კონსტიტუცია

ჩუგოშვილი პრეზიდენტის საარჩევნო კოლეგიით არჩევაზე: პრინციპში, წინააღმდეგი არ ვარ

ტაბულა

"პრინციპში, მე საწინააღმდეგო არაფერი არ მაქვს პრეზიდენტის არჩევის ამ კონკრეტულ ფორმასთან დაკავშირებით",- კაჭრეთის ამბასადორში პრემიერსა და დეპუტატებს შორის გამართული დახურული შეხვედრის შემდეგ ამბობს პარლამენტის ვიცესპიკერი თამარ ჩუგოშვილი. ჩუგოშვილის თქმითვე, დეპუტატებმა პრემიერთან საკონსტიტუციო ცვლილებები განიხილეს.

"საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებით იყო საუბარი, ერთ-ერთი საკითხი, რომელიც განიხილება არის ბატონ ვახტან ხმალაძის ინიციატივა და ჩვენ სერიოზულად ვმსჯელობთ ამ ვერსიაზეც, რომელიც ბატონმა ვახტანგმა წარადგინა პრეზიდენტის არჩევის წესთან დკაავშირებით. პრინციპში, მე საწინააღმდეგო არაფერი არ მაქვს ამ კონკრეტულ არჩევის ფორმასთან დაკავშირებით", - ამბობს ჩუგოშვილი.

გუშინ პარლამენტის თავმჯდომარემაც განაცხადა, რომ სავარაუდოდ, საკონსტიტუციო კომისია სწორედ ვახტანგ ხმალაძის საკონსტიტუციო ინიციატივას აირჩევს, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტს სპეციალური საარჩევნო კოლეგია ირჩევს. 

როგორ მუშაობს ვახტანგ ხმალაძის მიერ წარდგენილი მოდელი:

ქვეყნის საკრებულოები ირჩევენ 150 წარმომადგენელს, ისე რომ ამ წარმომადგენლებს შორის იყოს შენარჩუნებული ის პროპორცია, რა პროპორციაც არის ამ საკრებულოებში პოლიტიკურ პარტიებს შორის. საკრებულოებიდან შერჩეულ ამ წარმომადგენლებს ხმალაძის თქმით "ხმოსნები" ეწოდებათ. პრეზიდენტს სწორედ რეგიონების საკრებულოების მიერ შერჩეული 150 "ხმოსანი" სავარაუდოდ, უბრალო უმრავლეოსბით (50%-ზე მეტი მხარდაჭერა) აირჩევს.

ვახტანგ ხმალაძის თქმით, სპეციალური საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის არჩევა პარლამენტის მიერ პრეზიდენტის არჩევის მოდელზე უფრო დემოკრატიულია. ხმალაძის თქმით, მის მოდელში "ხმოსნები" ანუ საარჩევნო კოლეგიის წევრები საკრებულოებიდან იქნებიან შერჩეული, ეს კი ნიშნავს, რომ პრეზიდენტის არჩევნები საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე არ იქნება მიბმული. ხმალაძის განმარტებით ამის მიზეზი ისაა, რომ საკრებულოს არჩევნები იმართება ორ მომდევნო საპარლამენტო არჩევნებს შორის, რა დროსაც მოსახლეობის შეხედულებები სავარაუდოდ იმისგან განსხვავდება, რაც საპარლამენტო არჩევნების დროსაა. 

კომენტარები