კინო

წლის ფოლადის ფილმები

2013 წლის ბლოკბასტერების სეზონი წინა წლებისგან ოდნავ გამორჩეული იქნება. ყველაზე აქტუალური თემა პოსტაპოკალიპტური დედამიწაა, შედარებით ნაკლებია სიქველი და უფრო მეტი ახალი პროექტი, რომელიც თქვენს ყურადღებას იმსახურებს. წარმოგიდგენთ ე.წ. ზაფხულის სეზონის ფილმებს, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ.

 

Upstream Color
(5 აპრილი)

რეჟისორი: შეინ კერატი. მთავარ როლებში: ენდრიუ სენსენიგი, შეინ კერატი, ემი სეიმეცი, ბრინა პალენსია.

რატომ უნდა ნახო?

იმიტომ, რომ ფილმს სანდენსის კინოფესტივალზე ძალიან კარგი გამოხმაურება მოჰყვა. სანდენსი კი საუკეთესო დამოუკიდებელი ამერიკული ფილმების თავშეყრის ადგილია. Upstream Color რეჟისორ შეინ კერატის პირველი ფილმია „პრაიმერის” შემდეგ. „პრაიმერი” საკულტო სამეცნიერო ფანტასტიკაა, რომელიც ერთდროულად ჟანრის ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი და, ამავდროულად, დაფასებული ნამუშევარია. თუ წინა ნამუშევარს გავითვალისწინებთ, ფილმის სინოფსისის მოყოლას დიდი აზრი არ აქვს, კერატს უყვარს გონებით მანიპულაცია და Upstream Color-ის ტრეილერით თუ ვიმსჯელებთ, არც ეს შემთხვევა იქნება გამონაკლისი. აუცილებლად ნახეთ იმედისმომცემი რეჟისორის ახალი ფილმი, რომლის ორწუთიანი ვიდეოც, სულ მცირე, მიმზიდველია.

ჯობსი
(19 აპრილი)

რეჟისორი: ჯოშუა მაიკლ სტერნი. მთავარ როლებში: ეშტონ კატჩერი, ჯოშ გადი, ჯეიმს ვუდსი.

რატომ უნდა ნახო?

ეს არის ფილმი სტივ ჯობსზე, ადამიანზე, რომლის სახელსაც კომპანია Apple და ყველა ის სუპერპოპულარული გამოგონება უკავშირდება, რომელსაც ყოველდღიურად ასე ხშირად ნახულობთ ხოლმე. ესაა ნამუშევარი ადამიანზე, რომელმაც რასაც ხელი მოკიდა, თითქმის ყველაფერი ოქროდ აქცია. რამდენად უხდება ეშტონ კატჩერი სტივ ჯობსის როლს, ამას თავად შეაფასებთ.

 

ობლივიონი
(12 აპრილი)

რეჟისორი: ჯოზეფ კოზინსკი. მთავარ როლებში: ტომ კრუზი, ოლგა კურილენკო, მორგან ფრიმენი, მელისა ლეო.

რატომ უნდა ნახო?

განადგურებული მომავლის დედამიწა წელს ჰოლივუდში აქტუალური თემა იქნება. სეზონს კი „ტრონის” რეჟისორის ახალი ფილმი „ობლივიონი” გახსნის. 2013 წელს უცხოპლანეტელებმა დედამიწას შეუტიეს, ომი ადამიანებმა მოიგეს, თუმცა პლანეტა საცხოვრებლად გამოუსადეგარი გახდა. ფილმში მოქმედება ომიდან 60 წლის შემდეგ ვითარდება, როდესაც ტომ კრუზის პერსონაჟი შემთხვევით აღმოაჩენს, რომ ისტორია, რომელიც მან თავის პლანეტაზე იცოდა, ტყუილია და რომ მას კონკრეტული ჯგუფი იყენებს. კოზინსკი ამბიციური ახალგაზრდაა, ვინც „ტრონის” სახით ვიზუალურად მშვენიერი ფილმი შექმნა. დროა, სიუჟეტზეც დაფიქრდეს. „ობლივიონი” მისი შანსია.

 

რკინის კაცი 3
(3 მაისი)

რეჟისორი: შეინ ბლექი. მთავარ როლებში: რობერტ დაუნი უმცროსი, დონ ჩიდლი, ბენ კინგსლი, გაი პირსი.

რატომ უნდა ნახო?

იმიტომ უნდა ნახოთ, რომ რკინის კაცის პირველი ორი ფილმი, კარგი პოპკორნ კინოა, სპეცეფექტებით დახუნძლული, უამრავი ექშენ სცენით და დიდი დოზით იუმორით. მართალია, მესამე ფილმის რეჟისორი ჯონ ფავრო აღარ არის, მაგრამ ტრეილერში ტონი სტარკი ისევ მოწოდების სიმაღლეზეა და, სავარაუდოდ, „რკინის კაცი 3-ის” სახით კარგი კომიქსის ეკრანიზაცია გელით.

 

დიდი გეტსბი
(10 მაისი)

რეჟისორი: ბაზ ლურმანი. მთავარ როლებში: ლეონარდო დი კაპრიო, ტობი მაგუაერი, ქერი მალიგანი, ჯოელ ეჯერტონი.

რატომ უნდა ნახო?

ფილმის სიუჟეტის გაცნობით თავს არ შეგაწყენთ. ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის ამავე სახელწოდების ნაწარმოები კლასიკაა, რომელიც ერთ-ერთ უდიდეს ამერიკულ წიგნად ითვლება. ლურმანმა იცის, როგორ გადაიღოს ლამაზი ფილმი, თუმცა ბოლო პერიოდში უჭირს ვიზუალს იქით რაიმე ღირებულის შექმნა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ნამუშევარი კანის წლევანდელ კინოფესტივალს გახსნის, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ „დიდი გეტსბი”, სულ ცოტა, საშინელი მაინც არ იქნება.


სტარ ტრეკი უკუნეთში
(17 მაისი)

რეჟისორი: ჯეი ჯეი აბრაამსი. მთავარ როლებში: კრის პაინი, ზაქარია ქუინტო, ბენედიქტ ქამბერბაჩი, ზოი სალდანა.

რატომ უნდა ნახო?

ჯეი ჯეი აბრაამსმა რამდენიმე წლის წინ სტარ ტრეკის ფრენჩაიზი გააცოცხლა და ახლა მის სხვა სიმაღლეზე აყვანას შეეცდება. ხომალდ ინტერპრაისის წევრებს, კაპიტან კირკის მეთაურობით, ახალ, ძლევამოსილ მტერთან მოუწევთ შეჭიდება. პროექტს აქვს ყველაფერი, რომ წარმატებული იყოს, რაც მთავარია, რეჟისორი ისევ ჯეი ჯეი აბრაამსია.

 

The Hangover 3
(24 მაისი)

რეჟისორი: ტოდ ფილიპსი. მთ. როლებში: ბრედლი კუპერი, ზაკ გალიფიანაკისი, ედ ჰელმსი.

რატომ უნდა ნახო?

უნდა ნახოთ იმიტომ, რომ პირველი ჰენგოვერი ძალიან კარგი კომედიაა, მეორეც არ გამოვიდა ცუდი და ტრილოგიის დასკვნითი ნაწილი თქვენს ყურადღებას იმსახურებს. ახალს და გამორჩეულს ბევრს არაფერს უნდა ელოდოთ, სამეგობრო ისევ საშინლად დათვრება და სავარაუდოდ, ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ ისევ ათას სისულელეს იზამს, რისი გამოსწორებაც მეორე დღეს მოუწევს. მთავარია, ეს ყველაფერი, წინა ფილმების მსგავსად, ისევ სასაცილო იყოს.

 

ახლა შენ მე მხედავ
(31 მაისი)

რეჟისორი: ლუის ლეტერიე. მთავარ როლებში: ჯესი ეიზენბერგი, მარკ რუფალო, მელანი ლორენი, ვუდი ჰარელსონი.

რატომ უნდა ნახო?

წარმოიდგინეთ ოთხი გენიალური ილუზიონისტი, რომელიც პირდაპირ ეთერში ათასობით მაყურებლის თვალწინ ბანკის საცავს გამოასუფთავებს და ფულს ხალხს დაურიგებს. პოლიცია ცდილობს ქურდები დაიჭიროს, მაგრამ მტკიცებულება არ გააჩნია, ამ დროს კი ილუზიონისტები ახალ, უფრო მასშტაბურ ფოკუსს გეგმავენ. ფილმის ტრეილერი ძალიან დამაინტრიგებელი იყო და ნამდვილად ღირს ამ ნამუშევრისთვის 90 წუთის დახარჯვა.

 

დედამიწის შემდეგ
(7 ივნისი)

რეჟისორი: მ. ნაით შიამალანი. მთავარ როლებში: უილ სმიტი, ჯეიდენ სმიტი.

რატომ უნდა ნახო?

დედამიწა დაიღუპა. კატაკლიზმებმა პლანეტაზე ცხოვრება შეუძლებელი გახადა, ამიტომ ადამიანებმა ახალი სახლი, ნოვა პრაიმი იპოვეს. თუმცა დედამიწაზე მისიით სხვადასხვა ჯგუფებს უშვებენ ხოლმე. ერთ ასეთ ჯგუფს უილ სმიტის გმირი ხელმძღვანელობს. ექსპედიციის ყველა წევრი ხომალდის დედამიწაზე დაშვებისას დაიღუპება და მხოლოდ უილ სმიტი და მისი შვილი გადარჩებიან. რეალურ ცხოვრებაში მამა-შვილი, ფილმშიც ანალოგიურ როლებს ასრულებენ. ამ ორს თავის გადარჩენა მოუწევს პლანეტაზე, რომელიც ადამიანებს აღარ ეკუთვნის. წლებია, კინოსამყარო მ. ნაით შიამალანის დაბრუნებას ელოდება და იქნებ სწორედ ეს პროექტი იქცეს „მეექვსე გრძნობის” რეჟისორის მეორე სიცოცხლედ.


ფოლადის ადამიანი
(14 ივნისი)

რეჟისორი: ზაკ სნაიდერი. მთავარ როლებში: ჰენრი ქევილი, ემი ადამსი, მაიკლ შენონი, ლოურენს ფიშბორნი.

რატომ უნდა ნახო?

სუპერმენი ბრუნდება! წლის, ალბათ, უმნიშვნელოვანესი ბლოკბასტერი იმიტომ კი არაა მნიშვნელოვანი, რომ ყველაზე პოპულარული კომიქსების პერსონაჟი კინოს უბრუნდება, არამედ იმიტომ, რომ პროექტზე ზაკ სნაიდერი, კრისტოფერ ნოლანი და დევიდ გოიერი მუშაობდნენ. სამი ადამიანი, რომელთა სახელსაც ორი უმთავრესი კინოკომიქსი, ბეტმენი და Watchmen უკავშირდება. ტრეილერით თუ ვიმსჯელებთ, მათ ერთად ჰარმონიულად იმუშავეს და სუპერმენს ღირსეული ფილმი ეღირსება. ეს ნაკლებად იქნება კინო სუპერმენზე, ეს იქნება ნამუშევარი ფოლადის ადამიანზე, რომელიც ნაბიჯნაბიჯ იქცა გმირად.

 

ეს აღსასრულია
(14 ივნისი)

რეჟისორი: სეტ როგენი, ევან გოლდბერგი. მთავარ როლებში: სეტ როგენი, ჯონა ჰილი, ჯეიმს ფრანკო, მაიკლ სერა, ჯეი ბარუშელი, კრეიგ რობინსონი, დენი მაქბრაიდი, ჯეისონ სიგელი.

