სასამართლო რეფორმა

წულუკიანი მოსამართლეებს: თქვენი გადაწყვეტილებების კითხვაში გავატარე სტრასბურგში მთელი 10 წელი

დღეს, 16 მარტს, საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანი მოსამართლეთა კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მინისტრმა ვრცლად ისაუბრა ქართულ მართლმსაჯულებაში დაგროვილ პრობლემებზე. 
"ეს შეხვედრა ჩემთვის არის ისტორიული იმიტომ, რომ ჩვენი ხელისუფლება თავს მიიჩნევს იმ ხელისუფლებად, რომლის ხელშიც საქართველოში შეიძლება თქვენი სახით ერთხელ და სამუდამოდ ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო. ჩვენ ეს ამბიცია გვაქვს და ეს შეხვედრა მჭირდება იმისთვის, რომ ეს გითხრათ პირისპირ და არა ეკრანიდან და დავრწმუნდე იმაში, რომ თქვენც იგივე ამბიცია გაგაჩნიათ", - განაცხადა წულუკიანმა.
მინისტრის თქმით, წინა ხელისუფლების პრობლემა პრეზიდენტი ან რომელიმე მინისტრი არ ყოფილა; პრობლემა იყო პროკურატურა და სასამართლო, რომლებიც "რეალურად არასამართლიან კავშირში იყო ერთმანეთთან". აქვე წულუკიანმა აღნიშნა, რომ გასულ წლებში სასამართლოს მიერ გამოტანილი უკანონო და უსამართლო გადაწყვეტილებები უფრო პროკურატურის ბრალი იყო, ვიდრე სასამართლოსი. მინისტრის თქმით,  ოქტომბრის არჩევნების  შემდეგ მან და მთავარმა პროკურორმა  მკაცრი გაფრთხილება მისცეს პროკურორებს, რომ მოსამართლეთა "ღირსების ხელყოფა" შეეწყვიტათ.
"თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებსაც საქართველოს და შესაბამისად ხალხის სახელით გამოგაქვთ გადაწყვეტილებები და თქვენი გადაწყვეტილებების კითხვაში გავატარე სტრასბურგში მთელი ათი წელი. არსებობს გირგვლიანის განაჩენი და ამის შესახებ თქვა სტრასბურგის სასამართლომ, რომ ქართული სასამართლო შეეკრა პროკურატურას, პრეზიდენტს, სასჯელაღსრულების სამინისტროს და ყველამ პირი შეკრა, რომ ამ საქმეზე მართლმსაჯულება არ განხორციელებულიყო. გირგვლიანის განაჩენი არის ქართული მართლმსაჯულების განაჩენი. არსებობს გვანცა ყუფარაძის განაჩენი. ეს ყველაფერი არსებობს. ჩვენ ამის აღიარებით უნდა დავიწყოთ და შემდეგ ერთად ვიფიქროთ, როგორ გამოვასწოროთ ეს. ყუფარაძის განაჩენი ეს არ არის მხოლოდ თქვენი პრობლემა და იმ ერთი მოსამართლის პრობლემა, რომელმაც გადაწყვეტილება მიიღო. ეს ქვეყნის პრობლემაა და ყველა მომავალი 15 წლის გოგონას პრობლემა. სწორედ ამისთვის ვართ დღეს აქ", - აღნიშნა წყლულიანმა.
მინისტრის განმარტებით ბევრი შეცდომა იყო დაშვებული მართლმსაჯულების სფეროში და ერთადერთი მექანიზმი ამ შეცდომების გამოსწორების, მისი თქმით, არის   მართლმსაჯულების ხარვეზების შემსწავლელი კომისიის შექმნა. კომისიის შექმნის აუცილებლობას წულუკიანი იმით ხსნის, რომ  ქვეყანაში არ უნდა შეიქმნას პარალელური მართლმსაჯულების სტრუქტურა და ისევ მოსამართლეს უნდა მიეცეს საშუალება წარსულში მომხდარი სასამართლოს შეცდომა გამოასწოროს. 
