ბათუმის ინციდენტი

ხიდაშელი: საიას მიერ თელიას გადაყენების მოთხოვნა ნაადრევია

საპარლამენტო უმრავლესობის და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გამგეობის წევრი თინა ხიდაშელი საიას მიერ ვალერი თელიას გადაყენების მოთხოვნას გამოეხმაურა. ხიდაშელის თქმით, მოთხოვნა ნაადრევია და ამ მოთხოვნის დაყენების აუცილებელი პირობა გამოძიების დასრულება უნდა იყოს. ამის შესახებ ხიდაშელი ინტერნეტ გამოცემა ნეტგაზეთს ესაუბრა. ხიდაშელის თქმით, არსებობს კითხვები და იმედია, რომ ამ კითხვებს პასუხს პროკურატურა გასცემს.

ხიდაშელის თქმით, ბათუმის ინციდენტის განხილვაში მას მონაწილეობა არ მიუღია, რადგან სახეზე ინტერესთა კონფლიქტი იქნებოდა.

"საიას გამგეობის წევრი ვარ, მაგრამ უფლებამოსილება ამ წუთას შეჩერებული მაქვს.  ამიტომ საკითხის განხილვაში არ მიმიღია ბუნებრივია მონაწილეობა. მითუმეტეს რომ ძალიან მკვეთრად გამოხატული ინტერესთა კონფლიქტი მაქვს და ამიტომ ასეთ დროს მე ვინარჩუნებ ყოველთვის იმ ეთიკის სტანდარტს, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია," განუცხადა ხიდაშელმა ნეტგაზეთს. 

გამოცემას ინციდენტის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის სხვა წევრებიც ესაუბრნენ. ირაკლი სესიაშვილის თქმით, გადაცდომას ორივე მხრიდან ჰქონდა ადგილი და ყველა მხარემ აქედან მწარე გაკვეთილი ისწავლა. ლევან ბერძენიშვილის აზრით, კი ინციდენტის დრამატიზება არ ღირს. მისი თქმით, მონაწილეები უკეთ გაერკვევიან არსებულ კონფლიქტურ სიტუაციაში. ბერძენიშვილის თქმით, კონკრეტული პოლიციელების გადაყენებით პოლიცია ვერ შეიცვლება და მხოლოდ თელია კი არა, "მთელი პოლიციური შემადგენლობა არის კითხვის ნიშნის ქვეშ, პრობლემა ყველა პოლიციელშია".

 

კომენტარები