ბათუმის ინციდენტი

ღარიბაშვილი: რა ამბავიც ატეხეს, ეს არის სასაცილო და ჭიქაში ატეხილი ქარიშხალი

"მე არ ვიცი, რატომ ითხოვენ ჩემი თანამშრომლის ნარკოტესტზე შემოწმებას. როგორ მოგეწონებათ, მე რომ საია-ს თანამშრომლების ნარკოლოგიური შემოწმება მოვითხოვო. ალბათ გახსოვთ, რომ რამდენიმე თვის წინ მე ვიყავი ინიციატორი, წავედი და პირველმა ჩავაბარე ნარკოტესტი. იგივე გააკეთა უწყების ყველა თანამშრომელმა, მათ შორის - ვალერიან თელიამ. ასე რომ, მის მიმართ ატეხილი ამბავი არის ძალიან სასაცილო", - განუცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.
ღარიბაშვილი "სამარცხვინოს" უწოდებს ინფორმაციას, თითქოს აჭარის შინაგან საქმეთა სამმართველოს უფროსი ვალერი თელია საავადმყოფოში ნარკოლოგიური შემოწმებისგან თავის არიდების მიზნით მოხვდა. მან აღნიშნა, რომ სწორედ თელიას დამსახურებაა, რომ აჭარაში სიტუაცია სტაბილურია და უარყო ინფორმაცია, თითქოს იგი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
"მეც არ მომეწონა, რაც მოხდა, მაგრამ ის არის ადამიანი, ამასთან ის ატარებს პოლიციელის მუნდირს. ცალკე საკითხია, უნდა მომხდარიყო თუ არა ეს, მაგრამ რა ამბავიც ატეხეს, ეს არის სასაცილო და ჭიქაში ატეხილი ქარიშხალი", - აღნიშნა მინისტრმა. 
ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რატომ არ მოხვდა გენინსპექციის დასკვნაში დეტალი, რომ ვალერი თელიას მართვის მოწმობა არ ჰქონდა, მინისტრმა აღნიშნა:
"რატომ უნდა მოხვედრილიყო გენერალური ინსპექციის დასკვნაში, რომ თელიას მართვის მოწმობა არ ჰქონდა, ის ამის გამო დაისაჯა იმავე დღეს და დაჯარიმდა. ყველაფრის გამო არ შეიძლება პრობლემა შევქმნათ, მით უმეტეს, როდესაც ვითარება არის მკვეთრად გაუმჯობესებული".
შეგახსენებთ, რომ დღეს, საია-ს თავმჯდომარემ კახა კოჟორიძემ იმედი გამოთქვა, რომ ვალერიან თელია საავადმყოფოში მოთავსებით ნარკოლოგიური შემოწმებისთვის თავის არიდებას არ ცდილობს. 
"ვიდრე რაიმე სახის პრეპარატით მკურნალობა მოხდება, ანალიზის ნიმუშის გაკეთება იქამდეც შეიძლება. თუ ვინმე იმას იტყვის, რომ გარკვეული პრეპარატის გამოყენების გამო ანალიზი ვეღარ გაკეთდება, ეს იქნება არასწორი და არადამაჯერებელი ნაბიჯი. ვიმედოვნებ, ეს ასე არ მოხდება და ამგვარი რამ დაგეგმილი არ არის. ჩვენი ინფორმაციით, ვალერიან თელიას ნამდვილად აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, რის გამოც, ძალიან ვწუხვართ და მას მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ", - განაცხადა კოჟორიძემ სააგენტო ინტერპრესნიუსთან საუბარში. 

კომენტარები