჭირო ხერხი გამოიყენა. ივანიშვილმა კი ეს ხერხები უკუაგდო. უფრო დიდი ირონია კი ის არის, რომ მისი სჯერათ", - წერს მელიკ კაილანი. 
20 ივნისს Wall Street Journal-მა გამოაქვეყნა სტატია სათაურით - "საქართველოში ირანელების ინვესტიცია სანქციების მიუხედავად იზრდება". სტატია ირანელების მხრიდან საქართველოში ბიზნეს საქმიანობისადმი ინტერესის ზრდას ეხება და აღნიშნულია, რომ ეკონომიკურმა სანქციებმა ირანს საზღვარგარეთ ბიზნესის კეთება გაურთულა, მაგრამ ირანელი ბიზნესმენები მიილტვიან საქართველოსკენ, რომელიც უკვე დიდი ხანია, აშშ-ის მოკავშირეა კავკასიის რეგიონში. სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოში ირანული კომპანიების რაოდენობა 84-დან 1 500-მდე გაიზრადა.

კომენტარები