არასამთავრობო ორგანიზაციები

არასამთავრობოები საქართველოს კურსის უცვლელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ

არასამთავრობო ორგანიზაციებმა, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური პოლიტიკური კურსის უცვლელობის უზრუნველყოფის შესახებ, განცხადება გაავრცელეს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს უსაფრთხო განვითარებისთვის ევროატლანტიკურ კურსს ალტერნატივა არ გააჩნია. 

''საქართველოს NATO-სა და ევროკავშირში ინტეგრაცია საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის მკაფიოდ გამოხატული და დადასტურებული ნებაა, ამიტომ საქართველომ არ უნდა გადადგას ისეთი ნაბიჯები, რომლებიც საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს. საქართველოს ინტერესებში არაა და, შესაბამისად, ქვეყანა არასოდეს უნდა შევიდეს დსთ-ში, ევრაზიულ კავშირში, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში, ან პოსტსაბჭოთა სივრცეში აღმოცენებულ რომელიმე სხვა გაერთიანებაში, სადაც მკაფიოდ არის გამოხატული რუსეთის დომინანტური როლი'', - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, მისასალმებელია, რომ ეს პრიორიტეტები ნათლად არის ასახული ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციასა და სხვა სტრატეგიულ დოკუმენტებში და აღნიშნავენ, რომ სრული სიცხადისთვის კარგი იქნება, ''თუ საქართველოს საკანონმდებლო ორგანო მოახდენს ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის უცვლელობის უზრუნველყოფას, რაც შეიძლება მაღალი დონის საკანონმდებლო აქტით''.

''მოხარული ვართ, რომ როგორც უმრავლესობა, პრემიერმინისტრი და მთავრობა, ისე უმცირესობა და პრეზიდენტი თავიანთ განცხადებებში ადასტურებენ საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილების დაუშვებლობას. ამ კონტექსტში ჩვენ მივესალმებით როგორც საპარლამენტო უმრავლესობიდან წამოსულ ინიციატივას, რომ შედგეს ინტერფრაქციული შეთანხმება საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით, ისე საპარლამენტო უმცირესობის მიერ გაცხადებულ წინადადებას, რომ მოხდეს საგარეო პოლიტიკური კურსის საკონსტიტუციო დონეზე გამყარება. მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, როგორც უმრავლესობიდან, ისე უმცირესობიდან, რომ გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა საკანონმდებლო ინსტრუმენტი და სამივე შესაძლებელი ფორმით (ინტერფრაქციული შეთანხმება, კანონი საგარეო პოლიტიკის შესახებ და საქართველოს კონსტიტუციის ცვლილება) გაამყარონ საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის უცვლელობა. აქვე აღვნიშნავთ, რომ ჩვენ მზად ვართ აქტიურად ჩავერთოთ ამ თემის ირგვლივ მიმდინარე სამოქალაქო განხილვის პროცესში, როგორც პარლამენტში, ისე მის გარეთ", - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს 17 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს. მათ შორის, GRASS (საქართველოს რეფორმების ასოციაცია), სიდა (სამოქალაქო განვითარების სააგენტო), საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (GFSIS), საქართველოს ატლანტიკური საბჭო და სხვა.  

კომენტარები