ინციდენტი

გუდიაშვილის ბაღის ინციდენტზე საქმე აღძრული არ არის

აპრილს გუდიაშვილის ბაღში ინციდენტი მოხდა. გავრცელებული ცნობით, 50-მდე წლის მამაკაცმა და რამდენიმე ახალგაზრდამ სკვერში შეკრებილ სხვა ახალგაზრდებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და სცემეს. დაზარალებულთა ნაწილი მიიჩნევს, რომ საქმე სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულთან ჰქონდათ. ამასთან, კითხვები აქვთ სამართალდამცავებთან და მათ მოქმედებებთან დაკავშირებით. კითხვები გააჩინა დაზარალებულთა ნაწილის გადაწყვეტილებამაც, არ უჩივლონ, მათივე თქმით, აგრესორებს. მით უმეტეს, რომ ინციდენტს გაგრძელება მეორე დღესაც მოჰყვა - დაზარალებულები ამბობენ, რომ მათი მეგობარი იმავე ადამიანებმა იმავე ადგილზე სცემეს, სწორედ მათთან კავშირის გამო.

ერთ-ერთი თვითმხილველი ნანა ხერგიანი ყვება, რომ ათიოდე მეგობართან ერთად გუდიაშვილის სკვერში საუბრობდა, როდესაც მათთან 50-იოდე წლის მამაკაცი, სახელად დავითი, მიიჭრა და უცენზურო სიტყვებით მიმართა. როგორც მონაყოლიდან ირკვევა, მისი მიმართვები სექსუალური ხასიათის იყო და მსგავსი ხასიათის მუქარასაც შეიცავდა. მეგობრების დაცვა მიქაილ (მიშკა) ჯოშქუნმა სცადა, რომელსაც აგრესიულად განწყობილმა მამაკაცმა ასევე შეურაცხყოფა მიაყენა და უთხრა, რომ „კაცური მას არაფერი ჰქონდა“ და ურჩია, გათხოვილიყო. მალევე მამაკაცს სხვა, ახალგაზრდა სამი ან ოთხი ბიჭი შეუერთდა. ერთ-ერთმა მათგანმა იქ მყოფ გოგონას, 18 წლის ანანო ტყეშელაშვილს „აიპოდი“ გამოსტაცა და როდესაც ამ უკანასკნელმა თავისი კუთვნილის დაბრუნება სცადა, გოგონას ხელი დაარტყა. სიტყვიერი გამოსარჩლების კიდევ ერთ მცდელობას მიშკა ჯოშქუნის ცემა მოჰყვა. ნანა ხერგიანი ჰყვება, რომ დარყმის გამო მისი მეგობარი ძირს დავარდა და გონება დაკარგა. ინციდენტს შეესწრო ასევე 13 წლის არასრულწლოვანი გოგონა. აღსანიშნავია, რომ თავად მიქაილიც არასრულწლოვანია.

მას შემდეგ, რაც დაზარალებულებმა საპატრულო პოლიციაში დარეკეს, თავდამსხმელები დაფრთხენ და წავიდნენ. მიქაილი სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს, რადგან ლოყა კბილების ბრეკეტმა დაუზიანა და სისხლი სდიოდა, ნანა ხერგიანი და ნინო ჩხეიძე კი პოლიციაში დასაკითხად წაიყვანეს და როგორც ჰყვებიან, 2-საათიანი ლოდინის შემდეგ, ჩვენებები დააწერინეს.

აღსანიშნავია, რომ სამართალდამცავებმა ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალა ნახეს, რომელიც თავად დაზარალებულებმა გადაიღეს. ამ გზით, აგრესიულად განწყობილი მამაკაცის ვინაობა დაადგინეს, დანარჩენების ვინაობა კი გაურკვეველი დარჩა. ხსენებულ ვიდეოს მისი მფლობელები, საკუთარი სურვილით, არ ასაჯაროებენ.

ინციდენტის ღამეს აღმოჩნდა, რომ დაზარალებულები - მიქაილი და ანანო - აგრესორების წინააღმდეგ საჩივრის შეტანას არ აპირებდნენ. პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე მყოფ ორ თვითმხილველსაც უთხრეს, რომ რახან ჩივილის ფაქტი არ არსებობდა, ისინი სავარაუდო დამნაშავეებს „რაიმე სასჯელს ვერ მიუსჯიდნენ“ და დაზარალებულებს შეეძლოთ, სასამართლოსთვის მიემართათ.

რაც შეეხება კითხვას, თუ რა ბედი ეწია მამაკაცს, რომლის ვინაობა სამართალდამცავებმა დაადგინეს, ნანა ხერგიანი ამბობს, რომ პოლიციამ მათ უთხრა: „მივაკითხეთ, მაგრამ მთვრალი იყო და წამოვედითო“.

