საკანონმდებლო ცვლილებები

თეა წულუკიანი: ვენეციის კომისიის დასკვნას ბერძნულ კალენდობამდე ვერ დაველოდებით

მიუხედავად ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თხოვნისა, რომ საქართველოს პარლამენტს გადაედო ამნისტიის შესახებ კანონისა და საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებების მიღება, სანამ ვენეციის კომისია დასკვნას მოამზადებდა, ამნისტიის შესახებ კანონი უკვე დამტკიცებულია. თავის მხრივ, საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენითაა მიღებული. იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ვენეციის კომისიას პროცედურების დაჩქარება სთხოვა. მან იმედი გამოთქვა, რომ მეორე მოსმენამდე ვენეციის კომისია თავის დასკვნას გამოაქვეყნებს. "თუ ეს ვერ მოესწრო, ძალიან დასანანი იქნება", - განაცხადა მან და ასევე დაამატა, რომ ვენეციის კომისიას აქვს გრძელი ვადები და კარგი იქნება, თუ მათ შეამოკლებს და ნაბიჯს აუჩქარებს. წულუკიანის თქმით, თავადაც ეცდებიან პარლამენტში განხილვის პროცესის შენელებას, თუმცა "ბერძნულ კალენდობამდე" ვენეციის კომისიის დასკვნას ვერ დაელოდებიან. კომისიას შემდგომი სხდომა, რომელიც ჩვეულებრივ წელიწადში ოთხჯერ იმართება, მარტშია დაგეგმილი.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ვენეციის კომისიამ ახალ ხელისუფლებას დასკვნის დალოდება სთხოვა. საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი, გიორგი კანდელაკი, აცხადებს, რომ ახალი ხელისუფლებისთვის ეს პრაქტიკულად ტესტს წარმოადგენს, თუ რამდენად გულწრფელია მათი სწრაფვა ევროპისკენ. ის იხსენებს, რომ წინა ხელისუფლების პირობებში, ყველა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო რეფორმა ვენეციის კომისიასთან მჭიდრო თანამშრომლობით ტარდებოდა.

საპარლამენტო უმცირესობაში საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებების შინაარსსაც აკრიტიკებენ და მიიჩნევენ, რომ მისი მიზანი სასამართლოზე გავლენის მოპოვებაა. ამ საკითხზე განცხადება გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმაც. "ვართ საფრთხის წინაშე, რომ სასამართლო ინსტიტუტმა დაკარგოს დამოუკიდებლობა", - განაცხადა მან. პრეზიდენტმა ისაუბრა იმ ბევრ ხარვეზზე, რაც წინა ხელისუფლების დროს იყო სასამართლო სისტემაში, თუმცა, ხაზი გაუსვა იმას, რომ ინსტიტუციურად დამოუკიდებლობის გარანტიები შექმნეს. კანონში ცვლილებების დღევანდელი სახით დამტკიცების შემთხვევაში კი, მისი თქმით, იუსტიციის საბჭო და სასამართლო ხელისუფლება მთლიანად მოექცევა აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლის ქვეშ. ამ შემთხვევაში, ის ვეტოს უფლების გამოყენებას აპირებს, "იმიტომ, რომ ეს იქნება დამოუკიდებელი სასამართლო ინსტიტუტის დასამარება ერთხელ და სამუდამოდ".

იუსტიციის სამინისტროს მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, სხვა საკითხებთან ერთად, ითვალისწინებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესის შეცვლას. მათ შორის, კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დეპუტატები და პრეზიდენტის მიერ დანიშნული წევრები აღარ შევლენ. მათ ადგილას წევრებს კვლავ პარლამენტი აირჩევს, თუმცა ისინი დეპუტატები არ უნდა იყვნენ. ასევე, იცვლება მოსამართლეების კანდიდატად წარდგენისა და არჩევის წესი საბჭოში.

გარდა ამისა, კანონპროექტის თანახმად, საბჭოს ამჟამინდელ წევრებს უფლებამოსილების ვადა მათი შემცვლელების არჩევისთანავე, ვადაზე ადრე შეუჩერდებათ, რაც განსაკუთრებულ კრიტიკას იწვევს. "ჩვენ ვეწინააღმდეგებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი წევრების უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტას, განსაკუთრებით მოსამართლეთა კონტინგენტის, იმდენად, რამდენადაც ვფიქრობთ, რომ ამ შემთხვევაში ირღვევა სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის და ავტონომიურობის პრინციპი", - აცხადებს საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი ლევან ბეჟაშვილი. ამასთან, მისი თქმით, მოსამართლეთა შემთხვევაში ეს სასამართლო საქმიანობის უფლებამოსილების ნაწილია და კონსტიტუცია კრძალავს რამე გარე ზემოქმედებას სამოსამართლო უფლებამოსილებაზე.

კომენტარები