რუსეთი საქართველოსთან ურთიერთობების გაუმჯობესებას მიესალმება, მაგრამ გადაწყვეტილებებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ არ შეცვლის, - ამის შესახებ, РИА Новости-ს ცნობით, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა.
მისი თქმით, იგი ხედავს „პოზიტიურ სიგნალებს“ თბილისის მხრიდან. „ვხედავთ და მივესალმებით იმას, რომ საქართველოს მთავრობამ სპეციალური წარმომადგენელი დანიშნა რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგების დარგში. როგორც ხედავთ, იგივეთი ვპასუხობთ - სხვა შემთხვევაში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინთან შეხვედრა ვერ შედგებოდა“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
ამავე დროს, პუტინმა განაცხადა, რომ „საქართველოს მოქმედმა პრეზიდენტმა სიტუაცია ჩიხში შეიყვანა. და მე, სიმართლე რომ ვთქვა, კარგად არ მესმის, როგორ შეიძლება ამ ჩიხიდან გამოვიდეთ. რუსეთი ვერ შეცვლის გადაწყვეტილებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების შესახებ. საქართველო კი ვერ დათანხმდება მათ აღიარებას დამოუკიდებელ ქვეყნებად“.
„ჩვენ რეალურად გვსურს საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზაცია, მაგრამ, ეკონომიკური თვალსაზრისით, პირდაპირ უნდა ვთქვათ, საქართველო ამით უფრო მეტადაა დაინტერესებული, ვიდრე ჩვენ“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
მაგრამ, მისი თქმით, „ჩვენ არ ვამბობთ, რომ ეს არ გვჭირდება. მიგვაჩნია, რომ ურთიერთობის ნორმალიზება ორ ახლობელ ხალხს შორის აუცილებელია და ამისკენ აუცილებლად უნდა ვისწრაფოდეთ“.
„როგორ გადავლახოთ ეს პრობლემა ჩვენს ურთიერთობებში, ამაზე პასუხი ჯერ არ მაქვს. მაგრამ, რადგან გაჩნდა ხალხი, ვინც ამით პროფესიულად დაკავდება, მოდით ამაზე ერთად ვიფიქროთ“, - განაცხადა პუტინმა.





