ქართუ ბანკი

ყოფილ ხელისუფლებასთან "დაახლოებული" ბიზნესმენების ნაწილი მზად არიან ქართუს ზარალი აუნაზღაურონ

ნაწილი კომპანიებისა, რომლებიც ბანკ ქართუს გაკოტრების სქემაში მონაწილეობდნენ, მზად არიან, ბანკს მიყენებული ზარალი აუნაზღაურონ. 
ქართუ ჯგუფის იურიდიული განყოფილების უფროსის ალა კახნიაურის განმარტებით, ბანკის საკრედიტო დავალიანების დაფარვის მზადყოფნა უკვე გამოთქვა რამდენიმე კომპანიამ.   
"ისეთი საწარმო, რომელსაც ბანკ ქართუს წინაშე დავალიანება აქვს, სულ 21-ია, აქედან, როგორც მე ვიცი, იაგო ჩოჩელის, ლაურა ღაჭავასა და გიორგი ისაკაძის კომპანიები მზად არიან, ბანკის სასარგებლოდ ისევ დატვირთონ ის ქონებები, რაც მათ მიერ დანაშაულებრივ სქემაში მონაწილეობით იყო წაღებული და სრულად აუნაზღაურონ ყველანაირი ზარალი, რომელიც ბანკს ამ დანაშაულებრივი ქმედების გამო მიადგა", - განაცხადა კახნიაურმა.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გუშინ, 17 დეკემბერს, განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, ბანკ ქართუს გაკოტრების მიზნით, ორგანიზებულ-დანაშაულებრივი სქემა მოქმედებდა, რომელშიც პოლიტიკური თანამდებობის პირების გარდა, ყოფილ "ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენებიც" მონაწილეობდნენ.
"ასეთ კომპანიებს შორისაა მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის იაგო ჩოჩელის შპს ინტერპლასტი, შსს-ს იმჟამინდელი კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ერეკლე კოდუას ახლო ნათესავების საწარმოები, ს/ს პირიმზე და შპს სამკერვალო ფაბრიკა ლაურა ღაჭავა, მცირე და საშუალო მეწარმეთა ასოციაციის ხელმძღვანელის გიორგი ისაკაძის საწარმოები - შპს ლოგოსი და ამხანაგობა თეთრი სახლი. ყველა კომპანიამ, შემოსავლების სამსახურის მაღალჩინოსნებთან შეთანხმებით, აღიარა არარსებული საგადასახადო დავალიანება, რის შემდეგაც მათი ქონება გადავიდა ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებაში. ჩატარდა ფიქტიური აუქციონი, სადაც არცერთი ქონება არ გაიყიდა და მათი გაყიდვა, პირდაპირი მიყიდვის წესით დაევალა ეკონომიკის სამინისტროს", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში, რომელიც 17 დეკემბერს გამოქვეყნდა.  

კომენტარები