ევროპის საბჭო

ხიდაშელი: რეზოლუციებში ტერმინები მთავარი არ არის

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) შესაძლოა რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ რეზოლუციის პროექტის ტექსტი შეარბილოს. ამის შესახებ ტელეკომპანია რუსთავი 2 იუწყება. საპარლამენტო ასამბლეის სესიის ფარგლებში ტექსტის პროექტზე ქართული, რუსული დელეგაციების და საბჭოს სხვა წარმომადგენლები ჯერ კიდევ მუშაობენ.

დოკუმენტის შინაარსის თაობაზე აზრთა სხვადასხვაობაა ქართულ დელეგაციაში. ნაციონალური მოძრაობის წევრები მიიჩნევენ, რომ აუცილებელია რამდენიმე ტერმინის, მათ შორის - „ოკუპაციის“, შენარჩუნება მოხსენებაში, ქართული ოცნების წარმომადგენლების აზრით კი, ტერმინოლოგიას განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს.

 „საქმე ეხება რეზოლუციის საერთო კონტექსტს და რაც უფრო მალე გამოვალთ იმ მითიდან, რომ მთავარი ტერმინებია და არა შინაარსი, უფრო სწრაფად დავდგებით განვითარების გზაზე. წლიდან წლამდე რეზოლუციები ფუჭდებოდა - პირველი რეზოლუცია იყო ძალიან კარგი და მერე სულ უფრო და უფრო არასასურველი ხდებოდა ჩვენთვის. ის ტექსტი, რომელიც ახლა არის შეტანილი მომხსენებლის მიერ, არ არის საუკეთესო, თუმცა არც იქ არის რამე ტრაგიკული. ჩვენ ჩამოვიტანეთ რეინტეგრაციის სამინისტროს მიერ მომზადებული პროექტი და ეს ორი დღეა ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ცვლილებები რეზოლუციაში აისახოს“, - განაცხადა პარლამენტის წევრმა თინა ხიდაშელმა.

უმცირესობის წარმომადგენელი ჩიორა თაქთაქიშვილი კი ამ მიდგომას არ იზიარებს და აცხადებს, რომ ამ „ტერმინების მიღმა არის შინაარსი, რაც გულისხმობს ნახევარ მილიონამდე დევნილ ადამიანს და ოკუპირებულ ტერიტორიებს“.

 

კომენტარები