კონსტიტუცია

ანი ჩხიკვაძე: ევროატლანტიკური შუქპირი კონსტიტუციაში

უკანასკნელ პერიოდში, საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში აქტიური დებატები მიმდინარეობს, უნდა აღინიშნოს თუ არა კონსტიტუციაში საგარეო პოლიტიკური კურსი. ეს ინიციატივა საპარლამენტო უმცირესობამ წამოაყენა მას შემდეგ, რაც პრემიერმა ივანიშვილმა სომხეთში ვიზიტისას განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში საგარეო პოლიტიკური კურსი არ შეიცვლება, თუმცა „ქვეყნები, ხალხი, საზოგადოება ვითარდება და პრიორიტეტები იცვლება”. ეჭვები კიდევ უფრო გააძლიერა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნიკოლოზ ვაშაკიძის პროტესტის ნიშნად გადადგომამ.

გარდა ამისა, საზოგადოების ნაწილის შეშფოთება გამოიწვია რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) დეპარტამენტის ხელმძღვანელის მიხაილ ევდოკიმოვის განცხადებამ. მისი თქმით, საქართველოსა და დსთ-ს შორის მიმდინარეობს საუბრები საქართველოს ორგანიზაციაში დაბრუნების თაობაზე. მოგვიანებით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ევდოკიმოვის სიტყვები არასწორად გაიგეს.

საგარეო პოლიტიკური კურსის კონსტიტუციით განსაზღვრის შემთხვევაში საქართველო არ იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც ამ გზას მიმართავს. საერთაშორისო ორგანიზაციების წევრობა, ალიანსებში შესვლის პირობები და გადაწყვეტილებები ბევრ სახელმწიფოში რეგულირდება კონსტიტუციით. ლიტვის 1992 წლის კონსტიტუციაში ჩაიდო მუხლი (#150), რომლის მიხედვითაც ლიტვას ეკრძალება პოსტსაბჭოთა სივრცეში წარმოქმნილი სტრუქტურების წევრობა. მაგალითისთვის, ისეთის, როგორიცაა დსთ. ამით ხელი შეეშალა რუსეთის სწრაფვას, ლიტვა გავლენის სფეროში მოექცია. კურსის მკვეთრი იდენტიფიკაციით ბალტიისპირეთმა ევროპულ სივრცეში წარმატებით დაბრუნება და რუსეთის ამბიციების შეკავება შეძლო.

ალიანსებში შესვლაზე კონსტიტუციური შეზღუდვები ბევრ ქვეყანაშია დაწესებული. ავსტრიის დეოკუპაციის შემდეგ, 1955 წელს დადებული „სახელმწიფო ხელშეკრულება დამოუკიდებელი და დემოკრატიული ავსტრიის ხელახალი დაფუძნების შესახებ”, კრძალავს ავსტრიის გერმანიასთან პოლიტიკურ თუ სხვა სახის კავშირში შესვლას. ანშლუსის შემდეგ, ისტორიულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ვენა ანტიჰიტლერულ კოალიციასთან ერთად შეეცადა ბერკეტების შექმნას, რათა არ მომხდარიყო მომავალში პანგერმანული იდეის აღორძინება და გეოპოლიტიკური ბალანსის დარღვევა.

იუგოსლავური ნაციონალიზმის თავიდან აცილება და ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნება სურდათ ხორვატებს, როდესაც კონსტიტუციის 142-ე მუხლში ჩადეს, რომ ხორვატია არ გახდება ისეთი ალიანსის თუ ასოციაციის წევრი, რომელიც სამხრეთ სლავური სახელმწიფოების ან ბალკანური სახელმწიფოების თანამეგობრობის განახლებას ისახავს მიზნად. მეზობლებისადმი ფრთხილი დამოკიდებულება ამოძრავებდათ ფინელებს, როდესაც ქვეყნის უმაღლეს კანონში საერთაშორისო ორგანიზაციების წევრობის თაობაზე საკონსტიტუციო შეზღუდვები გაითვალისწინეს.

