საზოგადოება

მაკლუენის გაკვეთილები

15 თებერვლის საღამოს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ტრადიციული საპარასკევო გადაცემა -“წითელი ზონის“ თემას საქართველოში სომხური წარმომავლობის მოქალაქეთა მიმართ არსებული დამოკიდებულება წარმოადგენდა. გადაცემის ავტორმა გოგი გვახარიამ და მისმა სტუმარმა, ცნობილმა ფოტოხელოვანმა იური მეჩიტოვმა ისაუბრეს იმ კულტურულ, სოციალურსა თუ სხვა ფაქტორებზე, რომლებმაც, მათი აზრით, ცალსახად განაპირობეს ქართველების მხრივ სომხებისადმი ფობია და ქედმაღლური დამოკიდებულება.

დიალოგის ერთგვარ კულმინაციად იქცა 1980-ანი წლების მიწურულს საქართველოში მომძლავრებული ნაციონალური მოძრაობის გამოკვეთილი ლიდერის, ზვიად გამსახურდიას რიტორიკის ანალიზი ეთნიკურ უმცირესობებთან მიმართებაში. იური მეჩიტოვმა გაიხსენა კიდეც გამსახურდიას ერთერთ მიტინგზე დასწრებისას მიღებული შთაბეჭდილებები და გვამცნო, რომ თავს გრძნობდა როგორც „ბერლინში მყოფი ებრაელი ბროლის ღამის დროს“. თუმცა, ბატონი მეჩიტოვის თქმით, გამსახურდიას სიტყვებზე მეტად მასზე შთაბეჭდილება მიტინგზე დამსწრე ხალხის „თვალებმა“ და საერთოდ, მოსმენილზე რეაგირებამ მოახდინა: „ხალხი ისრუტავდა ამ ყველაფერს, საწამლავი იყო რეალურად. ჩვენ ხომ მერე გადავვარდით ამ ეთნოკონფლიქტებში.“ ამის შემდეგ მაყურებელმა იხილა 1988 წელს გადაღებული დოკუმენტური ფირი, სადაც ერთერთ მიტინგზე გამოსვლისას ზვიად გამსახურდია საუბრობს მარნეულის რაიონში არსებული ვითარების შესახებ. გადაცემის კონტექსტიდან გამომდინარე მოსალოდნელი იყო, რომ კადრებში გამსახურდიას მხრიდან გაისმებოდა რაიმე სახის ქსენოფობიური გამონათქვამები. თუმცა, ყველაზე მეტი რასაც გამსახურდია იქ ამბობს, ესაა მოთხოვნა, რომ მარნეულში შეიცვალოს პარტიული ხელმძღვანელობა, „პრივილეგია მიეცეს ქართველებს“, და რომ ქართული ენა იქცეს „ერთაშორის ენად მარნეულის რაიონში და მთელს საქართველოში.“ ცხადია, დღევანდელი გადასახედიდან რაიონული ხელმძღვანელობის ეთნიკური პრინციპით არჩევისკენ მოწოდება ერთობ არადემოკრატიულად მოჩანს, მაგრამ იმ მომენტისთვის არსებული პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე (სსრკ-ს გარდუვალი დეზინტეგრაციის კვალობაზე საქართველოს რიგ რეგიონში სეპარატისტული კერების მომძლავრების ხიფათი) საკითხავია, თუ რამდენად არის შესაძლებელი მსგავსი განცხადებების ქსენოფობიისა და შოვინიზმის გამოვლინებად მიჩნევა. მეტიც: გავრცელებული აზრისდა საწინაამღდეგოდ, პრაქტიკულად არ არსებობს არცერთი აუდიო თუ ვიდეოჩანაწერი, რომელიც დოკუმენტურად დაადასტურებდა ზვიად გამსახურდიას მხრიდან რაიმე მკვეთრად ქსენოფობიურ განცხადებებს. (ასეთების არსებობის შემთხვევაში, „წითელი ზონის“ ავტორები უსათუოდ მოიპოვებდნენ მათ და გამოიყენებდნენ გადაცემაში). ყბადაღებული გამოთქმა „საქართველო ქართველებისთვის“, რომლის ავტორიც თითქოსდა ზვიად გამსახურდია უნდა ყოფილიყო, მის იდეოლოგიურ, თუ პოლიტიკურ მოწინაამღდეგეთა ინტერპრეტაციის საგნად რჩება. აკი, მოიშველია კიდეც ეს ციტატა დიმიტრი მედვედევმა რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების გასამართლებლად.

