17 მაისის აქცია

თბილისის მერია ილია მეორის მიმართვას პასუხობს

Wikipedia

თბილისის მერია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის, განცხადებას პასუხობს, სადაც ის საქართველოს მთავრობასა და თბილისის მერიას მიმართავს და 17 მაისს აქციის გამართვისთვის გაცემული ნებართვის გაუქმებას სთხოვს. თბილისის მერია "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" საქართველოს კანონზე მიუთითებს და ამბობს, რომ, კანონის თანახმად, შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარებისას ნებართვის გაცემა საჭირო არაა და მერიას წინასწარ მხოლოდ აფრთხილებენ.

მერიის განმარტებით, მათთან 2 მაისს შევიდა "ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის" პროექტის მენეჯერის ეკა წერეთლის განცხადება 2013 წლის 17 მაისს, საქართველოს პარლამენტის ყოფილი შენობის წინ, ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აქციის გამართვაზე. 13 მაისს კი თბილისის მერიას მოქალაქე გიორგი გაბედავამ მიმართა იმის თაობაზე, რომ 17 მაისს, ეკლესიის მოძღვრები და მრევლი შეიკრიბება რუსთაველის გამზირზე, პირველი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე.

"შესაბამისად, აღნიშნული გაფრთხილებები თბილისის მერიის მიერ მიღებული იქნა მხოლოდ ცნობად და განმცხადებლებს განემარტათ, "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლება-მოვალეობანი. თბილისის მერიის მიერ ორივე აქციის თაობაზე ასევე გაფრთხილებული იქნა საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი", - ვკითხულობთ მერიის განცხადებაში.

კომენტარები