"ეს კომისია მარტო იმას არ მოემსახურება, რაც კანონში წერია. ეს კომისია სასამართლოსთან ერთად შექმნის იმ დიდ სამართლებრივ პრაქტიკას და კულტურას, რომელიც საქართველოს სჭირდება იმისთვის, რომ მომავალში მომხდარი სასამართლო შეცდომების გამოსწორების სამართლებრივი სრულყოფილი მექანიზმი არსებობდეს. ყველა ქვეყანაში შეიძლება მოხდეს სასამართლო შეცდომა, მაგრამ ეს უნდა იყოს გამონაკლისი და არა წესი. დღეს ჩვენ გვაქვს ათეულ ათასობით საჩივარი, რომ მოხდა სასამართლო შეცდომა. ამას სჭირდება შესწავლა. ათეულ ათასობით სარჩელიდან თუნდაც 20-30 შემთხვევა თუ მოიტანს შედეგს კომისიის წინაშე და საქმე თავიდან გაიხსნება, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ის პრეტენზიები, რაც ჰქონდა მოქალაქეებს, ყოფილა სამართლიანი და ეს პრეტენზია იყო, რომ მოსამართლე არ იყო თავისუფალი. დღეს თქვენ ხართ პროკურატურისგან თავისუფალი. ნებისმიერი პროკურორი, რომელიც გაბედავს კოჭლი საქმეები მოიტანოს თქვენამდე და გაბედავს, თქვენზე ზეწოლა ან ზეგავლენა შეეცადოს, იქნება მკაცრად დასჯილი", - მიმართა წულუკიანმა მოსამართლეებს.
პროკურატურის გავლენისგან გათავისუფლების პარალელურად საქართველოს იუსტიციის მინისტრმა  განმარტა, რომ მოსამართლეებს  კანონის კონტროლისგან გათავისუფლებაც სჭირდებათ. ამ მხრივ წულუკიანი, სასჯელების შეფარდების საკითხში "ფართო პალიტრას" დაპირდა მოსამართლეებს. 
წულუკიანი სასამართლო ხელმძღვანელობისგან მოსამართლეებზე კონტროლის საკითხსაც შეეხო.  
"რა თქმა უნდა, ხელმძღვანელობა მართლმსაჯულებას უნდა აკონტროლებდეს, მაგრამ მას უნდა ჰქონდეს ის როლი და არც ერთი გრამით მეტი, რაც უნდა ჰქონდეს ხელმძღვანელობას. დღეს დადგა დრო, რიგით მოსამართლეს ჰქონდეს თავისუფალი სიტყვა მართლმსაჯულების პროცესში. ჩემ სიტყვებს უკან სდევს ის, რასაც ვამბობ და არა ხელისუფლებაში 50 წლით გამაგრების სურვილი", - აღნიშნა წულუკიანმა.
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა მართლმსაჯულების რეფორმის კიდევ ერთი ასპექტი დაანონსა მოსამართლეებთან შეხვედრაზე - იუსტიციის უმაღლესი სკოლის გარდაქმნა. წულუკიანი კმაყოფილია, რომ არჩევნების შემდეგ იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორმა, დავით სააკაშვილმა, პრეზიდენტის ძმამ თანამდებობა დატოვა.  
"ადრე როცა ბავშვებს და სტუდენტებს ეკითხებოდნენ, ვინ უნდოდათ გამოსულიყვნენ, პირველ რიგში პასუხობდნენ, რომ სურდათ მოსამართლეები გამხდარიყვნენ. დღეს ეს სამწუხაროდ, ასე არ არის და ჩემი მიზანია, რომ ისევ ასე იყოს და ამაში სკოლამ უნდა ითამაშოს წამახალისებელი როლი. როგორც იცით, სკოლის დირექტორი არჩევნების შემდეგ გადადგა. მე მის საქმიანობას არ ვიცნობ, თუმცა ვიცი, რომ სკოლა შავ დღეშია. რატომ არის დირექტორის გადადგომა კარგი ამბავი? თუნდაც იმიტომ, რომ გარეგნული მხარე ბევრს ნიშნავს და პრეზიდენტის ძმა არ უნდა იყოს მოსამართლეთა მჭედელი. სკოლას უფრო ძლიერი რეფორმა სჭირდება და ამას თქვენთან ერთად შევიმუშავებ", - განაცხადა წულუკიანმა.

კომენტარები