საქართველო-NATO

აპატურაი: NATO შეშფოთებულია უკანონო გამყოფი კონსტრუქციებით, რაც არსებული შეთანხმების დარღვევაა

NATO

საქართველოში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაი თბილისში ჩამოვიდა. აპატურაის განცხადებით, იგი საქართველოში ორი მიზეზის გამო იმყოფება.

"პირველ რიგში, უნდა გავხსნა NATO-ს კვირეული, რასაც მოუთმენლად ველოდები. საქართველო ის ქვეყანაა, რომელსაც ყოველთვის აქვს NATO-ს ძალიან მაღალი მხარდაჭერა, მიუხედავად იმისა, თუ რომელი მთავრობაა ხელისუფლებაში. ასე რომ, კარგი შესაძლებლობაა ვისაუბრო ალიანსზე. მეორე მიზეზი, რის გამოც აქ ვარ, არის ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის მომზადება, რომელიც დაახლოებით 3 კვირაში შედგება. ერთ-ერთი უმთავრესი, რასაც აქ ყოფნის პერიოდში გავაკეთებ, არის ის, რომ მადლობას გადავუხდი ქართველ ხალხს ავღანეთის ოპერაციაში შეტანილი წვლილისათვის. ეს რთული პერიოდია, ახლახან დაიღუპა სამი ჯარისაკაცი და ბევრი დაშავდა. მე, კიდევ ერთხელ, NATO-ს სახელით მწუხარებას გამოვხატავ", - განაცხადა აპატურაიმ.

აპატურაიმ კომენტარი რუსი სამხედროების მიერ საოკუპაციო ხაზის გადმოწევაზეც გააკეთა და აღნიშნა, რომ NATO შეშფოთებულია კონფლიქტის ზონებთან უკანონო გამყოფი კონსტრუქციებით. მისივე თქმით, აღნიშნული საკითხი ვიზიტის ფარგლებში განსახილველ თემებს შორის არის.

"NATO-ს იგივე პოზიცია აქვს, რაც ევროკავშირის მონიტორინგის მისიას და ამერიკის შეერთებულ შტატებს. ჩვენ შეშფოთებული ვართ უკანონო გამყოფი კონსტრუქციებით, რაც არსებული შეთანხმების დარღვევაა და ხელს უშლის მოსახლეობას გადაადგილებაში. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ ფაქტს ნეგატიურად ვაფასებთ", - აღნიშნა ჯეიმს აპატურაიმ.  

ვიზიტის ფარგლებში, ჯეიმს აპატურაი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერმინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს, თავდაცვის მინისტრს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრსა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს.

შეგახსენებთ, საქართველოში დღეს NATO-ს რიგით მე-6 კვირეული გაიხსნება, რომელიც 3–10 ივნისს ჩატარდება. NATO-ს დღეებს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი და NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი გახსნიან.

კომენტარები