რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: კარასინი-აბაშიძის შეხვედრა კონსტრუქციული იყო

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილე გრიგორი კარასინისა და რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის შეხვედრის თაობაზე ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. შეხვედრა, 1 მარტს, პრაღაში გაიმართა.

 „მთლიანობაში შეხვედრა კონსტრუქციული იყო და მთელ რიგ პრაქტიკულ საკითხებში წინ წავიწიეთ. განვიხილეთ რეგულარული ავიაგადაზიდვების საკითხი, ასევე, შევთანხმდით ინტენსიურ რეჟიმში ვისაუბროთ ზემო ლარსი-ყაზბეგის საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებულ პრობლემებზე. ცალკე განვიხილეთ ჰუმანიტარულ სფეროში თანამშრომლობის საკითხები და არსებული სავიზო რეჟიმის გამარტივების პერსპექტივა. გამოითქვა ორმხრივი დაინტერესება, ურთიერთობები გაღრმავდეს მეცნიერებისა და ჯანდაცვის სფეროებშიც. მხარეებმა შეთანხმებას 2014 წელს სოჭში გასამართი ოლიმპიადის შესახებაც მიაღწიეს. კერძოდ გადაწყდა, რომ ოლიმპიადასთან დაკავშირებულ საკითხებს ორი ქვეყნის ოლიმპიური კომიტეტები განიხილავენ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

 რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე, რუსეთ-საქართველოს თანამშრომლობის შედეგად, მთელ რიგ სფეროებში პოზიტიური ძვრები შეინიშნება. განცხადებაში ჩამოთვლილია ყველა ის შეხვედრა, რომელიც ბოლო პერიოდში გაიმართა: რუსეთში - პრეზიდენტ პუტინის და საქართველოს პატრიარქის, დავოსში - რუსეთის პრემიერის დმიტრი მედვედევის და საქართველოს პრემიერის ბიძინა ივანიშვილის, სტრასბურგში - საქართველოს და რუსეთის უმრავლესობის წევრების. განცხადებაში აღნიშნულია ისიც, რომ თებერვლის ბოლოს საქართველოში რუსი ექსპერტების ჯგუფი ჩამოვიდა, რომელმაც ღვინის და მინერალური წყლების ექსპორტის განახლებისთვის აუცილებელი პირობების შესწავლა დაიწყო. „ამ შეხვედრებმა შექმნა ის პოზიტიური ატმოსფერო, რომელიც აუცილებელია ცალკეულ სფეროებში პრაქტიკული გადაწყვეტილებების მისაღებად“, - აღნიშნულია განცხადებაში.

 როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის განცხადებაში აღნიშნავს, შეხვედრების მოცემული ფორმატი არ ითვალისწინებს ისეთი საკითხების განხილვას, რაც ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატით განიხილება. „[ჟენევის მოლაპარაკებები] თავიანთ აქტუალობას ინარჩუნებენ. ეს უმნიშვნელოვანესი ფორუმია იმ თვალსაზრისით, რომ ამ რეგიონში პროგნოზირებადი სიტუაცია იყოს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

 შემდეგი შეხვედრა მაისის ბოლოს-ივნისის დასაწყისში იგეგმება.

კომენტარები