დამოუკიდებლობის დღე

სააკაშვილი:ყველაზე დიდი დანაშაული ხელების ჩამოშვება იქნებოდა

facebook.com/SaakashviliMikheil

„არმია არ ეკუთვნის არც ერთ პარტიას, არც ერთ პოლიტიკოს, არც ერთ ცალკე აღებულ, თუნდაც თავად არმიის ხელმძღვანელ-წარმომადგენელს. ის ეკუთვნის ქართულ საზოგადოებას. ამიტომ, რა თქმა უნდა, სამწუხაროა, რომ წელს პოლიტიკოსებმა და მთავრობამ გადაწყვიტეს, რომ თბილისში არ გაიმართოს სამხედრო აღლუმი. მაგრამ ეს ერთი წუთით არ აკნინებს, ჩემო მეგობრებო, თქვენს მნიშვნელობას. ერთი წუთით არ აკნინებს იმ ისტორიულ როლს, რომელსაც თამაშობს შეიარაღებული ძალები." - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ავღანეთში, სადაც ის ქართველ სამხედროებთან ერთად, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს შეხვდა და მათ სიტყვით მიმართა.

"თქვენი მისია, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია, ჩემო მეგობრებო, მაგრამ ათასმაგად უფრო რთულია თქვენი დედების, ცოლ-შვილის, და-ძმების მისია, იმიტომ, რომ მათ ბევრად უფრო მეტ ნერვიულობა უხდებათ ვიდრე თქვენ. ბევრად მეტი უძილო ღამე, მეტი მოლოდინი, წინათგრძნობები, ტელეფონის ზარის დალოდება, ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, რთულია და მე მინდა დღევანდელი დღე, დამოუკიდებლობის დღე, მათაც მივულოცო. ჩვენი შეიარაღებული ძალები არის ერთ–ერთი მთავარი განმსაზღვრელი ჩვენი საზოგადოების. ჩვენი საზოგადოება ქმნის შეიარაღებულ ძალებს, მაგრამ შემდეგ უკვე თქვენ, შეიარაღებული ძალები, ქმნით, აყალიბებთ ჩვენ საზოგადოებას, დაწყებული ყველაზე პატარებიდან დამთავრებული უკვე გამოცდილი და ჭარმაგი საზოგადოების წევრებით." - მიმართა სამხედროებს მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გმირები მხოლოდ წარსულში არ არიან:

„თითოეული ჯარისკაცი, რომელიც დაიღუპა 2008 წელს, ისეთივე გმირია, როგორც 300 არაგველი. ქართველმა ერმა შექმნა ჩვენი მტრის ყველაზე ცუდი ახდენილი სიზმარი - ფუნქციონირებადი სახელმწიფო. ჩვენ ახლა ვსწავლობთ, თუ რას ნიშნავს სახელმწიფო, რომელიც უფრო მაღლა დგას, ვიდრე ნებისმიერი ადამიანი, როგორი ამბიციურიც არ უნდა იყოს ის. ჩვენ შეიძლება ერთმანეთს ვეკამათებოდეთ და დემოკრატიაში ეს ნორმალურია. ვკამათობთ სხვადასხვა შეხედულებებზე, პლატფორმებზე, მაგრამ არ შეიძლება ვკამათობდეთ მთავარზე: არ შეიძლება ქართველი კაცი ამბობდეს, რომ საქართველო დამნაშავეა 2008 წლის ომში, იმიტომ, რომ მთელი მსოფლიო სხვანაირად ფიქრობს. არ შეიძლება ვამბობდეთ, რომ ჩვენ თვითონ ვამზადებდით ტერორისტებს, იმიტომ, რომ ეს მსოფლიოში არავის სჯერა და ამას მხოლოდ რუსეთი, ჩვენი დამპყრობელი, აცხადებს. ეს საშიშია, რადგან ეს განცხადებები არა მხოლოდ სამარცხვინოა, არამედ ეჭვს ქვეშ აყენებს ჩვენი სახელმწიფოებრიობის არსებობასაც კი; გვაკარგვინებს პერსპექტივას, ვიყოთ ძლიერი ალიანსის წევრები - რასაც თქვენ ემსახურებით; გვაკარგვინებს ჩვენი დემოკრატიული პარტნიორების მხარდაჭერას, რომლებიც მხარს გვიჭერენ იმისთვის, რომ ჩვენ თვითონ ვიბრძვით ჩვენი თავისუფლებისთვის."

სააკაშვილის თქმით, ის საქართველოს მთავრობის მთავარი ქომაგი გახდება, თუ ის საქართველოს დამოუკიდებლობის გაძლიერებისკენ მიმართულ ნაბიჯებს გადადგამს:

"არის ბევრი საკითხი, რომელშიც პოლიტიკოსები ერთმანეთს არ ეთანხმებიან და მეც, ბევრ ფუნდამენტურ საკითხში არ ვეთანხმები საქართველოს მთავრობას. მაგრამ მივესალმები ყველა ნაბიჯს, რომელსაც საქართველოს მთავრობა გადადგამს საქართველოს დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად. თუ ასეთი ნაბიჯები გადაიდგმება, ჩემზე თავგამოდებული ქომაგი საქართველოს მთავრობას არ ეყოლება, ვიამაყებ ასეთი მთავრობით. ჩვენ ერთად უნდა ვიმუშავოთ იმისთვის, რომ პროგრესი გაგრძელდეს. პროგრესის ალტერნატივა უკუსვლა და რეგრესია."

მიხეილ სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ახალი თავდაცვის და უსაფრთხოების სისტემა შექმნა. მისივე თქმით, ვანო მერაბიშვილთან მუშაობა დიდი პატივი იყო:

„მინდა მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც ამ წლებში ქვეყანას აშენებდა, თქვენთან ერთად. მათ, ვინც შექმნა ახალი თავდაცვის სისტემა. მადლობა მინდა ვუთხრა თავდაცვის სისტემის მაშინდელ მესვეურებს. მადლობა მათ, ვინც საქართველოს აუწყო უსაფრთოების სისტემა. ჩემთვის დიდი პატივი იყო წინა წლებში ვანო მერაბიშვილთან და მის გუნდთან ერთად სამსახური, მათი ტიტანური ძალისხმევითაც, სახელმწიფომ მიიღო ის ინსტრუმენტი, რომელიც მას იცავდა გარე მტრებისგან და ინარჩუნებდა შიდა წესრიგს... გამოდავება ყოველთვის ყველაფერზე შეიძლება, თუ დაივიწყებ, რა გაგიკეთა მან ცოტა ხნის წინ."

გამოსვლის ბოლოს მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ მისი აზრით, სიძნელეები დროებითია და ისინი გადაილახება:

„მგონია, რომ ეს სიძნელეები დროებითია. ყველაზე დიდი დანაშაული ხელების ჩამოშვება იქნებოდა. თქვენ ეს კარგად გესმით: ერთადერთი პასუხი უკანდახევაზე არის გადაჯგუფება და ხელახალი წინსვლა. ხელახალი შეტევა. ერთადერთი პასუხი მარცხზე არის გამარჯვება. როცა მიზანი კეთილშობილურია, უფალი არა მხოლოდ არ გაგვწირავს არამედ განსაკთრებულ ძალას მოგვცემს, ჩვენი ხუთჯვრიანი დროშის ქვეშ გასამარჯვებლად." - განაცხადა პრეზიდენტმა.

 

კომენტარები