კიდევ უფრო საინტერესოდ განვითარდა ხსენებული ტელეგადაცემა „გამსახურდიას საკითხის“ ამოწურვის შემდეგ. წამყვანმა გოგი გვახარიამ გამოთქვა მოსაზრება, რომ აჟამადაც, და - ინტელექტუალებსაც კი, „წამოცდებათ ხოლმე ანტისომხური განცხადებები“, რის დასტურად მან რობერტ სტურუას ცნობილი გამონათქვამი მოიტანა. ამაზე იური მეჩიტოვმა უპასუხა, რომ ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ ნაციონალიზმი და შოვინიზმი: ნაციონალიზმი ჯანსაღი თვისებაა და ერის „თვითგადარჩენას“ ემსახურება. „ესე იგი, შენ ამართლებ სტურუას განცხადებას?“, ჩაეკითხა სტუმარს გოგი გვახარია. „სტურუას განცხადება აბსოლუტურად ნორმალური იყო, უპასუხა იური მეჩიტოვმა. სტურუას არ შეიძლება დააბრალო, რომ ის არის არმენოფობი ან რაღაცა ფობი. ისეთი სპეციალობა, რომელსაც სტურუა ფლობს, როდესაც ადამიანის ფსიქოლოგიის მასივებს ამუშავებს, „მაკბეტს“ დგამს, ლაპარაკი იმაზე, რომ მას ვიღაც ერი არ მოსწონდეს, აგორებულია.“

ჯამში მივიღეთ პარადოქსული სიტუაცია: ზვიად გამსახურდია, რომლის არცერთ საჯარო გამოსვლაში არ აღინიშნება სხვა ეროვნებებისადმი რაიმე დამამცირებელი გამონათქვამი - ქსენოფობად მოინათლა, ხოლო რობერტ სტურუა, რომელსაც ქვეყნის პრეზიდენტის „გასომხებით“ მისი დამცირება ჰქონდა განზრახული - უმწიკვლო ჰუმანისტად.

თუმცა, ამ ყოველივეს ახსნა გოგი გვხარიასა თუ იური მეჩიტოვის ტენდენციურობით, საკითხის გამარტივებას მოემსახურებოდა. ეჭვგარეშეა, რომ საკომუნიკაციო ხელოვნების ფორმა, მედიასივრცის „მოთვინიერების“ მექანიზმი, როგორც გამსახურდიას ხანაში, ასევე დღესაც პრობლემურ მონაცემად რჩება ქართველი საზოგადო მოღვაწეებისთვის. ცივილიზებულ სამყაროში პოლიტიკური კომუნიკაციების სფერო კარგა ხანია სამეცნიერო შესწავლის, ანალიზის, საგანგებო მეთოდებისა და მიდგომების სივრცედ იქცა. საკაბელო ტელევიზიის პირობებში არსებული ხელმისაწვდომობიდან გამომდინარე, დასავლურ საინფორმაციო არხებზე თუნდაც ზედაპირული თვალის შევლება ცხადყოფს იმ გარემოებას, რომ სამამულო ტელესივრცეში გაბატონებული პოლიტიკური რიტორიკის მყვირალა და ეგზალტირებული ფორმა სრულ წინაამღდეგობაშია დასავლურ სტილისტიკასთან. ტელევიზია ხომ ის მედიუმია, სადაც გარეგნული მხარე ხშირად გადაწონის ხოლმე შინაარსობრივს და სადაც პოლიტიკური გზავნილის აღქმა უფრო ემოციურ საწყისს ექვემდებარება, ვიდრე ინტელექტუალურსა თუ რაციონალურს. ამიტომაც, დასავლეთში დამწყები პოლიტიკოსებიც კი ითვალისწინებენ იმ მეთოდიკას, რომელიც წინასწარვე განსაზღვრავს ამომრჩეველთან ურთიერთობის ოპტიმალურ ფორმას. ამ მხრივ დღესაც აქტუალურია კანადელი ფილოსოფოსის, მარშალ მაკლუენის სწავლება. კაცის, რომელმაც პირველმა გააანალიზა ელექტრონული მედია და დასაბამი დაუდო „მაკლუენიზმს“, მასობრივი კომუნიკაციების შესწავლის ახლებრივ მიმდინარეობას.

