ენგურჰესი

ნონიაშვილი: რატომ აძლევს ჩვენი მთავრობა საოკუპაციო რეჟიმს ენგურჰესის ელექტროენერგიის 80%-ს?

გიორგი ნონიაშვილი ევროპული საქართველოს კონფერენციაზე
ზურა ცერცვაძე/ტაბულა

ევროპული საქართველო ეხმაურება უკანასკნელ დღეებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი ენგურჰესიდან გამომუშავებული ელექტროენერგიის მიწოდების გაზრდას ითხოვს. 

ევროპული საქართველოს წევრის, გიორგი ნონიაშვილის თქმით, აღნიშნული ინფორმაცია ამ ეტაპზე დაუდასტურებელია, თუმცა, დადასტურებულად არის ცნობილი, რომ ბოლო წლებში ენგურჰესიდან გამომუშავებული ელექტროენერგიის მხოლოდ 20% რჩება საქართველოს, ხოლო 80%-ს აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმი მოიხმარს. 

"არსებობს რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა: რატომ აძლევს საქართველოს მთავრობა მტერს ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიას ამდენი წილით, როდესაც 1997 წლიდან პარიტეტი და განაწილება იყო 60%-40%-ზე (60% ჩვენ სასარგებლოდ), ხოლო 2012 წლიდან მუდმივად ზრდა მიდის და ოფიციალური თბილისი აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმს უფასოდ უზრდის ელექტროენერგიის გადაცემას. რატომ აკეთებს ამას მთავრობა? რა კრედიტს იღებს ამასთან დაკავშირებით? ეს არის პასუხგაუცემელი კითხვა და მეორე, ეს არის ვითარება, როდესაც არანაირი ზემოქმედების ბერკეტად არ იყენებს ამას საქართველოს ხელისუფლება – არც ენგურჰესის ელექტროენერგიის მიწოდების საკითხს აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმთან და არც სხვა ბერკეტებს, როგორიცაა უფასო ჯანდაცვის საკითხი, ტყვეთა გაცვლის საკითხი და ყველა საერთაშორისო ფორმატში საკითხის დაყენება". – ამბობს ნონიაშვილი.

23 ოქტომბერს, ევროპულმა საქართველომ აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ირაკლი ბებუას გათავისუფლებასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა წარადგინა.

ევროპული საქართველოს წევრის თქმით, ენგურჰესის ბერკეტის გამოყენების შედეგად, შესაძლებელი იქნება ირაკლი ბებიას გათავისუფლების საკითხის გადაჭრა და ამასთანავე, გალში მცხოვრებ ქართველთა პოლიტიკური უფლებების დაცვა.

კომენტარები