ვატიკანი

ქართველ კათოლიკეთა ეპისკოპოსის განმარტება ერთნაირსქესიანთა კურთხევის შესახებ

ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო

ქართელ კათოლიკეთა ეპისკოპოსი, ჯუზეპე პაზოტო განმარტავს წმინდა საყდრის მიერ გამოქვეყნებულ დეკლარაციას, რომელსაც  პაპი ფრანცისკე აწერს ხელს და აღნიშნულია, რომ ამიერიდან შესაძლებელი იქნება ერთნაირსქესიანი წყვილების დალოცვა, ყოველგვარი რიტუალიზების და იმგვარი შთაბეჭდილების შექმნის გარეშე, რომ მათი კავშირი ჯვრისწერაა.

"ძვირფასო დანო და ძმანო,

იმის გამო, რომ სარწმუნოების მოძღვრების დიქასტერიის მიერ გამოქვეყნებულმა ბოლო დოკუმენტმა "Fiducia supplicans" – რომელიც მოიწონა პაპმა და რომელიც ეხება უწესივრო წყვილების (ანუ, არაჯვარდაწერილი ან ერთნაირსქესიანი წყვილების) დალოცვის შესაძლებლობას –, გამოიწვია განსხვავებული რეაქციები და ხშირ შემთხვევაში მასმედიის მიერ მრავალი და არც თუ ყოველთვის ადეკვატური ინტერპრეტაციები, მინდა გარკვევით და მარტივად მოგწეროთ ის, რაც გვეცნობა ამ დოკუმენტით:

1. დეკლარაცია უნდა იქნას გაგებული, როგორც საბოლოო სიტყვა კითხვაზე და უნდა ჩაითვალოს საკმარისად "ამ თემაზე მღვდელმსახურთა გონივრული და მამობრივი გარჩევის წარმართვისათვის". ამიტომ ის, რაც ამ ტექსტშია გამოხატული, საკმარისად უნდა ჩაითვალოს როგორც შინაარსობრივი, ისე ფორმალური თვალსაზრისით. აღარ იქნება განცხადებები ეკლესიის ცხოვრების ამ ასპექტზე.

2. გაუგებრობების თავიდან აცილების მიზნით, ტექსტი იმთავითვე აცხადებს, რომ მიზანი არ არის მამაკაცსა და ქალს შორის ქორწინების აღრევა სხვა სახის კავშირებთან. ეკლესიისთვის "ქორწინება არის საიდუმლო, რომელიც გულისხმობს „ექსკლუზიურ, სტაბილურ და განუყოფელ კავშირს მამაკაცსა და ქალს შორის, რომელიც ბუნებრივადაა ღია შვილების წარმოშობაზე". და ამ საკითხზე მოძღვრება ურყევია, ეჭვქვეშ არ დგება არასოდეს ის, რასაც ეკლესია ყოველთვის აცხადებდა. ვერავინ იტყვის, რომ კათოლიკე ეკლესია ღებულობს ერთნაირსქესიანთა შორის ქორწინება-საკრამენტს.

3. წმიდა მამა, გამომდინარე ღმერთის მოწყალე და მოსიყვარულე სახიდან, რომელიც ძალზე ნათლადაა გამოხატული სახარებაში, განაგრძობს მოხმობით, არ დავკარგოთ სამწყსო სიყვარული, რომელიც უნდა გასდევდეს ყველა ჩვენს გადაწყვეტილებასა და დამოკიდებულებები და მოვერიდოთ იმ "მსაჯულებად ყოფნას, რომლებიც მხოლოდ უარყოფენ, განაგდებენ, რიცხავე". წარმოდგენილია დალოცვა, როგორც: "ნუგეში, მზრუნველობა და გამხნევება, რომელიც გამოხატავს ღმერთის გულმოწყალე ჩახუტებას და ეკლესიის დედობრიობას და იწვევს მორწმუნეს იგივე გრძნობები იქონიოს, რაც ღმერთსა აქვს ძმებისა და დების მიმართ". მამა ღმერთი როდი არიდებს თავის მოწყალე სახეს ვინმეს, თუნდაც დაკარგულ კრავს, რომელსაც გზა არევია და მიუტოვებია მამის სახლი, პირიქით!

4. კურთხევა შეიძლება მღვდელმა გასცეს, მაგრამ ყოველგვარი რიტუალის გარეშე, რათა თავიდან იქნას აცილებული მისი, როგორც ლიტურგიული ან ნახევრად ლიტურგიული ქმედებად გაგება, ამიტომ მისთვის არ არის გათვალისწინებული სპეციალურად მომზადებული ტექსტები, თუმცა არ შეიძლება ეკლესიის სიახლოვეზე უთხრა უარი ყოველ იმ მდგომარეობაში, როცა ღმერთს შეწევნას სთხოვენ უბრალო დალოცვის საშუალებით.

პირადად მიმაჩნია, რომ ამგვარ დალოცვაზე მეტად არამხოლოდ უნდა გვაფიქრებდეს, არამედ უნდა გვზარავდეს კიდეც ტანკებისა თუ ბომბებისა და იარაღის დალოცვა, რომლებიც გამზადებულია საომრად და რომელთა ერთადერთი მიზანი მოკვლა და განადგურებაა.

ძვირფასო დანო და ძმანო, პაპი, როგორც ყოველთვის, გვიწვევს სიღრმეში ჩავიხედოთ, დაგვაფიქრებს, რათა არ დავრჩეთ ზედაპირულნი და გვაჩვევს ჩვენი მზერის მიპყრობას უპირველეს ყოვლისა იმ სახიერებისა და მამობრიობისაკენ, რომლითაც ღმერთი ეპყრობა ყოველ ადამიანს. ყოველი ადამიანი, ყოველი სიცოცხლე ძვირფასია ღვთისათვის!

ვილოცოთ წმიდა მამისთვის, რათა სულიწმიდა ყოველთვის თან ახლდეს მას.

მშვიდობით ვიაროთ უფლისაკენ, რომელიც მოდის და ხელახლა იბადება ყველა ჩვენთაგანისთვის!

+ ეპსიკოპოსი ჯუზეპე პაზოტო". - წერს ჯუზეპე პაზოტო.

კომენტარები