რატომ უნდა ნახო?

იმიტომ, რომ ზემოთ ჩამოთვლილი მსახიობების გარდა, კიდევ არაერთი ცნობილი ჰოლივუდელი მიიღებს მონაწილეობას ფილმში, რომელიც დედამიწის აღსასრულზე მოგვითხრობს. ესაა ნამუშევარი მეგობრებზე, რომლებიც ერთმანეთის ფასს მხოლოდ ასეთ მძიმე სიტუაციაში მიხვდებიან. რაც მთავარია, ეს კომედიაა და ისეთი შემადგენლობაა თავმოყრილი, ძალიან უნდა მოინდომონ, რომ ვერ გაგაცინონ.

 

მონსტრების უნივერსიტეტი
(21 ივნისი)

რეჟისორი: დენ სკანლონი. მთავარ როლებში: ბილი კრისტალი, ჯონ გუდმენი, სტივ ბუშემი, შონ ჰეიესი.

რატომ უნდა ნახო?

წელს გაზაფხული-ზაფხულის სეზონზე არც ისე ბევრი საინტერესო ანიმაციური ფილმი გამოდის. მეტიც, „მონსტრებიც უნივერსიტეტი” ერთადერთია, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ. „პიქსარს” მცირე ჩავარდნა აქვს – „მანქანები 2” და „მამაცი” კრიტიკოსებმა და მაყურებელმა ისე თბილად არ მიიღო, როგორც სტუდიის წინა ნამუშევრები, ამიტომ „პიქსარი” ვალდებულია, სახელი და დიდება დაიბრუნოს და ამას „მონსტრების კორპორაციის” პრიქველით შეეცდება. მულტფილმი სალის და მაიკის კოლეჯისდროინდელ ისტორიაზე მოგვითხრობს, როდესაც ისინი მონსტრების კორპორაციაში მუშაობაზე მხოლოდ ოცნებობდნენ. „პიქსარის” მხრიდან ძალიან სარისკო ნაბიჯი იყო ამ პრიქველის გადაღება, XXI საუკუნის ერთ-ერთი საუკეთესო ანიმაციური ფილმის ცუდი პრიქველით გაფუჭება, კომპანიის სახელს დაღს დაასვამს.

 

მსოფლიო ომი Z
(21 ივნისი)

რეჟისორი: მარკ ფორსტერი. მთავარ როლებში: ბრედ პიტი, მეთიუ ფოქსი, ჯეიმს ბეჯ დეილი.

რატომ უნდა ნახო?

კიდევ ერთი ფილმი მომავლის დედამიწაზე, რომელიც უმძიმეს სიტუაციაშია. საშინელი ზომბი ეპიდემია ყველაფერს ანადგურებს – ხალხს, სახელმწიფოებს, არმიას. ბრედ პიტის პერსონაჟი კი, როგორც ასეთი ფილმების ტრადიციაა, ეძებს წამალს, რომელიც ყველას განკურნავს. „მსოფლიო ომი Z” რამდენიმე თვის წინ უნდა გამოსულიყო, მაგრამ პროდიუსერებს და კინოკომპანიას შორის კონფლიქტი მოხდა, დასასრული ბევრს არ მოეწონა და რამდენიმე ეპიზოდი თავიდან გადაიღეს. ეს, ალბათ, ფილმს დაღს დაასვამს. მთავარია, ძალიან არ დაამახინჯოს.

 

მარტოხელა რეინჯერი
(3 ივლისი)

რეჟისორი: გორ ვერბინსკი. მთავარ როლებში: ჯონი დეპი, არმი ჰამერი, ტომ უილკინსონი, ჰელენ ბონემ კარტერი.

რატომ უნდა ნახო?

