ვატიკანი

რომის პაპი: ჩემი ძალები არასაკმარისია წმინდა პეტრეს საყდარზე მსახურებისთვის

პაპი ბენედიქტე მეთექვსმეტე 85 წლის ასაკში გადადგება. პონტიფექსმა ლათინურად მიმართა კონსისტორიას და წმინდა პეტრეს ტახტიდან მომავალი გადადგომის შესახებ აცნობა. პაპის ისტორიულ სიტყვას ტაბულა უცვლელად გთავაზობთ:

”ძვირფასო ძმებო, მე თქვენ შეგკრიბეთ ამ კონსისტორიაზე არა მხოლოდ სამი კანონიზაციის საკითხის განსახილველად, არამედ ჩემი გადაწყვეტილების სათქმელად, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს ეკლესიის ცხოვრებაში. მე მრავალგზის მივმართე სინდისის ხმით უზენაესს და მივედი დასკვნამდე, ხნიერების გამო, ჩემი ძალები არასაკმარისია წმინდა პეტრეს საყდარზე მსახურებისთვის. მე კარგად ვაცნობიერებ, რომ ეს მსახურება, სულიერი ბუნების თავისებურების გამო, უნდა აღსრულდეს არა მხოლოდ სიტყვითა და მოქმედებით, არამედ, სულ მცირე, ლოცვისა და თანაგრძნობის გზით.

როგორც არ უნდა იყოს, თანამედროვე სამყაროში, სადაც ცვლილებები სწრაფად მიმდინარეობს და შოკში აგდებენ სიღრმისეულ დამოკიდებულებებს სიცოცხლისა და რწმენის მიმართ, იმისთვის, რომ აღსრულდეს წმინდა პეტრეს მისია და სახარება იქადაგებოდეს, საჭიროა როგორც სულის, ისე სხეულის სიძლიერე - შესაძლებლობა, რომელიც უკანასკნელი თვეების მანძილზე ისე გაუარესდა ჩემთვის, რომ ვარ იძულებული ვაღიარო უუნარობა, ადეკვატურად აღვასრულო ჩემთვის მონდობილი მსახურება.

ამ მიზეზის გამო, ვაცნობიერებ რა ჩემი მოქმედების სრულ სერიოზულობას, სრულიად თავისუფალი ვაცხადებ, რომ მე უარს ვამბობ რომის ეპისკოპოსის, წმინდა პეტრეს მემკვიდრის მსახურებაზე, რომელიც მომანდეს მე კარდინალებმა 2005 წლის 19 აპრილს, იმგვარად, რომ 2013 წლის 28 თებერვალს, 20 საათზე, წმინდა პეტრეს რომის საყდარი, იქნება თავისუფალი. ამგვარად, ვის კომპეტენციაშიც შედის ამგვარი საკითხები, უნდა მოიწვიონ კონკლავი ახალი უმაღლესი პონტიფექსის ასარჩევად.

ძვირფასო ძმებო, მე გულითადად გმადლობთ თქვენი სიყვარულისა და ერთობლივი სამუშაოსთვის, რომლითაც მხარს მიჭერდით მსახურებისას. მე ვითხოვ მიტევებებს ჩემი შეცდომების გამო. ახლა კი ჩავაბაროთ წმინდა ეკლესია ჩვენი უზენაესი მოძღვრის, უფალი იესო ქრისტეს მზრუნველობას. და შევავედროთ ის ყოვლადწმინდა ქალწულ მარიამს, რომ შეეწიოს მამა-კარდინალებს თავისი დედობრივი მზრუნველობით ახალი, უმაღლესი პონტიფექსის არჩევაში. რაც შემეხება მე, ვისურვებდი მომავალშიც ერთგულად ვემსახურო ღვთის წმინდა ეკლესიას. მივუძღვნა ცხოვრება ლოცვას”.

 

კომენტარები