პრეზიდენტის ინიციატივა

პრეზიდენტმა 18 ათასამდე ნასამართლობის მქონე და პირობით მსჯავრდებული შეიწყალა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ანდრო ბარნოვის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა ნასამართლობის მქონე და პირობით მსჯავრდებული 18 ათასამდე პირი შეიწყალა. როგორც დღევანდელ ბრიფინგზე ბარნოვმა თქვა, პრეზიდენტმა შესაბამის განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა. მისი თქმით, დოკუმენტი იგზავნება შესაბამის სტრუქტურებში და ეს სტრუქტურები ვალდებულნი არიან, დაუყოვნებლივ აღასრულონ აღნიშნული აქტი.

"თქვენთვის ცნობილია, რომ 2013 წლის 19 აგვისტოს, საქართველოს პრეზიდენტმა გააკეთა განცხადება საქართველოში ყველა პირობით მსჯავრდებულის და ნასამართლობის მქონე პირის შეწყალების თაობაზე. ამ განცხადებას დღემდე გამოეხმაურა 18 ათასამდე ადამიანი, რომლებმაც საქართველოს პრეზიდენტს მიმართეს თხოვნით შეწყალების თაობაზე. ვიმედოვნებთ, რომ პრეზიდენტის ეს განკარგულება უმოკლეს ვადებში აღსრულდება, ვინაიდან ამაზეა ათიათასობით ოჯახის მომავალი დამოკიდებული", - განაცხადა ბარნოვმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა შეწყალების მსურველებს მიმართა და თქვა, რომ ხვალ, 3 ოქტომბრის დილის 10.00 საათიდან, ადმინისტრაცია განკარგულებიდან ინდივიდუალურ ამონაწერებს გასცემს. 

"იმის გათვალისწინებით, რომ ეს აქტი შეიცავს ფიზიკურ პირთა პერსონალურ მონაცემებს, შეწყალებულ პირებს მივმართავთ თხოვნით, ადმინისტრაციაში გამოცხადდნენ პირადად და თან იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ვერ გასცემს ამონაწერებს შეწყალებული პირის პირადად, ან მინდობილი პირის გამოუცხადებლობის შემთხვევაში", - განაცხადა ბარნოვმა და აღნიშნა, რომ შეწყალებაზე განაცხადების მიღების პროცესი პარალელურ რეჟიმში გაგრძელდება.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პრობაციონერებს მოუწოდა, რომ პრობაციის ეროვნულ სააგენტოს შესაძლოა გარკვეული დრო დასჭირდეს აქტის დამუშავებისათვის. ამიტომ, გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, პრობაციონერებმა თავად მიმართონ სააგენტოს და შეატყობინონ მათ მიმართ პრეზიდენტის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შესახებ.

მისი განმარტებით, პრეზიდენტის შეწყალება არ შეხებიათ სიცოცხლის, სქესობრივი თავისუფლების, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ და სხვა ცალკეულ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებს. 

კომენტარები