პრეზიდენტის ინიციატივა

პრეზიდენტი ეკონომიკური დანაშაულის ლიბერალიზაციას ითხოვს

პრეზიდენტი პარლამენტს სისხლის სამართლის კოდექსიდან ეკონომიკურ-სამეწარმეო დანაშაულებთან დაკავშირებული ზოგიერთი მუხლის გაუქმებას სთავაზობს.

ეკონომიკურ, სამეწარმეო, ფულად-საკრედიტო და საფინანსო სფეროებში უკვე ჩადენილი დანაშაულების ამნისტირების გარდა, მიხეილ სააკაშვილი მათი დეკრიმინალიზაციის წინადადებითაც გამოდის. მის მიერ მომზადებულ კანონპროექტში 12 მუხლი მოხვდა  - 182/2-ე (სააღსრულებო საქმიანობა ლიცენზიის გარეშე), 192-ე (უკანონო სამეწარმეო საქმიანობა), 192/1-ე (უკანონო საგანმანათლებლო საქმიანობა), 193-ე (ცრუ მეწარმეობა), 195/1-ე (სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის წესის დარღვევა), 197/1-ე (ფალსიფიცირებული ნივთის უკანონო გადაზიდვა ან გასაღება), 201-ე (ყალბი რეკლამა), 204/1-ე (ბუღალტრული აღრიცხვის წესის დარღვევა), 206-ე (საბუღალტრო წიგნის წარმოების წესის დარღვევა გადახდისუუნარობისას), 213-ე (ფასიანი ქაღალდების ბაზრის წესის დარღვევა), 217-ე (საზღვარგარეთიდან უცხოურ ვალუტაში თანხის დაუბრუნებლობა), 219-ე (მომხმარებლის მოტყუება). 

ამავე პროექტის ფარგლებში მიხეილ სააკაშვილი ცალკულ ეკონომიკურ დანაშაულებთან დაკავშირებით თავისუფლების აღკვეთის გაუქმებისა და სასჯელის სახით მხოლოდ ჯარიმის ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის გამოყენების წინადადებით გამოდის. ეს სსკ-ის შემდეგი მუხლებია: 196-ე (სასაქონლო (მომსახურების) ნიშნის ან სხვა კომერციული აღნიშვნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენება), 197-ე (ფალსიფიკაცია), 198-ე (ადამიანის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის დამზადება, შემოტანა ან რეალიზაცია), 199-ე (ეკომარკით უკანონოდ სარგებლობა), მე-200 მუხლის I ნაწილი (მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია ან გადაზიდვა), 200/3-ე მუხლის I და II ნაწილები (სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარი), 200/4-ე (სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული არააქციზური საქონლის მარკირების ნიშნის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია ან გადაზიდვა), 207-ე (გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის შესახებ განცხადების შეუტანლობა გადახდისუუნარობისას), 207/1-ე (მოვალის მართვასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მიერ მეურვისათვის ინფორმაციის წარდგენის ვალდებულების დარღვევა) და 214-ე მუხლის I ნაწილი (საქართველოს საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადატანა ან გადმოტანა, ჩადენილი საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად, დოკუმენტის ან იდენტიფიკაციის საშუალების მოტყუებითი გამოყენებით, საბაჟო დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანით). 

 

კომენტარები