რომის პაპი

მიხეილ სააკაშვილმა რომის ახალ პაპს მიმართა

პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავისი სოციალური გვერდით, რომის ახალ პონტიფექსს, პაპ ფრანცისკეს და მთელ კათოლიკურ სამყაროს მიმართავს. საქართველოს პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ვატიკანისა და საქართველოს ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება და მრავალფეროვანი გახდება, სააკაშვილს იმედი აქვს, რომ ვატიკანი ისეთივე მტკიცე და თანმიმდევრული იქნება საქართველოსთან ურთიერთობისას, როგორც ეს საუკუნეების განმავლობაში და დამოუკიდებლობის აღდგენის წლებში იყო.

"თქვენო უწმინდესობავ, მრავალეთნიკური და მრავალკონფესიური საქართველოს სახელით, თქვენ და მთელ კათოლიკურ სამყაროს ამ უმნიშვნელოვანეს დღეს გილოცავთ. გვჯერა, რომ ამიერიდან, საქართველოსა და ვატიკანის ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება და მრავალფეროვანი გახდება, კათოლიკურ თემს კი საქართველოში ახალი ძალა შეემატება.

განუზომელია კათოლიკური თემის წვლილი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. თითოეული მათგანი ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილია და აქ მათ ყოველთვის უდიდესი პატივისცემით ეპყრობოდნენ. ეს თემი საუკუნეების განმავლობაში იღვწოდა ქართული სახელმწიფოს სულიერი და კულტურული სიმდიდრის შესაქმნელად და არაერთი ბრწყინვალე ახალგაზრდა საზოგადო მოღვაწე, მეცნიერი და ხელოვანი გამოზარდა. მწამს, რომ თქვენ, როგორც ვატიკანის სახელმწიფოს მეთაური და კათოლიკეთა სულიერი მწყემსი, ისეთივე სიყვარულით განაგრძობთ საქართველოსთან ურთიერთობას, როგორც არაერთი თქვენი წინამორბედი", - წერს პრეზიდენტი სააკაშვილი.

შეგახსენებთ რომ პაპ ბენედიქტე XVI-ს გადადგომის შემდეგ, 13 მარტს კარდინალების უმრავლესობის არჩევის შედეგად, კათოლიკე ეკლესიას ახალი პაპი ფრანცისკე ჰყავს.

 

 

 

 

კომენტარები