თბილისის საქალაქო სასამართლო

სასამართლო ვაჩნაძისა და მესხის საქმესთან დაკავშირებით განმარტებას ავრცელებს

თბილისის საქალაქო სასამართლო მელორ ვაჩნაძისა და მიხეილ მესხის საქმესთან დაკავშირებით განმარტებას ავრცელებს, რომელსაც ტაბულა უცვლელად გთავაზობთ:

"საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ 2013 წლის 9 თებერვლის ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის დადგენილებით, მიხეილ მესხი და მელორ ვაჩნაძე ცნობილ იქნენ სამართალდამრღვევებად წვრილმანი ხულიგნობის ჩადენის ფაქტზე და მათ ადმინისტრაციული სახდელის სახით დაეკისრათ ჯარიმა 100-100 ლარის ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში 2013 წლის 9 თებერვალს შს სამინისტროს ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილების მიერ, წარმოდგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები მიხეილ მესხისა და მელორ ვაჩნაძის მიმართ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის საფუძველზე (წვრილმანი ხულიგნობა) და არა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს სამართალდამცავი ორგანოებისათვის წინააღმდეგობის გაწევას.

სამართალდარღვევის ოქმების განხილვისას, მხარეების მიერ სასამართლო სხდომაზე არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულების სახით ვიდეო და აუდიომასალა, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების ახსნა-განმარტებებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით ჩადენილი წვრილმანი ხულიგნობა მიხეილ მესხისა და მელორ ვაჩნაძის მიერ გამოიხატა საზოგადოებრივ ადგილებში მხოლოდ ლანძღვა-გინებით, ასევე, სამართლოს მიერ დაკითხულ იქნა 8 მოწმე, რომელთა ჩვენების საფუძველზეც აღნიშნული პირები ცდილობდნენ სიტუაციის ადგილზე განმუხტვას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იმსჯელა და დადასტურებულად მიიჩნია წვრილმანი ხულიგნობის ჩადენის ფაქტი და გამოიყენა ადმინისტრაციული სახდელი ჯარიმა, რომლის მაქსიმალური ოდენობა, 166-ე მუხლის შესაბამისად შეადგენს 100 ლარს", - ნათქვამია განცხადებაში.

 

კომენტარები