ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა

გიორგი კვირიკაშვილი: ყარსი-ახალქალაქის პროექტის გენერალური გადახედვა არ იგეგმება

ყარსი-ახალქალაქის სარკინიგზო პროექტის შესახებ კომენტარი ჟურნალისტებთან ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გააკეთა.

მინისტრის თქმით, ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის მშენებლობა მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური პროექტია, რომელიც საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის განხორციელებაში დაეხმარება. „ის აუცილებლად დასრულდება“, - აღნიშნა მინისტრმა.

კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა პატივს სცემს იმ ვალდებულებას, რომელიც საქართველომ მეგობარი ქვეყნების წინაშე აიღო, ამიტომ არ აპირებს ის „გენერალურად გადაიხედოს“.

კვირიკაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობა მხოლოდ რამდენიმე კომერციული დეტალის დაზუსტებას აპირებს. „როცა რკინიგზა ამოქმედდება და მოხდება ტვირთბრუნვის გადანაწილება პორტებიდან და რკინიგზის დასავლეთ ნაწილიდან უფრო სამხრეთ-დასავლეთ ნაწილისკენ, ამასთან დაკავშირებით გვაინტერესებს, როგორ მოხდება ამ თანხების გადანაწილება. რა ტვირთბრუნვა იქნება, დავუშვათ, რკინიგზის დასავლეთ ნაწილზე“, - აღნიშნა კვირიკაშვილმა.

კომენტარები