„ჩვენ დაგვაწერინეს ჩვენებები, სადაც სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის მათ დასჯას მოვითხოვდით. ჩვენებაში ასევე აღვწერდით ცემის და ჰომოფობიური გამოვლინებების ფაქტებსაც, მაგრამ სამართალდამცავებმა გვითხრეს, რომ რადგან დაზარალებულები არ ჩივიან, სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო, მაქსიმუმ, გაფრთხილება მიიღონ დამნაშავეებმაო“, - ჰყვება ის ტაბულასთან საუბარში.

ნანა ხერგიანი ფიქრობს, რომ გუდიაშვილის სკვერში მომხდარი ინციდენტი ჰომოფობიურ ხასიათს ატარებდა, რის არგუმენტადაც მისი მეგობრის მიმართ ნათქვამი რეპლიკები და შემდეგ მისი ცემა მოჰყავს. ამის გამო, ის ლგბტ უფლებადამცველი ორგანიზაციის იდენტობის იურისტს დაუკავშირდა. „იდენტობა გვეხმარება და საჩივარი შეგვაქვს, იურისტს შეაქვს უფრო სწორად, დაიწყება გამოძება ალბათ“, - ამბობს ნანა. მისი აზრით, მიქაილმა სწორედ იმიტომ გადაიფიქრა ჩივილი, რომ მის მშობლებს არ სურთ, მათმა შვილმა დახმარება ამ ორგანიზაციისგან მიიღოს. თუმცა თავად დაზარალებული, რომელსაც ტვინის შერყევის გამო წოლითი რეჟიმი აქვს დანიშნული, ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება შემდგომი აგრესიისგან თავის დასაცავად მიიღო: „თავიდან ვაპირებდი ჩივილს, რადგან სულ ვცდილობ, რომ დამნაშავე  დაისაჯოს, მაგრამ ადვოკატის ნათქვამის შემდეგ მივხვდი, რომ სასჯელი მცირე იყო: ფულადი ჯარიმა ან 6 თვის ვადით სასარგებლო სამუშაოს კეთება. ეს ნიშნავს, რომ ადვილად გამოძვრებოდნენ და შემდეგ ჩემს ჯანმრთელობას ისევ საფრთხე შეექმნებოდა“ - ამბობს ის ტაბულასთან საუბარში. 

ამ ამბიდან ერთი დღის შემდეგ, გუდიაშვილის სკვერში იმავე ახალგაზრდებმა ახლა უკვე წინა დღის დაზარალებულების მეგობარს, ნიკა გაგუას სცემეს, მას შემდეგ, რაც მათი მეგობრული კავშირის შესახებ გაარკვეს. როგორც თავად გაგუა ტაბულასთან საუბარში ჰყვება, თავდაპირველად მასთან ერთი ადამიანი მივიდა, შემდეგ კი დანარჩენები შეუერთდნენ. ნიკას მათი რაოდენობა არ ახსოვს, თუმცა, როგორც მეგობრები ეუბნებიან, ათიდან 15 კაცამდე იყვნენ. დაზარალებული ჰყვება, რომ მას ჯერ სიგარეტი ჩააწვეს ლოყაზე და შემდეგ ცემა დაუწყეს, დაჟეჟილი აქვს ზურგი, თვალი - ჩალურჯებული, თავზე კი ორი კოპი აქვს. პატრული შემთხვევის ადგილზე მაშინ მივიდა, როდესაც ის უკვე იქ აღარ იმყოფებოდა. ნიკა პოლიციაში საჩივრის შეტანას უახლოეს ხანებში აპირებს.

მეორე ინციდენტის თვითმხილველი, თეო გოგუაძე, რომელიც სამართალდამცავების მისვლის დროს იქ იმყოფებოდა, ჰყვება, რომ მიუხედავად მათი მოთხოვნისა, პოლიციამ ოქმში, ფიზიკური შეურაცხყოფის ნაცვლად, მხოლოდ „შელაპარაკება“ ჩაწერა, დაზარალებულებს კი უთხრა, რომ თუ გვიან ღამით (საღამო 9 საათისთვის) გარეთ სეირნობა სურდათ, საკუთარი თავები თავად დაეცვათ.

ტაბულა ინფორმაციისთვის შსს-ს პრესსამსახურს დაუკავშირდა. შსს-ში ამბობენ, რომ მომხდარზე საქმე აღძრული არ არის, რადგან უშუალოდ დაზარალებულები ჩვენებაში ფიზიკურ შეურაცხყოფაზე არ მიუთითებენ. კითხვაზე, რატომ გახდა ჩვენებები საჭირო, როცა ერთ-ერთი დაზარალებული სასწრაფო მანქანის დახმარებამ წაიყვანა, პრესსამსახურის უფროსი, ნინო გიორგობიანი პასუხობს, რომ მას დავარდნისას ლოყაში ბრეკეტი შეერჭო და ამიტომ დასჭირდა დახმარება. მისივე თქმით, არასრულწლოვანი მიქაილი და მისი მშობლები ამბობენ, რომ ის თავად დაეცა და ფიზიკურ ძალადობაზე არ მიუთითებენ. ნინო გიორგობიანისვე განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი საჩივარი შევა, მომხდარზე საქმე აღიძვრება.

 

 

კომენტარები