თბილისის საქალაქო სასამართლო

საქალაქო სასამართლოში ლადო ვარძელაშვილის პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ყოფილი მინისტრის, ლადო ვარძელაშვილისთვის, ასევე ზვიად ქავთარაძისა და ვახტანგ ბიჭაშვილისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ. პროცესს სამივე ბრალდებული ესწრება.

როგორც ჟურნალისტებს ლადო ვარძელაშვილის ადვოკატმა გოგიტა გაბაიძემ სასამართლო პროცესის დაწყებამდე განუცხადა, არ არის გამორიცხული, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდეს. მისი შეფასებით, ვარძელაშვილის ბრალდება არცთუ ისე მძიმეა, რომ მას აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდოს. 
ლადო ვარძელაშვილს, ზვიად ქავთარაძეს და ვახტანგ ბიჭაშვილს ბრალი გუშინ წაუყენეს. ვარძელაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლით ედება, რომელიც იარაღის უკანონო შენახვას გულისხმობს.
სამართალდამცველებმა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ყოფილი მინისტრი და მასთან ერთად ორი პირი - ზვიად ქავთარაძე და ვახტანგ ბიჭაშვილი 22 თებერვალს, ვარძელაშვილის სახლში მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ დააკავეს. 
შსს-ს ინფორმაციით, 2013 წლის 22 თებერვალს, ღამით, დაკავებულები მეგობრებთან ერთად, ნუცუბიძის ქუჩაზე, ვლადიმერ ვარძელაშვილის საცხოვრებელ ბინაში სტუმრად იმყოფებოდნენ.

"ვლადიმერ ვარძელაშვილმა საკუთარი იარაღის კოლექციის დასათვალიერებლად მეგობრები გვერდით ოთახში გაიყვანა. მან ზვიად ქავთარაძეს საჩვენებლად "ტეტე"-ს სისტემის პისტოლეტი მიაწოდა, რა დროსაც ამ უკანასკნელს იარაღი გაუფრთხილებლობით გაუვარდა და ტყვია მოპირდაპირედ მდგარ დევი სირაძეს გულ-მკერდის არეში მოხვდა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ზვიად ქავთარაძე ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ იარაღი რეგისტრირებული იყო ვლადიმერ ვარძელაშვილის ნათესავის სახელზე, რომელმაც 2010 წელს აღნიშნული პისტოლეტი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ყოფილ მინისტრს საჩუქრად გადასცა. გამოძიებას აწარმოებს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს 1-ლი განყოფილება", - აღნიშნულია შსს-ის განცხადებაში.

კომენტარები