ვატიკანი

პაპმა ერთნაირსქესიანი წყვილების დალოცვა დაუშვა ისე, რომ დოქტრინა არ შეუცვლია

Andreas Solaro/AFP/Getty Images

წმინდა საყდრის მიერ გამოქვეყნებულ დეკლარაციაში, რომელიც რწმენის მოძღვრების კონგრეგაციამ გამოაქვეყნა და პაპი ფრანცისკე აწერს ხელს, აღნიშნულია, რომ ამიერიდან შესაძლებელი იქნება ერთნაირსქესიანი წყვილების დალოცვა, ყოველგვარი რიტუალიზების და იმგვარი შთაბეჭდილების შექმნის გარეშე, რომ მათი კავშირი ჯვრისწერაა.

ვატიკანი ხაზს უსვამს, რომ ჯვრისწერის შესახებ დოქტრინა უცვლელია, ხოლო დალოცვა არ ნიშნავს და არ აღნიშნავს ერთნაირსქესიან წყვილთა შეკავშირებას ან ამ კავშირის აღიარებას.

კათოლიკე ეკლესია არ აღიარებს, ან ანიჭებს ერთნაირსქესიან წყვილებს რაიმე სტატუსს, არ აღასრულებს არანაირ რიტუალს.

რომის ეკლესია აცხადებს, რომ როცა ადამიანები ითხოვენ დალოცვას, ამ დალოცვის მისაღებად ამომწურავი მორალური ანალიზი საჭირო არ არის.

"ღვთის მადლი მათ ცხოვრებაში მოქმედებს, ვინც თავს არ აცხადებს მართლად, არამედ თავმდაბლად აღიარებს თავს ცოდვილად".

ვატიკანის გადაწყვეტილებას ე.წ სამოძღვრო მიზნები აქვს, რომელიც არ ცვლის დოქტრინას ჰომოსექსუალური აქტების ცოდვილობის შესახებ და სამისიონერო და პასტორალური მიზნებისაა.

მიუხედავად ამისა, გადაწყვეტილებას აქვს მრავალი სოციალური და პოლიტიკური იმპლიკაცია.

კომენტარები