თბილისის საქალაქო სასამართლო

ვლადიმერ ვარძელაშვილს, ვახტანგ ბიჭაშვილსა და ზვიად ქავთარაძეს გირაო შეეფარდათ

მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძის გადაწყვეტილებით, დევი სირაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ სამივე პირს აღმკვეთ ღონისძიებად გირაო შეეფარდათ.  დღევანდელ სასამართლო პროცესზე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ყოფილ მინისტრ ვლადიმერ ვარძელაშვილს, რომელიც იარაღის უკანონო შენახვაშია ბრალდებული, გირაოს სახით 3 ათასი ლარი შეეფარდა, იარაღის უკანონოდ გასაღება/ჩუქებაში ბრალდებულ ვახტანგ ბიჭაშვილს – 6 ათასი ლარი, ხოლო გაუფრთხილებლობით ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულ ზვიად ქავთარაძეს – 15 ათასი ლარი.

სამართალდამცველებმა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ყოფილი მინისტრი და მასთან ერთად ორი პირი - ზვიად ქავთარაძე და ვახტანგ ბიჭაშვილი, 22 თებერვალს, ვარძელაშვილის საცხოვრებელ სახლში მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ დააკავეს. 

შსს-ს ინფორმაციით, 2013 წლის 22 თებერვალს, ღამით, დაკავებულები მეგობრებთან ერთად, ნუცუბიძის ქუჩაზე, ვლადიმერ ვარძელაშვილის საცხოვრებელ ბინაში სტუმრად იმყოფებოდნენ.

"ვლადიმერ ვარძელაშვილმა საკუთარი იარაღის კოლექციის დასათვალიერებლად მეგობრები გვერდით ოთახში გაიყვანა. მან ზვიად ქავთარაძეს საჩვენებლად "ტეტე"-ს სისტემის პისტოლეტი მიაწოდა, რა დროსაც ამ უკანასკნელს იარაღი გაუფრთხილებლობით გაუვარდა და ტყვია მოპირდაპირედ მდგარ დევი სირაძეს გულ-მკერდის არეში მოხვდა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ზვიად ქავთარაძე ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ იარაღი რეგისტრირებული იყო ვლადიმერ ვარძელაშვილის ნათესავის სახელზე, რომელმაც 2010 წელს აღნიშნული პისტოლეტი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ყოფილ მინისტრს საჩუქრად გადასცა. გამოძიებას აწარმოებს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს 1-ლი განყოფილება", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

კომენტარები