ენგურჰესი

კალაძე: როდესაც საუბარია ენერგეტიკაზე, პოლიტიკა გვერდით უნდა გადაიდოს

სააგენტო აპსნი პრესმა კომპანია ჩერნომორენერგოს მიმართვა გაავრცელა. მიმართვაში აღნიშნულია, რომ აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარებამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია და მთლიანად სფეროში მძიმე ვითარებაა. მიმართვას კომპანიის 761 თანამშრომელი აწერს ხელს. ისინი დე ფაქტო ხელისუფლებას დარგის შესანარჩუნებლად ზომების მიღებას სთხოვენ. 

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ამ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს თემა საკმაოდ მნიშვნელოვანი და საინტერესოა. მისი თქმით, აფხაზეთის ელექტროენერგიით მომარაგება ენგურჰესის ხარჯზე ხდება და არსებული ქსელის მწყობრში მოყვანა საქართველოს მთავრობისათვისაც ძალიან მნიშვნელოვანია.

"ამ თემაზე, რა თქმა უნდა, სამსჯელო იქნება და გამოვთქვამთ მზადყოფნას, ეს საკითხი განვიხილოთ", - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, როდესაც საუბარია ენერგეტიკაზე, პოლიტიკა გვერდით უნდა გადაიდოს.

"ეს წინაპირობა მაშინაც იყო, როდესაც გალის რაიონში ვიმყოფებოდი, სადაც ენგურჰესის აგრეგატები დავათვალიერე. მაშინ შევთანხმდით, რომ პოლიტიკაზე არ ვისაუბრებდით და მხოლოდ წმინდა ენერგეტიკულ საკითხებზე ვისაუბრებდით", - განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები