რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები

ფანჯიკიძე: სოჭის ოლიმპიადის უსაფრთხოების კუთხით, თანამშრომლობის პოტენციალს ვხედავთ

facebook.com/maiapanjikidzeofficial

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაია ფანჯიკიძის თქმით, საქართველო რუსეთთან თანამშრომლობის პოტენციალს სოჭის ოლიმპიადის უსაფრთხოების კუთხით ხედავს. ამის შესახებ ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადებების შეფასებისას განუცხადა.

"ჩვენ რუსეთის მიმართულებით გადავდგით რამდენიმე პოზიტიური ნაბიჯი. ამ ნაბიჯების გადადგმა ახლა არ დაწყებულა, მას უკვე კონკრეტული შედეგები აქვს. სოჭის ოლიმპიადასთან დაკავშირებით ვადასტურებ, რომ ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას ოლიმპიადაში. გარდა ამისა, ჩვენ ვხედავთ თანამშრომლობის პოტენციალს სოჭის ოლიმპიადის უსაფრთხოების კუთხით", - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ. 

მისივე თქმით, საქართველო ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას არასდროს შეეგუება.

"საქართველოსთვის წითელი ხაზები არის ქვეყნის ოკუპაცია, ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარება და ამას საქართველო არასოდეს არ შეეგუება. საერთოდ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ურთიერთობა, გარკვეულწილად, გარკვეულ სფეროებში დათბობისკენ მიდის, ჩვენ ყოველთვის ვიმოქმედებთ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე და ის წითელი ხაზები, რომელიც არსებობდა ექვსი თვის წინ, ასევე არსებობს დღეს", - განაცხადა ფანჯიკიძემ.

კომენტარები