არასამთავრობო ორგანიზაციები

ბიძინა ივანიშვილი: ჩვენ ყოველთვის მოვუსმენთ არასამთავრობო ორგანიზაციებს

პრემიერმინისტრი, ბიძინა ივანიშვილი, არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილის მიერ, მთავრობის 100 დღის საქმიანობის შესახებ მომზადებული ანგარიშის პრეზენტაციას ესწრება. პრეზენტაცია სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში იმართება და პრემიერთან ერთად მას მთავრობის სხვა წევრებიც ესწრებიან, მათ შორის - შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი, ასევე საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები. 

როგორც ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, ხელისუფლება ყოველთვის მოუსმენს არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებს და გაითვალისწინებს მათ შენიშვნებს.

"პოლიტიკაში შემოსვლის პირველივე დღიდან კარგად ვაცნოებიერებ სამოქალაქო საზოგადოების როლს, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული ინსტიტუტების გავითარებისთვის. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ სამოქალაქო საზოგადოება არის სარკე იმისა, თუ როგორ მუშაობს ქვეყანა, ამიტომ ჩვენ ყოველთვის ყურადღებით მოვუსმენთ და გავითვალისწინებთ მათ შენიშვნებს. საჭიროა კონსტრუქციული კრიტიკა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მხრიდან", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. 

მისივე თქმით, ის არასამთავრობო სექტორთან სისტემატური შეხვედრების გამართვას აპირებს.  

"რადგან დღევანდელი ოპოზიცია ვერ ახერხებს კონსტრუქციულობას, თქვენი კრიტიკის იმედი გვაქვს, ამიტომაც განზრახული გვაქვს, რომ თქვენთან შეხვედრის პერიოდულობა განისაზღვროს არანაკლებ ერთი თვით, ჩვენ ვსაჭიროებთ თქვენი მხრიდან კონსტრუქციულობას. თუ ოპოზიცია მოახერხებს გახდეს კონსტრუქციული, მაშინ ჩვენი შეხვედრის პერიოდულობა შეიძლება გადაიწიოს", - აღნიშნა პრემიერმა. 

მთავრობის 100-დღიანი მუშაობის ანგარიში სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ - ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ მოამზადა.

კომენტარები