ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა

ივანიშვილი: ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის მშენებლობას საფრთხე არ ემუქრება

ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის მშენებლობას საფრთხე არ ემუქრება, - განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა პრესკონფერენციაზე 24 დეკემბერს. თუმცა, მისი თქმით, პროექტის ეკონომიკურ ღირებულებასთან დაკავშირებით კითხვები არსებობს. კერძოდ, როდესაც ახალი რკინიგზა ექსპლოატაციაში შევა, ტვირთბრუნვა შესაძლოა შეუმცირდეს აქამდე მოქმედ რკინიგზას, რაც საქართველოს შავი ზღვის პორტებში ტვირთბრუნვის შემცირებას განაპირობებს. ივანიშვილის თქმით, შესაძლებელია, ამ ეკონომიკური საკითხების დარეგულირება აზერბაიჯანულ მხარესთან.

ამავდროულად, ივანიშვილი აცხადებს, რომ აზერბაიჯანთან მხოლოდ გაზის ფასის შემცირებაზე აპირებს საუბარს და არა რკინიგზაზე. ”მე კითხვის სახით უკვე დავსვი ჩემს გამოსვლებში და ეს საკმარისია. ჯგუფები იმუშავებენ პროცესში, როცა რკინიგზა დასრულდება. მე კითხვები სწორ დროს დავსვი და იმედია მივა, სადაც საჭიროა”, - განაცხადა პრემიერმა. უშუალოდ გაზის საფასურზე, მან თქვა, რომ ფასი ”კარგია”, თუმცა, ამ საკითხზე მაინც შეიძლება მოილაპარაკონ. ”რაღაც ასპექტში ჩვენ კიდევ განვიხილავთ კორექტურას, არა პრინციპულს, არამედ სიმბოლურს”, - განაცხადა ივანიშვილმა.

პრემიერმინისტრმა აგრეთვე განაცხადა, რომ ქვეყანაში რამდენიმე ძირითადი ეკონომიკური პროექტია, რომლებიც ასევე აღძრავს კითხვებს. ასეთებად მან დაასახელა გარდაბანში 160 მეგავატი სიმძლავრის თბოელექტროსადგურის და ასევე დიდი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა.

 

კომენტარები