დაკავება

ჯაფარიძე: ნაციონალური მოძრაობა ჩვეულებრივ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავებას გამოეხმაურა.

როგორც ჯაფარიძემ ტაბულასთან საუბარში განაცხადა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ჩვეულებრივ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას.

"ხელისუფლება ამით ცდილობს გადაფაროს ის პრობლემები, რაც ქვეყანაშია, კრიმინალის თუ ეკონომიკის მხრივ. ყოველდღიურად იკარგება სამუშაო ადგილები, 17 მაისს სახელმწიფო იყო უუნარო. ამ ყველაფრის გადაფარვა უნდათ. ვანო მერაბიშვილი მოიაზრებოდა ერთ-ერთ მთავარ საპრეზიდენტო კანდიდატად ნაციონალური მოძრაობიდან და ახლა ალბათ გართულდება მისი პრაიმერიში მონაწილეობა. ნაციონალური მოძრაობა გააგრძელებს ხელისუფლებასთან ოპონირებას ყველა იმ თემაზე, რაზეც აქამდე ოპონირებდა და პარტია ჩვეულებრივ რეჟიმში იმუშავებს", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურამ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი და პრეზიდენტის რწმუნებული კახეთის რეგიონში ზურაბ ჭიაბერაშვილი დააკავა. აღნიშნულთან დაკავშირებით მთავარ პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართა.

კომენტარები