კონსტიტუცია

მარგველაშვილი: საკონსტიტუციო ცვლილებებზე ხალხთან არ უსაუბრიათ, სადღაც გადაწყდა

გიორგი მარგველაშვილი
პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საკონსტიტუციო კომისიის მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს აკრიტიკებს და ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია, კომისიამ რატომ არ განიხილა ორპალატიანი პარლამენტის საკითხი.

მარგველაშვილს ასევე არ მოსწონს პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევის იდეა.

"ის ქვეყნები, სადაც პრეზიდენტს ირჩევენ არაპირდაპირი გზით, ძირითადად ფედერალური მოწყობის ქვეყნებია და იქ არის ორპალატიანი პარლმენტი. სრულიად გაუგებარია ჩემთვის, როცა კონსტიტუციის ფუნდამენტურ გადასინჯვაზე იყო საუბარი, საპარლამენტო რესპუბლიკის და პარლმენტის გაძლიერების ნაწილში კომისიის წევრებმა როგორ არ განიხილეს ორპალატიანი პარლამენტის საკითხი.

ორპალატიანი პარლამენტი პარლამენტს რეალურად აქცევს ბევრად უფრო ქმედით სისტემად; ორპალატიანი პარლამენტი ხელისუფლების შტოთა გარკვეული გაწონასწორების ფუნქციას ახორციელებს სუსტი პრეზიდენტის არსებობის პირობებში; ორპალატიან პარლამენტში წარმოდგენილი იქნებოდა ჩვენი ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი რეგიონების თემა", - თქვა პრეზიდენტმა ბათუმში სტუდენტებთან შეხვედრისას, რომელიც "კონსტიტუცია ყველასია" კამპანიის ფარგლებში შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს გაიმართა.

"პრეზიდენტის ფუნქციები შესუსტებულია, ფაქტობრივად, არცერთი ფუნქცია არ არის დატოვებული. მას სჭირდება პრემიერმინისტრის თანხმობა და პრემიერმინისტრის მიმართულებით არის გადასული ეს ფუნქციები. ამ ვითარებაში, ჩვენ რეალურად ვიღებთ არა იმას, რასაც გვეუბნებოდნენ, რომ ეს იქნება საპარალამენტო რესპუბლიკა, არამედ იმას, რომ პრეზიდენტის ფუნქციები გადავიდა პრემიერმინისტრთან'', - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილისვე თქმით, საკონსტიტუციო კომისიას არ უკითხავს ხალხისთვის, სურდა თუ არა რეალურად საპარლამენტო რესპუბლიკის სისტემაზე გადასვლა.

"ვინ თქვა, რომ საქართველოს მოსახლეობამ თქვა, რომ ჩვენ გვინდა საპარლამენტო რესპუბლიკა? ვინ განიხილა საერთოდ უკეთესი/უარესი მხარეები, შესაძლებლობები, რასაც ქმნის საპარლამენტო რესპუბლიკა, ან ნახევრად საპრეზიდენტო ან საპრეზიდენტო? ვის მიუღია მონაწილეობა ასეთ დებატებში? ვის მოუსმენია საერთოდ ამ სისტემების უკეთესობა და უარესობის თემა? არავის. ეს გადაწყდა, მაგრამ სად გადაწყდა - გაუგებარია.

არადა, კონსტიტუციის მიმართულებით მთავარი გადაწყვეტილება სწორედ ამ სულისკვეთებიდან უნდა გამომდინარეობდეს, რომ კონსტიტუცია ყველასია", - თქვა მარგველაშვილმა.

კომენტარები