კინო

კინოთეატრები (იანვარი)

Cirque du Soleil

2012 წელი. აშშ. რეჟისორი: ენდრიუ ადამსონი. მთ. როლებში: ერიკა ლინცი, ჯონ კლარკი, იგორ ზარიპოვი, დალას ბარნეტი.

ეს უდიდესი და ყველაზე გამორჩეული ცირკის ისტორიაა. „მზის ცირკის” ამბავი, რომელიც უკვე 3 ათეული წელია მსოფლიოს გარშემო მოგზაურობს და ხალხს აოცებს. 4000 თანამშრომელი, 850 მილიონი დოლარის მოგება და ერთმანეთისგან განსხვავებული, წარმოუდგენელი შოუები – ეს ყველაფერი „მზის ცირკია”. 3D ფილმი ენდრიუ ადამსონმა გადაიღო, პროდიუსერი კი ჯეიმს ქემერონია, რომელმაც ვიზუალის ხარისხზე პირადად იზრუნა. Cirque du Soleil მათთვის, ვისაც საკუთარი თვალით არასოდეს უნახავს ეს გრანდიოზული შოუ.

 

განგსტერებზე მონადირე

2013 წელი. აშშ. რეჟისორი: რუბენ ფლეიშერი. მთ. როლებში: შონ პენი, რაიან გოსლინგი, ჯოშ ბროლინი, ენტონი მაკი, ემა სტოუნი.

„ბნელი რაინდის აღზევების” პრემიერაზე კანადაში, კინოთეატრ ავრორაში ტრაგედია დატრიალდა. ჯეიმს იგან ჰოლმსმა დარბაზში მსხდომთ ცეცხლი გაუხსნა და 12 ადამიანი მოკლა. რუბენ ფლეიშერის ფილმშიც არის კინოთეატრში ორმხრივი სროლის სცენა, პროდიუსერებმა რეჟისორს ამ სცენის სხვა ადგილას გადატანა ან საერთოდ ამოღება სთხოვეს. „განგსტერებზე მონადირე”, წესით, სექტემბერში უნდა გამოსულიყო და კინოფესტივალების ფავორიტადაც ითვლებოდა, მაგრამ ტრაგედიამ და გადაღებების პროცესის გაჭიანურებამ კინოკომპანიას არ მისცა საშუალება, იგი იანვარზე ადრე გამოეშვა. არადა, 40-50-იანი წლების ამერიკის ისტორია, კრიმინალური დრამა განგსტერებზე, სადაც მთავარ როლებს შონ პენი და რაიან გოსლინგი თამაშობენ, „განწირული იყო წარმატებისთვის”.

 

ჯანგო გათავისუფლდა

2012 წელი. აშშ. რეჟისორი: კვენტინ ტარანტინო. მთ. როლებში: ჯეიმი ფოქსი, ლეონარდო დი კაპრიო, კრისტოფერ ვალცი, სემუელ ელ ჯექსონი, კერი ვაშინგტონი.

რა მნიშვნელობა აქვს ამ ფილმის სინოფსისს?! ეს კვენტინ ტარანტინოს ფილმია და მარტო ეს კმარა, რომ აუცილებლად ნახოთ. თანამედროვეობის ერთ-ერთმა ყველაზე გამორჩეულმა რეჟისორმა ოცნება აისრულა და ვესტერნი გადაიღო. ეს კინოს ის ჟანრია, რომელსაც ტარანტინო ბავშვობიდან ეტრფის და მისი ელემენტები თავის არაერთ ნამუშევარში გამოუყენებია. ამერიკის სამოქალაქო ომამდე რამდენიმე წლით ადრე განვითარებული მოვლენები შავკანიან მონაზე, ჯანგოზე მოგვითხრობს, რომელსაც ერთი რამ სურს – საყვარელი ქალი ტყვეობიდან დაიხსნას. ძალიან იშვიათად ჰქონია ტარანტინოს ფილმს კარგი ტრეილერი ან გამორჩეული სინოფსისი, მისი ფილმის ავ-კარგიანობა ყოველთვის კინოთეატრში, დიდ ეკრანთან წყდება და, როგორც წესი, კვენტინი არასოდეს იღებს ცუდ ფილმს. ოსკარების (წინასწარი მონაცემებით) კიდევ ერთი ფავორიტი ფილმი თბილისის კინოთეატრებში.

 

ჩემი ცოლის დაქალის ქორწილი

2013 წელი. საქართველო. რეჟისორი: გიორგი ლიფონავა. მთ. როლებში: ანა ტყებუჩავა, ნინო გაჩეჩილაძე, ლევან ყოჩიაშვილი, გიორგი ნაზარიშვილი, მაკა ძაგანია.

პოპულარული ქართული სერიალის, „ჩემი ცოლის დაქალების”, კინოადაპტაცია. სერიალის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი კატო კირვალიძე თხოვდება. ოცწლიანი სიყვარულის შემდეგ დიტოს ის ცოლად მოჰყავს. სრულმეტრაჟიანი ფილმი სწორედ მათ ქორწილზე იქნება. მხატვრულ ფილმზე იგივე ჯგუფი მუშაობდა, რომელიც სერიალს აკეთებს და, სავარაუდოდ, სერიალის მოყვარულებს იმედებს არ გაუცრუებს.

 

ჯეკ რიჩერი

2012 წელი. აშშ. რეჟისორი: კრისტოფერ მაკიუორი. მთ. როლებში: ტომ კრუზი, როზამუნდ პაიკი, რიჩარდ ჯენკინსი, რობერტ დიუვალი, ვერნერ ჰერცოგი.

ლი გრანტს დეტექტივ-თრილერების მოყვარულები ლი ჩაილდსის სახელით იცნობენ. მისი ყველა ნოველა ერთი მთავარი პერსონაჟის, ჯეკ რიჩერის გარშემო ვითარდება. ლიტერატურული წარმატების შემდეგ რიჩერი კინოში მოსინჯავს ძალებს, სადაც მის როლს ტომ კრუზი ითამაშებს. ფილმი კრიმინალური თრილერია, სადაც ჯეკ რიჩერი სნაიპერს ეძებს, რომელმაც ხუთი ადამიანი მოკლა. მისკენ მიმავალ გზაზე კი ინტრიგებსა და გაუგებრობებში ეხვევა. რეჟისორი კრისტოფერ მაკიუორია, რომლისთვისაც ეს მხოლოდ მეორე მხატვრული ფილმია, აქამდე ის სცენარისტობით უფრო იყო ცნობილი და ოსკარიც აქვს მოპოვებული. სწორედ მისი სცენარით გადაიღო ბრაიან სინგერმა „ჩვეულებრივი ეჭვმიტანილები”.

 

კომენტარები