გართულებულ პროცედურებს უკავშირდება ალიანსებისთვის შეერთება თუ გამოსვლა სხვა ევროპულ სახელმწიფოებშიც. იმისთვის, რომ სხვადასხვა პარტიებმა მოკლევადიანი მიზნების გამო ქვეყნის გრძელვადიანი ინტერესები არ დააზიანონ, კონსტიტუცია ხშირ შემთხვევაში ითვალისწინებს რეფერენდუმს საერთაშორისო თუ რეგიონულ ორგანიზაციებში შესვლაზე. მაგალითისთვის, სლოვაკეთის კონსტიტუციით საყოველთაო რეფერენდუმი წყვეტს ქვეყნის გაერთიანებას ნებისმიერ ტრანსნაციონალურ კავშირში. იგივე პროცედურა სჭირდება მაკედონიის კონსტიტუციის 120-ე მუხლით ნებისმიერ თანამეგობრობაში შესვლას თუ გამოსვლას. რეფერენდუმით წყდება ევროკავშირის კომპეტენციის გაფართოება დიდ ბრიტანეთში, ხოლო ნორვეგიელმა ხალხმა რეფერენდუმით ორჯერ თქვა უარი ევროგაერთიანების წევრობაზე. კონსტიტუციაში ისეთი მექანიზმის ჩადება, როგორიცაა რეფერენდუმი, ხელს უშლის მმართველი ხელისუფლების მიერ ხალხის სახელით მანიპულირებას და ართულებს კურსის ცვლილებას მთავრობის ცვლილებასთან ერთად.

მმართველი კოალიცია კონსტიტუციაში ასეთი ცვლილებების წინააღმდეგია. ეს მათ ღია კარის მტვრევად მიაჩნიათ და ამტკიცებენ, რომ არ აპირებენ ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე უარის თქმას. თუმცა კოალიციის სიჭრელე და მისი შემადგენელი პარტიების ლიდერთა განცხადებები ბევრ კითხვას ბადებს. მათ შორისაა პარლამენტის ვიცესპიკერის მანანა კობახიძის კომენტარი, რომ საქართველო ევროპულ ღირებულებებს ვერ უთავსდება მართლმადიდებლური მორალის გამო, ასევე საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის გუბაზ სანიკიძის 2007 წლის განცხადება, რომ NATO-ში გაწევრიანება „ქვეყნის ღალატის გზაზე დგომის ტოლფასია”.

გარდა ამისა, ცნობილია კოალიციაში შემავალი პარტია მრეწველების ლიდერის და პარლამენტარის, გოგი თოფაძის და მისი თანაპარტიელის, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, ზურაბ ტყემალაძის უარყოფითი პოზიცია NATO-სთან მიმართებით. თოფაძის თქმით, ის დსთ-ში გაერთიანებას აბსოლუტურად გამორიცხავს, თუმცა „ევრაზიული კავშირი შესაძლოა უფრო მისაღები იყოს საქართველოსთვის”. საგულისხმოა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარის გიორგი ვოლსკის მოსაზრებაც. მისი თქმით, „კონსტიტუცია არ შეიძლება დისკრიმინაციული იყოს ადამიანებისადმი, რომლებსაც NATO-ში გაწევრიანება მართებულად არ მიაჩნიათ”.

აქვე უნდა ითქვას, რომ რესპუბლიკურ პარტიას და თავისუფალ დემოკრატებს პროდასავლური ორიენტაცია აქვთ. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განაცხადა, ნებისმიერ ადამიანს, დსთ-ში დაბრუნება თუ „მასზე ფიქრი და ოცნებაც” მის გარეშე მოუწევს. მაგრამ იმ პირობებში, როდესაც ირაკლი ალასანიას პოზიციები კოალიციაში შესუსტდა, რის სიგნალადაც ვიცეპრემიერის თანამდებობიდან მისი გათავისუფლება შეიძლება მივიჩნიოთ, როდემდე დარჩება ეს მიმართულება კოალიციაში მხარდაჭერილი, ძნელი სათქმელია.

ევროპული ორიენტაციის კიდევ ერთხელ დასადასტურებლად საპარლამენტო უმრავლესობამ ნაციონალურ მოძრაობას და მასში შემავალ ფრაქციებს ინტერფრაქციული შეთანხმების 14 პუნქტი წარუდგინა, თუმცა ამ შეთანხმების პირველადი ვერსია ბუნდოვანია და შეკითხვებს ბადებს. მასში არაფერია ნათქვამი ისეთ ცენტრალურ საკითხზე, როგორიცაა საქართველოს არშესვლა დსთ-ის მსგავს პოსტსაბჭოთა სივრცის გაერთიანებებში. გაურკვეველია ასევე რამდენიმე სხვა პუნქტის შინაარსი. მაგალითისთვის, ძნელი სათქმელია, რა იგულისხმება მე-7 პუნქტში, რომელიც საუბრობს საქართველოს მხრიდან მსოფლიო თუ რეგიონული მასშტაბების დაპირისპირებებში სტრატეგიული როლისგან თავის შეკავებაზე. საქართველოს, საერთაშორისო თუ რეგიონულ დონეზე დაპირისპირებებში, სტრატეგიული მოთამაშის როლი არასდროს ჰქონია.