მაკლუენის ერთერთიძირითადი იდეა ის არის, რომ ცალკეული ელექტრონული მედიუმი გავლენას ახდენს საზოგადოებრივ პროცესზე არა მისი საშუალებით მიწოდებული გზავნილის წყალობით, არამედ თავისი სპეციფიური მახასიათებლებით. „ნამდვილი მესიჯი - თვით მედიუმია, რადგან მედიუმის მიერ ცალკეულ ადამიანსა თუ მთლიანად საზოგადოებაზე მოხდენილი ეფექტი დამოკიდებულია იმ მორიგ ზღვარზე, რომელსაც ესა თუ ის ახალი ტექნოლოგია გვთავაზობს“, ამბობდა მაკლუენი. შესაბამისად, თუკი გზავნილის მატარებელი თავად მედიუმია („medium is the message”), და არა ამა თუ იმ მედიუმის შუამავლობით გადმოცემული გზავნილი, მსგავსი თეორია შეიძლება მიესადაგებოდეს პოლიტიკური კომუნიკაციების სფეროსაც, ხოლო მოქმედი პოლიტიკოსის ინტერესებშია მოახდინოს საკუთარი საკომუნიკაციო ტექნიკის ადაპტირება მედია სივრცისადმი. ამ მხრივ, მაკლუენი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა ტელევიზიას და მიიჩნევდა, რომ პოლიტიკოსი - რომელი პარტიიდანაც არ უნდა ყოფილიყო და რა მიზნებიც არ უნდა დაესახა, არნახულ წარმატებას მიაღწევდა, თუკი ზუსტად ჩაწვდებოდა ტელევიზიის არსს. ფილოსოფოსის აზრით ელექტრონული მედიის საბაზისო თვისება ის არის, რომ „ისინი (ანუ, ელექტრონულ მედიუმთა კრებული) დაუნდობლად ცვლიან გრძნობათა თანაფარდობას და ამრიგად გარდაქმნიან ხოლმე ჩვენს ღირებულებებსა და ფასეულობებს.“ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მაკლუენი ხაზს უსვამდა ტელევიზიის ემოციურ საწყისს, დანახულის მყისიერ ეფექტს, გარეგნული მხარის უპირატესობას შინაარსობრივზე (style over substance) და ეს ყოველივე, მისი თქმით, იმთავითვე ხელს უწყობდა ქარიზმატული, მკაფიო იდენტობის მქონე პოლიტიკოსის აღზევებას.

ამ კონტექსტში მაკლუენს მოჰყავს პირველი „სატელევიზიო“ პრეზიდენტის - კენედის მაგალითი, რომელმაც მოწინავე ამერიკელი პოლიტიკოსებიდან პირველმა შეიგრძნო სატელევიზიო იკონოსკოპის დინამიკა და ქმედითი ძალა. მაკლუენი ამბობდა, რომ ვინაიდან კენედის პერსონას ახასიათებდა ერთგვარი ძალდაუტანლობა (coolness) და გამომდინარე პირადი სიმდიდრიდან, ძალაუფლებისადმი (ალბათ მოჩვენებითი) ინდეფერენტულობა, მან ტელევიზიისადმი სრული ადაპტირება მოახერხა: „თუკი პოლიტიკოსს არ გააჩნია მსგავსი ძალდაუტანებელი და თვითდაჯერებული ქცევის მანერა, რომელიც მაყურებელში თანამონაწილეობისა და თვითიდენტიფიცირების სურვილს აღძრავს, ეს პოლიტიკოსი რისკავს უბრალოდ გამეხებული შერჩეს ტელეეკრანზე - ისე, როგორც ეს რიჩარდ ნიქსონს დაემართა 1960 წლის კატასტროფიული დებატისას კენედის წინაამღდეგ.“ შესაბამისად, ამბობდა მაკლუენი, მსგავსი, ახალი ტიპის პოლიტიკოსისთვის წარმატების საწინდარი „ძალდაუტანებელი ზემოქმედებაა“ (low-pressure presentation). მან უნდა შენიღბოს ძალაუფლებისკენ ლტოლვა - ტელეეკრანიდან მშვიდი, თავდაჯერებული, ოდნავი ირონიით შეზავებული ტექსტით გვესაუბრებოდეს. მის სატელევიზიო გამოსვლას არა მოხსენების (speech), არამედ უშუალო საუბრის ინტონაციები უნდა ახასიათებდეს. უნდა ვარაუდობდეს და არა მბრძანებლობდეს; თხოვდეს და არა მოითხოვდეს. სითბოსა და გულწრფელობას გამოსცემდეს და არა უხეშ დიქტატს. არ უნდა ნერვიულობდეს და ან ყვიროდეს, ვინაიდან ის ტელემაყურებლის მისაღებ ოთახშია მიპატიჟებული და არავის სიამოვნებს სტუმრის ყვირილი.

მსგავსი ანბანური ჭეშმარიტებანი ქართველ პოლიტიკოსთა სრული უმრავლესობისთვის კვლავაც შეუცნობელ სივრცედ რჩება. ბერძნული თეატრის დარი პათეტიურობა, ეგზალტირება, ყვირილი და, ანდაც, უკანასკნელ დროს განსაკუთრებით მოდაში შემოსული ტელეეკრანიდან თითის ქნევა, ძნელად შეესაბამება პოლიტიკური კომუნიკაციების საუკეთესო სტანდარტებს. შესაძლოა, პოლიტიკოსებთან მიმართებაში არსებული სუბიექტივიზმიც ამით იყოს განპირობებული.

 

კომენტარები