გორ ვერბინსკი და ჯონი დეპი ერთად ცუდად არ მუშაობენ. „კარიბის ზღვის მეკობრეები” და „რანგო” კარგი გამოუვიდათ. ვერბინსკიმ ძალები ანიმაციურ ვესტერნშიც მოსინჯა და სათავგადასავლო ფენტეზიშიც. ამ ფილმში კი ამ ორ ჟანრს აერთიანებს და შეეცდება, საინტერესო ნამუშევარი შემოგთავაზოთ.


Pacific Rim
(12 ივლისი)

რეჟისორი: გილერმო დელ ტორო. მთავარ როლებში: ჩარლი ჰანამი, იდრის ელბა, რინკო კიკუჩი, რონ პერლმანი.

რატომ უნდა ნახო?

კიდევ ერთი ფილმი მომავალზე, რომელიც კარგს არაფერს გვიქადის. დედამიწას გიგანტური მონსტრები უტევენ, ადამიანებმა მათ წინააღმდეგ საბრძოლველად, უზარმაზარი მანქანები შემქნეს, რომლებსაც ორი პილოტი მართავს. სინოფსისი და ტრეილერი არაფრით გამორჩეულია, რიგითი ტრანსფორმერების მსგავსი, ცარიელი ფილმის შთაბეჭდილებას ტოვებს. თუმცა, არსებობს ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რატომაც ეს ნამუშევარი უნდა ნახოთ – გილერმო დელ ტორო. ამ ადამიანს ჯერ არასდროს გადაუღია ურიგო ფილმი და სხვა თუ არაფერი, მის პირველ ცუდ ნამუშევარს მაინც გაეცნობით.
 

ლურჯი ჟასმინი

(26 ივლისი)

რეჟისორი: ვუდი ალენი. მთავარ როლებში: ქეით ბლანშეტი, ალეკ ბოლდუინი, სალი ჰოკინსი, პიტერ სარსგაარდი.

რატომ უნდა ნახო?

უნდა ნახოთ იმიტომ, რომ ფილმის რეჟისორი ვუდი ალენია. ეს სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ კინოში წახვიდეთ.

 

სამურავი (The Wolverine)
(26 ივლისი)

რეჟისორი: ჯეიმს მენგოლდი. მთავარ როლებში: ჰიუ ჯეკმენი, ჰიროიუკი სანადა, ტაო ოკამოტო.

რატომ უნდა ნახო?

ლოგანი X men-ის ყველაზე პოპულარული პერსონაჟია, რომელიც კარგ საკუთარ ფილმს ვერ ეღირსა. ჯეიმს მენგოლდის რეჟისორის სავარძელში ხილვა კი იმედებს ბადებს, რომ ამ შემთხვევაში მაინც ეღირსება ვულვერინი კარგ ნამუშევარს. ფილმის სიუჟეტი იაპონიაში განვითარდება, სადაც უკვდავი პერსონაჟი სასიკვდილო იარაღს შეხვდება.

 

ელიზიუმი
(9 აგვისტო)

რეჟისორი: ნეილ ბლომკამპი. მთავარ როლებში: მეთ დეიმონი, ჯოდი ფოსტერი, შარლოტ ქოუფლი, ალისა ბრაგა, დიეგო ლუნა.

რატომ უნდა ნახო?

ნეილ ბლომკამპს ერთადერთი ფილმი აქვს გადაღებული – „მეცხრე რაიონი”. 2009 წელს არცერთი ფილმი ისეთი სასიამოვნოდ მოულოდნელი და ორიგინალური არ ყოფილა როგორც სამეცნიერო ფანტასტიკა/შავი კომედია უცხოპლანეტელებზე, რომლებიც აპარტეიდის რეჟიმის მსხვერპლნი არიან. რა მნიშვნელობა აქვს „ელიზიუმის” სიუჟეტს, მთავარია ბლომკამპის გადაღებულია, ეს იმედისმომცემი რეჟისორი კი ნამდვილად იმსახურებს თქვენს ყურადღებას.

კომენტარები