17 მაისის აქცია

მთავარეპისკოპოს მალხაზ სონღულაშვილის განცხადება, 17 მაისის აქციასთან დაკავშირებით

ნანო სარალიშვილი

საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის მთავარეპისკოპოსმა მალხაზ სონღულაშვილმა, 17 მაისის აქციასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელსაც ტაბულა უცვლელად გთავაზობთ: 

"როდესაც ადამიანის ღირსების შელახვა და შევიწროვება ხდება სექსუალური ორიენტაციის გამო, იქნება ეს პირდაპირ თუ ირიბად, თუ ყველა მოქალაქის, თუ ყველა რელიგიური ადამიანის წმიდათა წმიდა ვალია გვერდში დაუდგეს დაჩაგრულსა და დამცირებულ უმცირესობას სამართლიანობის და თანასწორობისთვის ბრძოლის საქმეში.

დედამიწის ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში ჰომოფობია ოფიციალურად დაგმობილია. ჩვენში კი ამ თემაზე ლაპარაკი დღემდე საჩოთიროდ ითვლება.

ჩემი თაობის ხალხი საბჭოთა კავშირის დანგრევას არ ველოდით, არადა, ყველას გულით გვინდოდა, რომ ნანინანატრ თავისუფლებას მოვსწრებოდით. თავისუფლება რომ მოვიდა, ბევრი ამბობდა ჩვენ ტოტალიტარული სახელმწიფოდან კი გამოვედით, მაგრამ ვინ იცის რამდენი დრო დაგვჭირდება, რომ ტოტალიტარული სახელმწიფო გამოვიდესო ჩვენგან. როგორც ჩანს, ისინი მართლები იყვნენ. ჩვენში ტოტალიტარული აზროვნების ბასტიონები ჯერაც არ არის საბოლოოდ დანგრეული. ერთ-ერთი მათგანი ჰომოფობიაა.

მე კარგად მესმის, რომ ეს თემა ძალიან სათუთია, მაგრამ ამ საკითხზე დუმილს გამართლება არა აქვს, რადგან ჩვენ გვერდით ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, ჩვენს შვილებს, ნათესავებს, ახლობლებს დევნიან ამ ნიშნით, აშანტაჟებენ და აიძულებენ აკეთონ ის, რაც მათ არ სურთ, ფიზიკურ და მორალურ შეურაცხყოფას აყენებენ მათ.

ჰომოფობია, როგორც მოვლენა, ემოციურად რიყავს და მარგინალიზაციას უკეთებს სექსუალურ უმცირესობას. ჰომოფობების ერთი ნაწილისათვის ჰომოფობია წარმოადგენს საკუთარ ლატენტურ ჰომოსექუალობასთან ბრძოლის ხერხს.

ჰომოფობიური სიძულვილი და მტრობა აიძულებს ჰომოსექსუალების ერთ ნაწილს, გამოსავალი ეძიონ ან საკუთარი ორიენტაციის გასაიდუმლოებაში და მიჩქმალვაში ანდა საკუთარი უფლებების დასაცავად გამართულ ექსტრავაგანტულ ბრძოლაში.

ქრისტიან თეოლოგებს შორისაც არ არის ერთგვაროვანი დამოკიდებულება ლგბტ ცხოვრების წესთან დაკავშირებით. ამ საკითხზე მსჯელობა ხშირად არა მარტო რელიგიური, არამედ სოციალური და პოლიტიკური პოლარიზაციის მიზეზი ხდება.

ერთი ნაწილი თეოლოგებისა თვლის, რომ როგორც საღმრთო წერილი, ისე საეკლესიო ტრადიცია (ეკლესიის მამები, კრებები) ცალსახად გმობენ ჰომოსექუალური ცხოვრების წესს და მას ცოდვად მოიაზრებენ.

თანამედროვე თეოლოგების მეორე ნაწილი თვლის, რომ ყველანაირი სექსუალური ურთიერთობის საფუძველი არის ორ ადამიანს შორის სიყვარული და, ამდენად, მათთვის სრულებით მისაღებია ერთგულებაზე და სიყვარულზე დაფუძნებული მონოგამიური ურთიერთობა. მათთვის ერთნაირად მიუღებელია როგორც ჰეტეროსექსუალური, ისე ჰომოსექსუალური აღვირახსნილობა.

ჯერჯერობით არ არსებობს საერთო აზრი თეოლოგიაში, რომელი დამოკიდებულებაა უფრო სწორი. ალბათ, კარგა ხანს არც მოხდება ამ ორი პოზიციის შეჯერება. მაგრამ ის, რაშიც ყველანი თანხმდებიან, ის არის, რომ ჰომოფობია უნდა ამოიძირკვოს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროდან - ოჯახიდან, სასწავლებლიდან, სამსახურიდან, ეკლესიიდან, მეჩეთიდან და სინაგოგიდან. ეს იმიტომ, რომ თავად ჰომოფობია, ანუ ადამიანის მიმართ ირაციონალური შიში, ზიზღი, სიძულივილი და დევნა, წარმოადგენს უმძიმეს ცოდვას.

ადამიანს აქვს უფლება თავისი აზრი ჰქონდეს ჰომოსექსუალებზე, გამომდინარე მისი კულტურიდან, აღზრდიდან, განათლებიდან თუ სხვა შეხედულებებიიდან, მაგრამ, თუ იგი რელიგიურია, მაშინ ის ვალდებულია უყვარდეს და არ სძულდეს ადამიანი. იუდეო-ქრისტიანულსა და ისლამურ ტრადიციაში ღმერთისა და ადამიანის სიყვარული სარწმუნოების საძირკველს წარმოადგენს.

ჰომოსექსუალი ისეთივე მოყვასია, როგორც ნებისმიერი სხვა ადამიანი და თუ ეს ასეა, ჩვენი სარწმუნოებრივი იმპერატივია მისი სიყვარული იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ჩვენთვის მიუღებელია მისი ცხოვრების წესი. ამ სიყვარულის გამო მორწმუნე ადამიანის რელიგიური მოვალეობაა დაიცვას და გამოესარჩლოს ადამიანს, რომელიც მსხვერპლია დისკრიმინაციისა, ფიზიკური და ემოციური შეურაცხყოფისა, რათა მისი უფლებები სრულად იყოს გათანასწორებული ჰეტეროსექსუალი ადამიანების უფლებებთან. მესმის, რომ ბევრი ჩვენთაგანისათვის ადვილი არ არის განსხვავებული ადამიანის მიღება და სიყვარული, თუნდაც ეს ჩვენი რელიგიიდან მომდინარე იმპერატივი იყოს. მაგრამ ამ ეტაპზე, სიყვარულს თუ ვერ შევძლებთ, სიძულვილისგან მაინც შევძლოთ გათავისუფლება და თავის შეკავება.

ჰომოსექსუალიც და ჰეტეროსექსუალიც ღვთის სახედ და ხატად არის შექმნილი, ორივენი ღვთის შვილები არიან, და ღმერთს ორივენი ერთნაირად უყვარს. ზოგი ვიბადებით ქალად, ზოგი კაცად, ზოგი ცაციად და ზოგი მარჯვენად, ზოგი შავკანიანად, ზოგი თეთრკანიანად, ზოგი ჰეტეროსექსუალად, ზოგი ჰომოსექსუალად, ზოგი ტრანსგენდერად. რად დავიბადებით, ამის არჩევანს ჩვენ არ ვაკეთებთ. ეს ყველაფერი ნაკლი კი არ არის კაცობრიობისა, არამედ ნიჭია ღმერთის მიერ ნაბოძვარი. ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა მოვიშველიოთ სულმნათი შოთა, რომლის მიხედვითაც ღმერთმა "ჩვენ კაცთა მოგვცა სამყარო, გვაქვს უთვალავის ფერითა". ჩვენს ცივილიზაციას დრო დასჭირდა, რომ მრავალფეროვნება გაეაზრებინა და დაეფასებინა. იყო დრო, როცა შავკანიანობაც ან ცოდვის შვილობად მოიაზრებოდა ანდა გამოუსწორებელ ნაკლად. საბედნიეროდ, ბევრგან ამ მხრივ აზრი კარგა ხანია შეიცვალა. სამწუხაროდ, ზოგიერთ საზოგადოებაში, სადაც შავკანიანები უმცირესობაში არიან, დღესაც ხდება მათი მარგინალიზაცია და დისკრიმინაცია. იგივე ხდება სხვა უმცირესობებთან მიმართებაშიც.

იესო ქრისტე ყველაზე მეტ ყურადღებას საზოგადოების მიერ მარგინალიზებულებსა და მოძულებულებს უთმობდა. იესო თანალმობისა და სიყვარულის უფალი იყო და არის.

ეფრემ ასური თავის პოეზიაში ხოტბას ასხამს არჩევანის თავისუფლებას, რომლის წყალობითაც ადამიანს აქვს შესაძლებლობა აირჩიოს: თანაგრძნობის მხარეზე იდგეს თუ არაადამიანურობის. იქნებ საქართველოშიც მოვიდა დრო, რომ ყველამ განსხვავებული ადამიანის მიმართ თანაგრძნობა ავირჩიოთ მეგზურად და საბოლოოდ გავემიჯნოთ არაადამიანურობას. თანაგრძნობა რომ ყოფილიყო ჩვენი მეგზური, ვინ მოსთვლის, რამდენ უბედურებას ავიცილებდით აქამდე თავიდან.

კარგი ამბავი ის არის, რომ დაგვიანებული არც როდის არ არის აზრის შეცვლა და საღი დამოკიდებულების არჩევა. იქნებ იმის დრო მოვიდა, რომ ბოლო მოვუღოთ ადამიანის დისკრიმინაციას სექსუალური ორიენტაციის გამო და გავთავისუფლდეთ ცრუ აზრებისაგან და ცრუ წარმოდგენებისგან.  

იქნებ იმის დროა, რომ ჩვენს საზოგადოებაში ამ საკითხზე იყოს გულწრფელი საუბარი, რათა ლგბტ თემის წარმომადგენლებმა თავი დაცულად და საზოგადოების სრულფასოვან წევრებად იგრძნონ.

ჩვენმა ქვეყანამ თავისი განვითარების დემოკრატიულ და თანამედროვე მიმართულებაზე გააკეთა არჩევანი. თანამედროვე დემოკრატიაში შეუძლებელია ადგილი ჰქონდეს ადამიანის დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნითა და ფორმით.

ჩვენ გვჭირდება გავთავისუფლდეთ ცრუ წარმოდგენებისგან ლგბტ თემის წევრების მიმართ. სრულებით საფუძველმოკლებულია იმის შიში, რომ ისინი საზოგადოებისთვის რამე საფრთხეს წარმოადგენენ. ასეთი დამოკიდებულება მიუღებელია. ეს სირცხვილია და სიბნელე", - აღნიშნავს მთავარეპისკოპოსი მალხაზ სონღულაშვილი. 

 

კომენტარები