რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები

ივანიშვილი: რომ არა სააკაშვილის შეცდომები, რუსეთს გაუჭირდებოდა აგრესიის განხორციელება

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერმინისტრმა რუსეთთან ურთიერთობაზე, აგვისტოს ომზე, ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საქართველოს საგარეოპოლიტიკურ ორიენტაციაზეც ისაუბრა.

”ყველას კარგად მოეხსენება, რომ ომის საშიშროება ჯერ კიდევ არსებობს, რადგან მცირე ქვეყნების წინააღმდეგ კვლავაც ხორციელდება აგრესია. ამის ნათელი მაგალითია ჩემი ქვეყანა, რომლის ტერიტორიის 20% 2008 წელს რუსეთის მიერ იქნა ოკუპირებული. სამწუხაროდ, კიდევ არსებობს კონფლიქტების საშიშროება ჩვენს რეგიონში. უნდა აღვნიშნო, რომ კავკასია ჯერ კიდევ არ არის მშვიდობის ზონა. ჩვენ განსაკუთრებული გამოწვევის წინაშე ვდგავართ. ჩვენ უნდა წარვმართოთ დიალოგი რუსეთთან, რომელიც ჩვენი ყველაზე დიდი მეზობელი სახელმწიფოა. ახალი პრაგმატული მიდგომით დავიწყეთ ორმხრივი დიალოგი რუსეთთან”, - განაცხადა ივანიშვილმა.

სიტყვით გამოსვლის შემდეგ, პოლონელმა დეპუტატმა ივანიშვილს კითხვა დაუსვა პუტინის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით 2008 წელს მომხდარ ეთნიკურ წმენდაზე: ”თქვენ არ გიყვართ თქვენი პრეზიდენტი სააკაშვილი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ თქვენ გიყვართ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი. ფიქრობთ, თუ არა, რომ პუტინი არის პასუხისმგებელი ეთნიკურ წმენდაზე, რომელიც 2008 წელს მოხდა, რა არის თქვენი გეგმები საქართველოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით და განსხვავდება თუ არა ის პრეზიდენტი სააკაშვილის ხედვისგან?”

ივანიშვილმა პასუხად განაცხადა, რომ სააკაშვილს აქვს თავისი შეცდომები ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით. ”ჩვენ პირველ რიგში საკუთარს უნდა მოვთხოვოთ და ვიზამთ კიდეც და ვახერხებთ ამას, რომ ხალხმა პირველ რიგში საკუთარ მთავრობას მოსთხოვოს პასუხი იმ შეცდომებზე, რაც მათ დაუშვეს. მე ვფიქრობ, რომ არა სააკაშვილის შეცდომები, რუსეთს გაუჭირდებოდა ასეთი დიდი აგრესიის განხორციელება. მე მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ვიყო კორექტული, ის რიტორიკა, რასაც თქვენ ახლა ახერხებთ და სააკაშვილის მსგავსი რიტორიკით გინდათ, რომ ამ პოლემიკაში გამოგყვეთ, მე ამის სურვილი არ გამაჩნია. ამ რიტორიკით მიიღო სააკაშვილმა ის, რაც მივიღეთ”, - განაცხადა ივანიშვილმა. მისი თქმით, ყველაფერს გააკეთებს საქართველოს ხელისუფლება, რომ კორექტულები იყვნენ გამონათქვამებში. პრემიერი ირწმუნება, რომ ”ჭეშმარიტად” მოახერხებენ ურთიერთობების დალაგებას ”დიდ მეზობელთან”.

პრემიერს ამ საკითხებთან დაკავშირებით კითხვა დაუსვა “ედინაია რასიას” წარმომადგენელმაც: ”საქართველო მიიჩნევს, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ეს საქართველოს ტერიტორიებია, აფხაზები და ოსები კი მიიჩნევენ, რომ ეს ტერიტორიები მათ ეკუთვნით ისტორიულად. მაგრამ ამაზე უფრო მნიშვნელოვანია, რომ აფხაზებს და ოსებს არ უნდათ საქართველოს შემადგენლობაში ყოფნა. სააკაშვილმა, რომელსაც ეს ყველაფერი კარგად ესმოდა, 2008 წლის აგვისტოში დაიწყო ომი სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ. ახალი ხელისუფლება ცდილობს ურთიერთობების აღდგენას რუსეთის ფედერაციასთან, მაგრამ როგორ ეთანხმება ერთმანეთს ურთიერთობის აღდგენის მცდელობა და ის განცხადება, რომელიც თქვენ გააკეთეთ, რომ ვერ შეეგუებით ტერიტორიების დაკარგვას? რუსეთმა ხომ აღიარა ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობა და მივიჩნევთ, რომ უკან დახევა არ მოხდება”.

