ინციდენტი

სომხური შირაქის გულშემატკივარი: ქართველმა პოლიციელებმა ვერ დაგვიცვეს

სომეხი გულშემატკივრები
armsport.am

17 ივნისს, თბილისში დინამო არენაზე ამხანაგური შეხვედრა გაიმართა. ერთმანეთს საქართველოს მოქმედი ჩემპიონი დინამო თბილისი და სომხური შირაქი დაუპირისპირდნენ. მატჩი 1:1 დასრულდა, თბილისელთაგან გოლი გიორგი პაპავამ გაიტანა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ქართველ და სომეხ გულშემატკივრებს შორის მოხდა ინციდენტი, რომელმაც გამოხმაურება ჰპოვა სომხურ მედიაში. ვებგვერდმა armsport.am ინტერვიუ გამოაქვეყნა გულშემატკივართან, რომელმაც შეძლო დაპირისპირების მობილური ტელეფონით გადაღება. 

"ჩვენი ტრადიციული შეძახილი "ტა-სი-ბოვ!" (თარგმანში: "ითამაშეთ აღმაფრენით") მათ ყურში ისე ჩაესმათ, როგორც "როსია". ცნობილია, რომ ქართველებს არ უყვართ რუსები და რუსეთი და საპასუხოდ მათ დაიწყეს სკანდირება - "აზერბაიჯან!". 

ყველა ჩემი მეგობარი, ვინც ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე იმყოფებოდა, დაადასტურებს, რომ სიტუაცია კურიოზული იყო. 

და ამის შემდეგ მოხდა კიდეც დაპირისპირება, თუმცა ეს სიტყვა კარგად ვერ ასახავს მომხდარს. ქართველები პროვოკაციის ორგანიზებას ეშურებოდნენ, რის პასუხადაც არაფერს ვაკეთებდით, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ცარიელი ბოთლის მათი მიმართულებით გადაგდებას.

დინამოს გულშემატკივრების ქმედებას ხულიგნური შეგვიძლია ვუწოდოთ, მაგრამ ქართველმა პოლიციელებმა ამის აღკვეთა ვერ შეძლეს. მაქსიმუმი, რაც მათ გააკეთეს, სტადიონის ტერიტორიიდან ჩვენი სწრაფად ევაკუაცია იყო.

სამართლიანობისთვის ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ქართველმა პოლიციელებმა ჩვენს უსაფრთხოებაზე დედაქალაქის გასასვლელამდე იზრუნეს. 

მე გადავიღე დინამოელების გმირობა. ვიდეო სამოყვარულოა, ამიტომ მისი ხარისხის გამო ბოდიშს ვიხდი".

თავის მხრივ, ქართველი გულშემატკივრები საპირისპირო პოზიციას იკავებენ. გარდა ფორუმებისა, სადაც ფანები ინციდენტის პროვოცირებაში სომეხ გულშემატკივრებს ადანაშაულებენ, ქართული სპორტის ქომაგების ფეისბუქის გვერდზე ნათქვამია "RUSSIA, RUSSIA - ასეთი შეძახილები ისმოდა სომხური შირაქის ფანებისგან, რის გამოც, მატჩის დასრულების შემდგომ მიიღეს საკადრისი 
პასუხი".

კომენტარები