მნიშვნელოვანია მე-9 მუხლი, რომელიც ფართო განხილვის საგანი გახდა და ოპოზიციის კრიტიკაც მასზე იყო აწყობილი. ის ამბობს, რომ „საქართველოს ინტერესებშია, მისი ფაქტორი არ ფიგურირებდეს დასავლეთსა და რუსეთს შორის წინააღმდეგობრივ საკითხთა ნუსხაში”. აგრესიული ძლიერი მეზობლების გვერდით მდებარე მცირე სახელმწიფოთა თვითგადარჩენა ისტორიულად ყოველთვის იყო დიდ სახელმწიფოთა შორის ძალთა ბალანსის სათავისოდ გამოყენების უნარზე დამოკიდებული. იმ შემთხვევაში, თუ ეს ძალთა ბალანსი ირღვევა და წინააღმდეგობები ქრება, ექსპანსიონისტური მიზნების მქონე მეზობელთან პირისპირ დარჩენა შესაძლოა ეროვნული კატასტროფით დამთავრდეს.

ასევე საინტერესოა მე-10 პუნქტი, რომელიც ითვალისწინებს, რომ ჩრდილოეთკავკასიელ ხალხებთან ურთიერთობა არ უნდა იყოს გამოყენებული რუსეთთან დაპირისპირების გასაღრმავებლად. საზოგადოების ნაწილის მიერ ეს პუნქტი აღქმულია, როგორც საკუთარ პოლიტიკაზე უარის თქმა და ჩრდილოკავკასიელ ხალხებთან ურთიერთობების რუსულ ინტერესებზე დაქვემდებარება.

მოგვიანებით, ინტერფრაქციულ შეთავაზებას დაემატა პრემიერმინისტრის მიერ წარდგენილი თანამშრომლობის 4-პუნქტიანი გეგმა. მის ერთ-ერთ პუნქტს წარმოადგენს ინიციატივა კონსტიტუციის პრეამბულაში „ქართველი ერის ისტორიული ევროპული არჩევანის ასახვის შესაძლებლობის თაობაზე”. საინტერესოა, რამ გამოიწვია პრემიერის უკან დახევა და ოპოზიციის ინიციატივაზე ნაწილობრივ დათანხმება. ერთი მხრივ, გადაწყვეტილება შესაძლოა განაპირობა ეროვნულ ბიბლიოთეკასთან განვითარებული მოვლენების დროს მთავრობის უმოქმედობის გადაფარვის სურვილმა, რის შემდეგაც ის კრიტიკის ობიექტი გახდა. საერთაშორისო საზოგადოების და დიპლომატიური კორპუსის თვალში კომპრომისზე წასვლა, იმიჯის შენარჩუნების საშუალება და იმის დემონსტრირებაა, რომ მთავრობას ოპოზიციასთან დიალოგი სურს. მეორე მხრივ, ეს შესაძლოა არის მცდელობა, რომ ოკუპაციის კანონის შეცვლის კვალდაკვალ კრიტიკა თავიდან აიცილოს. პარალელურად, პრეზიდენტის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ, რომ მოლაპარაკების შემთხვევაში ის კონსტიტუციურ კომპრომისზე წავა, ივანიშვილის მხრიდან შემხვედრი ნაბიჯის გადადგმა გააადვილა.

პრემიერის ინიციატივა პრეამბულაში ევროპული კურსის აღნიშვნას ითვალისწინებს, ხოლო ნაციონალური მოძრაობის მიერ შეთავაზებული ვარიანტი უფრო მეტ გარანტიებს მოითხოვს – გარდა ევროპული ინტეგრაციისა, ის მთავრობას ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციისკენ სწრაფვის ჩაწერასაც სთავაზობს. ასევე, ისეთი გარანტიების ჩადებას, რომელიც ნებისმიერი ხელისუფლებისთვის გაართულებს მის ცვლილებას.

