ევროპის საბჭო

ახალი არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება - რეზოლუცია, რომელსაც PACE ხვალ კენჭს უყრის

PACE

ევროსაბჭოს რეზოლუციის ტექსტში, რომელსაც კენჭი 29 იანვარს ეყრება, საუბარია ქართულ ოცნებისადმი ვადამდელი არჩევნების დანიშვნასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნაზე. ამას გარდა, ამავე დოკუმენტში საუბარია ოცნების დელეგატებზე შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით.

რეზოლუცია ზოგადად ხაზს უსვამს საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლასა და ძალოვნების მხრიდან ძალადობას, მათ დაუსჯელობას.

რეზოლუციის ერთ-ერთი პუნქტი ვადამდელ არჩევნებს ითხოვს.

"დაუყოვნებლივ დაიწყოს ინკლუზიური პროცესი, რომელშიც ჩართული იქნება ყველა მხარე და სოციალური აქტორი, მათ შორის მმართველი უმრავლესობა, ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება, რათა სასწრაფოდ აღმოიფხვრას ბოლო საპარლამენტო არჩევნების დროს გამოვლენილი ხარვეზები და გაუმართაობები და შეიქმნას ისეთი საარჩევნო გარემო, რომელიც ხელშემწყობი იქნება ჭეშმარიტად დემოკრატიული ახალი არჩევნებისთვის, რომელიც მომდევნო თვეების განმავლობაში უნდა გამოცხადდეს." - წერია რეზოლუციაში.

ამას გარდა, რეზოლუცია ითხოვს, რომ ქართულმა ოცნებამ პოლიტპატიმრები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის აპრილის სესიამდე გაათავისუფლოს.

ტექსტი, "პოლიციის დაუნდობლობისა და ადამიანის უფლებათა სხვა შელახვის დაგმობის ცხად ნიშნად" ასამბლეაში ქართული ოცნების დელეგატებისთვის უფლებების ჩამორთმევასაც ითვალისწინებს.

ტექსტით გათვალისწინებული შეზღუდვების მიხედვით, ოცნების დელეგატებს აღარ ექნებათ:

  • პოლიტიკურ საქმეთა და დემოკრატიის, მონიტორინგის, სამართლებრივი საქმეებისა და ადამიანის უფლებების, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის, პროცედურული კანონების, იმუნიტეტისა და ინსტიტუციურ საქმეთა კომიტეტების სრული ან მოადგილეობრივი წევრობის უფლება; 
  • არჩევნების დამკვირვებელი კომიტეტების წევრობის უფლება; მომხსენებლად დანიშვნის უფლება;
  • ასამბლეის საპრეზიდენტო ოფისის, კომიტეტის ან ქვეკომიტეტის თავმჯდომარის ან ვიცე თავმჯდომარის კანდიდატად წარდგენის უფლება; 
  • უფლება წარმოადგინონ ასამბლეა ევროპის საბჭოს ორგანოებში ბიუროს გადაწყვეტილებით და უფლება წარმოადგინოს ასამბლეა პერიოდულად ევროპის საბჭოს ორგანოების, საერთაშორისო ორგანიზაციების ან საპარლამენტთაშორისო ასამბლეების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებზე, შეხვედრებზე, კონფერენციებზე.

რეზოლუციაში ხაზგასმულია, რომ თუ აღწერილი პრობლემები მოგვარდება, შეზღუდვების მოხსნა შესაძლებელი იქნება.

ასევე, რეზოლუციის ტექსტი ქართულ ოცნებას სთხოვს, რომ გაითვალისწინონ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, რომლებიც აღნიშნული იქნება საქართველოსთან დაკავშირებულ სასწრაფო მოსაზრებაში. ამ მოსაზრების შემუშავება კომისიას ასამბლეის პრეზიდენტმა სთხოვა.

რეზოლუცია ჯერჯერობით მიღებული არაა, მას კენჭი 29 იანვარს ეყრება.


ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2025 წლის ზამთრის სესიის გახსნით სხდომაზე ქართული დელეგაციისთვის უფლებამოსილების არ მინიჭების საკითხი დღის წესრიგში დადგა.

სარჩელის ავტორის, ევროპის სახალხო პარტიის წევრის, ბორიანა აბერგის თქმით, "საქართველოს პარლამენტი ერთპარტიულია და საქართველოში დემოკრატიული წესრიგის ჩამოშლის პროცესი მიმდინარეობს".

დეპუტატის წინადადებას მხარი დაუჭირა ასამბლეის სულ მცირე ოცდაათმა წევრმა, რომლებიც, როგორც რეგლამენტი მოითხოვს, 5 სხვადასხვა ეროვნულ დელეგაციას წარმოადგენენ. 

"საკითხი დებატების გარეშე გადაეცა ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტს, რომელიც მას 29 იანვარს განიხილავს". - წერია ასამბლეის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას შეუძლია არ მიანიჭოს ქართულ დელეგაციას უფლებამოსილება, ან მიანიჭოს, თუმცა ამასთანავე მოხდეს დელეგაციის წევრებისთვის გარკვეული უფლებების შეჩერება ან ასამბლეის საქმიანობაში მათი მონაწილეობის შეზღუდვა.

"ქართული დელეგაციის წევრებს კვლავ შეუძლიათ დაესწრონ ასამბლეის სხდომებს, თუმცა გადაწყვეტილების მიღებამდე ვერ ჩაერთვებიან უფლებამოსილების საკითხთან დაკავშირებულ კენჭისყრაში". - წერია განცხადებაში.

ქართული დელეგაციისთვის უფლებამოსილების შეჩერების მოთხოვნით სამმა ოპოზიციურმა კოალიციამ: კოალიციამ ცვლილებებისთვის, ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ და ძლიერმა საქართველომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტსა და საპარლამენტო ფრაქციებს მიმართა, არ დაედასტურებინათ ასამბლეაში ქართული დელეგაციის უფლებამოსილება.

ასამბლეას ასევე მიმართა პარტიამ გახარია საქართველოსთვის.

"საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის სისტემური ხასიათი ეწინააღმდეგება ევროპის საბჭოს ძირეულ პრინციპებსა და საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს". - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები