სასამართლო რეფორმა

უსუფაშვილი: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მინიმუმ ორი წევრს პარლამენტი 2/3-ით აირჩევს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა საპარლამენტო უმცირესობასთან საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებული კონსულტაციების შემდეგ განაცხადა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მინიმუმ ორი წევრს პარლამენტი 2/3-ით აირჩევს. 
"თუმცა, ვენეციის კომისიის რეკომენდაციის თანახმად, საბჭოში ვაკანტური ადგილების დარჩენის შემთხვევაში წევრების არჩევა უნდა მოხდეს უბრალო უმრავლესობით - 76 ხმით. ჩვენ უფრო შორს მივდივართ და ვაწესებთ შეზღუდვას, რომ 6-დან, სულ მცირე, ორი წევრი არჩეული იყოს ხმათა ორი მესამედით და ეს ორი ადგილი ვაკანტური დარჩება მანამ, ვიდრე მათზე თანხმობა არ მიიღწევა", - განაცხადა უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში. 
უსუფაშვილი აცხადებს, რომ საბჭოს 15 წევრიდან უფლებამოსილება შეუწყდება 6 წევრს, რომელთაგან ოთხს პარლამენტი და ორს პრეზიდენტი ნიშნავს. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და კიდევ ერთი წევრი, რომელიც ახალი კანონმდებლობის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით,  ადგილებს შეინარჩუნებენ. მისივე ინფორმაციით, 7 მოსამართლეს უფლებამოსილება შეუწყდება, თუმცა, ისინი შეძლებენ მოსამართლეთა კონფერენციაზე თავიანთი კანდიდატურა ხელახლა დაასახელონ. 
"ჩვენი მოტივაციაა, რომ ისინი თანამდებობაზე დანიშნული იყვნენ ერთპიროვნულად, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინებით და ღია კენჭისყრით. ახლა კი ვამკვიდრებთ ფარულ კენჭისყრას, ხოლო კანდიდატების წარდგენის საშუალება მოსამართლეებს ექნებათ. უფლებამოსილება უწყდებათ თანამდებობის პირებსა და დროებითი ადმინისტრაციული კომიტეტის მიერ გამწესებულ პირებს. ჩვენ სრულად ვიცავთ კოტე კუბლაშვილთან მიღწეულ შეთანხმებას და ეს ნაწილი უცვლელად გავა პლენარულ სხდომაზე. ეს არის სრულ შესაბამისობაში უცხოელი ექსპერტების დასკვნასთან და საღ აზრთან, რათა სასამართლო გათავისუფლდეს ჩარევებისგან, მოსამართლეებს ჰქონდეთ გადაწყვეტილებების მიღების საშუალება, პროცესის დაბლოკვა კი არცერთ პოლიტიკურ ძალას არ შეეძლოს", - აღნიშნა უსუფაშვილმა. 
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ეს არ არის უმცირესობასთან შეთანხმებული მოდელი. მიუხედავად იმისა, რომ უმცირესობას განსხვავებული მოსაზრებები აქვს, პოლიტიკური კონსულტაციები ამ ეტაპზე დასრულებულია. 

კომენტარები