ცვლილების განხილვის პროცესში არასამთავრობო სექტორიც მონაწილეობდა. ოცამდე ორგანიზაცია, საქართველოს რეფორმების ასოციაციასთან ერთად, მიესალმა საპარლამენტო უმრავლესობის ინტერფრაქციული შეთანხმების ინიციატივას. მათი განცხადებით: „საქართველო არასდროს არ უნდა შევიდეს დსთ-ში, ევრაზიულ კავშირში, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში, ან სხვა ისეთ პოსტსაბჭოთა სივრცეში აღმოცენებულ უსაფრთხოების, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, თუ სამხედრო ორგანიზაციაში, სადაც დომინანტ ქვეყანას რუსეთი წარმოადგენს”. საკუთარი ხედვა გამოაქვეყნა თავისუფლების ინსტიტუტმაც, რომელიც, ცვლილებასთან ერთად, მისი გადასინჯვის საკმაოდ რთულ პროცედურას ითვალისწინებს. ამ პროექტშივე ჩადებულია მუხლი, რომელიც რუსეთის შეიარაღებულ ძალებს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას უკრძალავს. ისევე, როგორც საზღვრის გადაკვეთას და იარაღის შემოტანას, ან საქართველოს ტერიტორიის გავლით იარაღის გადაზიდვას.

თავდაპირველად, ოპოზიციის ინიციატივას მმართველი გუნდი უარყოფითად შეხვდა. უმრავლესობის ერთი ნაწილისთვის, მაგალითად, ნუკრი ქანთარიასთვის, ცალკეული მიმართულებების აკრძალვა მიუღებელია, ვინაიდან შესაძლოა ადამიანს „არ უნდა დასავლური და უნდა პრორუსული” კურსი. ასევე უმრავლესობის დეპუტატის, პარლამენტის ვიცესპიკერის ზურაბ აბაშიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება მხარს უჭერს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციას, ეს არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ რომელიმე სხვა ძალა, რომელსაც დსთ-ში გაწევრიანება სურს, ამისათვის უნდა დაისაჯოს ან აიკრძალოს.

უმრავლესობის მეორე ნაწილი ფიქრობს, რომ კონსტიტუციის ეს ცვლილება რუსეთთან ურთიერთობებს გააფუჭებს და მომავალ მოლაპარაკებებს გაართულებს. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ამ ცვლილებას ექნება საპირისპირო შედეგი, ვინაიდან ეს საქართველოს მხრიდან იქნება სიგნალი, რომ ჩვენთვის ევროატლანტიკური კურსი არაა ვაჭრობის საგანი და მოლაპარაკებების მაგიდასთან, საქართველო არ აპირებს ევროკავშირისა თუ NATO-სკენ აღებული გეზის შეცვლას. ამის შემდეგ მოხდება ისეთი თემების წამოწევა, რომელიც შესაძლოა საერთო შეთანხმების საფუძველი გახდეს.

2008 წელს საქართველოს მოსახლეობის 77%-მა მხარი დაუჭირა საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას, რაც წინააღმდეგობაში მოდის რუსეთის სურვილთან, დააბრუნოს საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში. მოსკოვს კვლავ აქვს იმედი, შეინარჩუნოს საქართველო თავისი გავლენის სფეროში, საუბრობს ევრაზიული კავშირის შესახებ და რეგიონში ძალაუფლების გამყარებას ესწრაფვის. სწორედ ამიტომ, ვლადიმირ პუტინი შესაძლოა ეცადოს საქართველოს საგარეო ვექტორების ცვლილებას. თუ ქართული ოცნება ამ პირობებში არ გაავლებს წითელ ხაზებს, ეს გაზრდის პუტინის ცდუნებას, გააძლიეროს ზეწოლა საქართველოს მთავრობაზე საგარეო ვექტორების შესაცვლელად.

მას შემდეგ, რაც მკვეთრად პროდასავლური ნაციონალური მოძრაობა არჩევნებში დამარცხდა, მოსკოვს იმედები გაეზარდა. არაა გამორიცხული, კრემლმა სისუსტედ აღიქვას საქართველოს მთავრობის მზაობა, გადატვირთოს ურთიერთობები ჩრდილოელ მეზობელთან და ეს საკუთარი გეოპოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს. კონსტიტუციაში ჩადებული ცვლილება, თუ პროევროპული კურსის კანონის სხვა ფორმით გაცხადება, წარმოადგენს ქვეყნის შესაძლებლობას, გაიძლიეროს პოზიცია და განსაზღვროს ის თემები, რომელიც მოლაპარაკების საგანი არ გახდება.

 

კომენტარები