ივანიშვილის პარლამენტმა ბიზნესომბუდსმენის აპარატის გაუქმების შესახებ კანონპროექტს I მოსმენით მხარი დაუჭირა.
მომხრე იყო 76, მოწინააღმდეგე - არცერთი.
საკითხის პლენარულ სხდომაზე განხილვისას ივანიშვილის წარმომადგენელმა, შოთა ბერეკაშვილმა აღნიშნა, რომ ბიზნესომბუდსმენის აპარატის საჭიროება ქვეყანაში აღარ არის. მისი თქმით, არსებობს არაერთი სახელმწიფო სტრუქტურა, რომელიც პასუხისმგებელია იმავე საკითხების მოგვარებაზე. ამიტომ ბიზნესომბუდსმენი ეკონომიკის სამინისტროს შემადგენლობაში გადავა და შეითავსებს მინისტრის მრჩეველის თანამდებობას.
"უნდა აღინიშნოს, რომ მას შემდეგ, რაც 2015 წელს შეიქმნა ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტი, სახელმწიფო უწყებები კიდევ უფრო დაიხვეწა და განვითარდა. დღეისთვის უკვე გვაქვს რეალობა, რომელშიც ჩამოყალიბებულია სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის ურთიერთობების მყარი და კოორდინირებული სისტემა, რომელშიც ბიზნესის ინტერესები სისტემურად არის წარმოდგენილი და დაცული სხვადასხვა უწყებაში, შესაბამისად, ჩნდება ფუნქციური დუბლირების წერტილები უკვე არსებულ სახელმწიფო სტრუქტურებთან. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ასევე საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, ეროვნული ბანკი და სხვა მარეგულირებელი უწყებები.
აღნიშნული ორგანოები მოქმედებენ მკაფიო სამართლებრივ ჩარჩოში და ბიზნესთან პირდპირი კომუნიკაციის მექანიზმებით, რაც გამორიცხავს შუამავალი რგოლის საჭიროებას. და ბოლოს, საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი…
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კონსტიტუციური ჩარჩოს ფარგლებში საქართველოს მთავრობა, სამინისტროები, მარეგულირებელი ორგანოები და პარლამენტი თანამშრომლობენ კერძო სექტორთან მჭიდრო და კოორდინირებულ რეჟიმში. ბიზნეს და დარგობრივი ასოციაციები და სავაჭრო პალატები ინტეგრირებულია პოლიტიკის შემუშავების პროცესში, რაც უზრუნველყოფს დიალოგის ინკლუზიურობას და გამჭვირვალობას. ამ პირობებში ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტმა თანდათან დაკარგა თავდაპირველი ფუნქციური მნიშვნელობა და მისი შენარჩუნება აღარ წარმოადგენს ეფექტურ ან საჭირო მექანიზმს." - თქვა შოთა ბერეკაშვილმა.