საპასუხოდ ივანიშვილმა განაცხადა, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლების მხრიდანაც იყო ძალიან ბევრი შეცდომა დაშვებული აფხაზებთან და ოსებთან დამოკიდებულებაში. ”ორივე მხრიდან იყო ეს შეცდომები. არსებობს იარები. სჭირდება დრო ამ იარების მოშუშებას და დღეს ჩვენი მიზანია, რომ აღარ გავიმეოროთ მსგავსი და არ მოვახერხოთ და არც ვიფიქროთ, რომ ჩვენ შეგვიძლია ძალით მოვახერხოთ და დავალაგოთ ურთიერთობა ჩვენს ძმებთან. დღესაც ვიმეორებ, ყველა ჩემი გზავნილი სახალხო დიპლომატიით თუ სხვა საშუალებებით, როგორც მე ვახერხებ, ყოველთვის ვარწმუნებ, ჩვენს ძმებს ოსებს და აფხაზებს, რომ არ არსებობს მომავალში და თავში არ გავივლოთ ჩვენ ერთმანეთის ხელის ამოგრეხით და ძალით მოვახერხოთ ერთმანეთთან ურთიერთობების დალაგება. მხოლოდ მშვიდობით, მხოლოდ ძმობით, მხოლოდ მოთმინებით. ამისათვის, ჩემი აზრით, მთავარი გასაღები არსებობს, რომ საქართველოში პირველ რიგში უნდა აღორძინდეს ეკონომიკა, განვითარდეს დემოკრატიული ინსტიტუტები. საქართველო უნდა გახდეს საინტერესო ქვეყანა. საქართველო უნდა გახდეს საინტერესო ოსებისთვის, საინტერესო უნდა გახდეს აფხაზებისთვის, საინტერესო უნდა გახდეს ევროპისთვის, საინტერესო უნდა გახდეს რუსეთისთვის. ამას სჭირდება დრო, ამას სჭირდება სწორი თანმიმდევრული სვლები და მხოლოდ ამის შემდგომ ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ ისტორიულ პროცესებზე და ვის რისი სურვილი აქვს. დღევანდელ პირობებში, როდესაც უამრავი კითხვა არსებობს, ყველა მხრიდან სწორი დასკვნის გაკეთება ძალიან რთული იქნება. ჩვენი მიზანია, რომ ჩვენ გავხადოთ ჩვენი ქვეყანა ძალიან მიმზიდველი, დემოკრატიული ქვეყანა ავაშენოთ და ეკონომიკურად გავაძლიეროთ. გავხადოთ საინტერესო და აი, ამის შემდგომ შეიძლება პასუხი გაეცეს. მე ვარ დარწმუნებული , რომ ამის შემდეგ ჩვენი ძმები ოსები, აფხაზები გააცნობიერებენ, რომ ჩვენ მხოლოდ თბილად და ურთიერთმეგობრულად გავაერთიანებთ ქვეყანას”, - განაცხადა ივანიშვილმა.

სიტყვით გამოსვლისას პრემიერმა აღნიშნა, რომ რუსეთის საკითხზე საქართველოს ხელისუფლების პოზიცია იქნება კორექტული, მაგრამ პრინციპული. რუსეთთან ურთიერთობაში მისი სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა კი იმის დემონსტრირებაა, რომ მზად არიან ახალი ურთიერთობისთვის.

 ”ჩვენ ორივე მხარეს გვაქვს ჩვენი წითელი ხაზები, რომლის გადაკვეთას არ ვაპირებთ. 2010 წელს საქართველომ ცალმხრივად აიღო კონფლიქტების დარეგულირების პროცესში ძალის გამოუყენებლობის ვალდებულება, რაც 2013 წლის 7 მარტს გაამყარა საპარლამენტო რეზოლუციით. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ჩამოყალიბებული ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი ის ერთადერთი საერთაშორისო მექანიზმია, სადაც ქართველი და რუსი დიპლომატები ოფიციალურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ საერთაშორისო შუამავლების მონაწილეობით”, - განაცხადა ივანიშვილმა.

მან აღნიშნა, რომ, როგორც არასდროს, საქართველოს სჭირდება საერთაშორისო თანამეგობრობის, კერძოდ, ევროპელი პარტნიორების, მაქსიმალური ჩართულობა და მიზანმიმართული მხარდაჭერა. ”თბილისსა და მოსკოვს შორის დაწყებულმა დიალოგმა არ უნდა შექმნას შთაბეჭდილება, რომ საქართველო დამოუკიდებლად აგვარებს რუსეთთან ურთიერთობებს და აღარ საჭიროებს პარტნიორების მხარდაჭერას”, - განაცხადა საქართველოს პრემიერმა.

 მან განაცხადა, რომ ხელისუფლება რეალისტურად უყურებს საქართველოს შესაძლებლობებს. აღიარებს, რომ საქართველო არის მცირე რეგიონული ძალა ერთობ არასტაბილურ გარემოში. ”შეუძლებელია მდგრადი მომავლის აშენება სამხედრო ძალის დემონსტრირებით. მეორე მხრივ, შეუძლებელია რეგიონში მშვიდობის დამყარებაში წარმატების მიღწევა, თუ საქართველოსაგან მოელიან კანონიერი ინტერესების, განსაკუთრებით, ტერიტორიული მთლიანობისა და მოქალაქეების შინ დაბრუნების უფლების უგულებელყოფას”, - ამბობს ივანიშვილი.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს დასავლური ორიენტაცია - ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაცია - ქვეყნის სტრატეგიული და უალტერნატივო არჩევანია, რომელიც ქართველმა ხალხმა გააკეთა.

 ”საქართველოს გადაწყვეტილება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების მოთხოვნასთან დაკავშირებით, უპირველეს ყოვლისა, ასახავს დასავლური ღირებულებებისადმი ჩვენი ხალხის ერთგულებას, რაც კიდევ ერთხელ გამოჩნდა ცოტა ხნის წინ პარლამენტის მიერ ერთსულოვნად მიღებულ რეზოლუციაში საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებათა შესახებ”, - განაცხადა პრემიერმა.

 

 

კომენტარები