კინო

კინოთეატრები

ძალიან საშიში კინო 5

2013 წელი. აშშ. რეჟისორი: მალკოლმ დ. ლი. მთ. როლებში: ჩარლი შინი, ლინდსი ლოჰანი, ტერი ქრიუსი, ჯერი ოკონელი.

ბოლო წლების ყველაზე გახმაურებული და პოპულარული საშინელებათა ჟანრის ფილმების გაშარჟების მცდელობა. დაახლოებით ასე შეიძლება აღვწეროთ მალკოლმ ლის ნამუშევარი. ოდესღაც სასაცილო „ძალიან საშიშ კინოს” საშინელი გაგრძელებები მოჰყვა და, დიდი ალბათობით, ეს ფილმიც წარმოუდგენლად ცუდი იქნება.

 

ობლივიონი

2013 წელი. რეჟისორი: ჯოზეფ კოზინსკი. მთ. როლებში: ტომ კრუზი, ოლგა კურილენკო, მორგან ფრიმენი, მელისა ლეო.

განადგურებული მომავლის დედამიწა წელს ჰოლივუდში აქტუალური თემა იქნება. სეზონს კი „ტრონის” რეჟისორის ახალი ფილმი „ობლივიონი” გახსნის. 2013 წელს უცხოპლანეტელებმა დედამიწას შეუტიეს, ომი ადამიანებმა მოიგეს, თუმცა პლანეტა საცხოვრებლად ფაქტობრივად გამოუსადეგარი გახდა. ფილმში მოქმედება ომიდან 60 წლის შემდეგ ვითარდება, როდესაც ტომ კრუზის პერსონაჟი შემთხვევით აღმოაჩენს, რომ ისტორია, რომელიც მან თავის პლანეტაზე იცოდა, ტყუილია და რომ მას კონკრეტული ჯგუფი იყენებს. კოზინსკი ამბიციური ახალგაზრდაა, რომელმაც „ტრონის” სახით ვიზუალურად მშვენიერი ფილმი შექმნა, დროა სიუჟეტზეც დაფიქრდეს. „ობლივიონი” მისი შანსია.

 

ტრანსი

2013 წელი. დიდი ბრიტანეთი. რეჟისორი: დენი ბოილი. მთ. როლებში: ჯეიმს მაქევოი, როზარიო დოუსონი, ვენსან კასელი, დენი საპანი.

აუქციონერი საიმონი კრიმინალურ ბანდასთან შეთანხმებას დადებს. მათ ერთად უნდა მოიპარონ ნახატი, რომლის ღირებულებაც რამდენიმე მილიონი დოლარია. ძარცვა ისე არ წარიმართება, როგორც ეს საიმონს სურდა. მას შემთხვევით თავში საგანი მოხვდება და აუქციონერს დაავიწყდება როგორ მოიპარა ნახატი და, რაც ყველაზე მთავარია, სად დამალა ის.

დენი ბოილისგან ყოველთვის საინტერესო პროექტს უნდა ველოდოთ და იმედია, არც „ტრანსი” იქნება გამონაკლისი.

 

კომენტარები