კინო

კინოთეატრები

სიზმრების მცველები

2012 წელი. აშშ. რეჟისორი: პიტერ რამსი. მთ. როლებში: კრის პაინი, ჰიუ ჯექმანი, ალეკ ბოლდუინი, ჯუდ ლოუ.

ჯეკ ფროსტი პატარა ბიჭია, რომელიც თავის უდარდელ ცხოვრებას გართობასა და ბავშვებისთვის სიხარულის მინიჭებაში ატარებს. ის ყინულის მბრძანებელია და სამყაროს თოვლს ჩუქნის. თუმცა ერთ დღეს ყველაფერი იცვლება. კოშმარების მბრძანებელი თავისი გეგმის განხორციელებას იწყებს, რომელიც მსოფლიოს ბნელეთში გახვევას ითვალისწინებს. სანტა კლაუსი, კბილის ფერია, აღდგომის ბოცვერი და ქვიშის კაცი მცველები არიან, რომლებმაც სიკეთე ყველაფრის ფასად უნდა დაიცვან, ამაში კი ჯეკ ფროსტი დაეხმარებათ.

ეს კომპანია DreamWorks Animation-ის ერთგვარი გამოსამშვიდობებელი პროექტია. მულტფილმების: „შრეკი”, „კუნგ ფუ პანდა”, „როგორ გავწვრთნათ დრაკონი” და „მადაგასკარი” შემქმნელები კინოკომპანია Paramount-ს ემშვიდობებიან და ამიერიდან პროექტებს 20th Century Fox-ისთვის გააკეთებენ. „სიზმრების მცველები” ამერიკელი ხალხის ყველაზე პოპულარული მითოლოგიური პერსონაჟების ნაკრებია, რომელსაც კარგი შანსი აქვს, ოსკარზე ნომინაცია მოიპოვოს.

Playing for Keeps

2012 წელი. აშშ. რეჟისორი: გაბრიელ მუჩინო. მთ. როლებში: ჯერარდ ბატლერი, ჯესიკა ბილი, უმა თურმანი, ქეთრინ ზეტა ჯონსი, დენის ქუეიდი.

გაბრიელ მუჩინომ ამერიკული კარიერა ძალიან კარგად დაიწყო. „ბედნიერების კვალდაკვალ” უბრალო, ინსპირაციული ნამუშევარია, რომელმაც უილ სმიტს ოსკარის ნომინაცია მოუტანა, მუჩინოს კი ამერიკული აღიარება. რეჟისორის შემდეგი პროექტი პათეტიკური „7 სიცოცხლე” (Seven Pounds) იყო, რომლის ერთადერთ მიზანს, მაია ასათიანის „პროფილივით”, მაყურებლის ატირება წარმოადგენდა. Playing for Keeps მუჩინოს რეაბილიტაციის შანსია. ეს რომანტიკული მელოდრამა ყოფილი ფეხბურთელის ისტორიას მოგვითხრობს, რომელიც შვილთან ურთიერთობის დალაგებას ცდილობს. როგორც ხედავთ, სიუჟეტი ბანალურია, თუმცა მუჩინოს შეუძლია, უბრალო ისტორია კარგ ფილმად აქციოს.

ჰობიტი

2012 წელი. აშშ, ახალი ზელანდია. რეჟისორი: პიტერ ჯექსონი. მთ. როლებში: მარტინ ფრიმენი, იან მაკელენი, ენდი სერკისი, რიჩარდ არმიტეიჯი.

როგორც იქნა! თითქმის ათწლიანი გაუგებრობის, უამრავი სკანდალისა და პროექტის გადავადების შემდეგ, ტოლკინის უკვდავი წიგნის ეკრანიზაცია გამოვა. „ჰობიტი” პიტერ ჯექსონის სახლში დაბრუნებაა. „ბეჭდების მბრძანებლის” რეჟისორი თავად შეეცდება, ახალი გმირებით, ძველი ნაცნობი სახეებითა და კარგად გამოცდილი ჯგუფის დახმარებით, კიდევ ერთხელ მოგვიყვეს ლეგენდარული შუამიწეთის ისტორიას.

„ჰობიტი” ბილბო ბეგინსის ისტორიაა, ჰობიტის, რომელიც საოცარ თავგადასავლებში გაეხვევა. დიახ, სწორედ იმ ბილბოს ამბავია, რომელიც საურონის ბეჭდის მფლობელი გახდა და „ბეჭდების მბრძანებლის” მეორეხარისხოვან პერსონაჟად იქცა. როგორც ყოველთვის, ჯექსონი ამჯერადაც აკურატულად მიუდგა საქმეს და წლები მუშაობდა ამ პროექტზე, რომელიც მისთვის შეიძლება კინოჯილდოების მომტანი მორიგი მანქანა გახდეს.

„ჰობიტი” არა მარტო ამ, არამედ ბოლო წლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კინოპროექტია, რომელიც, სხვა თუ არაფერი, იმითაა რევოლუციური, რომ 48 წამი კადრში კამერითაა გადაღებული. ეს კი გამოსახულების მეტ სისუფთავეს, რეალურობასა და სახიფათო ექსპერიმენტს ნიშნავს – არავინ იცის, როგორ აღიქვამს მაყურებელი ახალ ნაბიჯს კინოში.

კაცების ფილმი

 2012 წელი. საქართველო. რეჟისორი: ირაკლი კაკაბაძე. მთ. როლებში: ირაკლი კაკაბაძე, გიორგი ჯანელიძე, ირაკლი ვახტანგიშვილი, დათო ლაბაძე.

„ღამის შოუ სტუდიის” ახალი კინოკომედია. ფილმი მოგვითხრობს „კაცების შოუს” წამყვანების ღამის თავგადასავალზე თბილისში. სტუდიის ბოლო ფილმის ყიდვას გავლენიანი უცხოელი პროდიუსერი აპირებს. კომპიუტერს, რომელშიც ფილმის ჩანაწერი ინახება, შენობაში ჩასული წყალი აზიანებს. მეორე ასლი კი ირაკლი კაკაბაძეს ჰქონდა, რომელიც წინა საღამოს რამდენიმე თავშეყრის ადგილზე იმყოფებოდა, დროს ატარებდა, დათვრა და ეს ასლი გადაცემის ფანს ერთი დღით ათხოვა, ოღონდ მისი არც ვინაობა იცის და არც სახე ახსოვს. ფილმის გმირებს მხოლოდ 1 ღამე აქვთ იმისთვის, რომ ჩანაწერი დაიბრუნონ. ვნახოთ, როგორი გამოვა „Hangover-ის ქართული ვერსია”.

 

 

კომენტარები