საქართველოსა და რუსეთს აქვთ შესაძლებლობა, რომ გააჯანსაღონ ურთიერთობა, - ეს "რია ნოვოსტს" რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა განუცხადა, რომელიც ჟენევაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობების საკითხში, ზურაბ აბაშიძეს, შეხვდა.
მისი განცხადებით, იმ ყველა სირთულის არსებობის პირობებში, რომელიც სააკაშვილის მმართველობის პერიოდში დაგროვდა, ამ ურთიერთობების გაჯანსაღების შესაძლებლობები მაინც არსებობს. კარასინმა განმარტა, რომ, ეს ეხება კონკრეტულ სფეროებს. კერძოდ, ვაჭრობას, ტრანსპორტს, ავიამიმოსვლას, კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებს.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, შეხვედრისას საუბარი საქმიანად და ინფორმატიულად წარიმართა. მისი თქმით, აღინიშნა, რომ ორმხრივი სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობა საქართველოსა და რუსეთს შორის ჩიხშია შესული. კარასანის თქმით, საჭიროა, მისი გაჯანსაღება და ურთიერთობის კონკრეტული ფორმის მიცემა ისე, რომ არ დაზარალდეს რუსეთის პოლიტიკური პოზიცია. "სწორედ ამას ეძღვნებოდა ეს პირველი შეხვედრა", – აღნიშნა მან.
კარასინისვე განცხადებით, მხარეები შეთანხმდნენ, გამონახონ დრო და ადგილი ამ დიალოგის გასაგრძელებლად. მისი თქმით, ცდილობენ, მოიძებნოს გადაწყვეტილება, რომელიც ორივე ქვეყნის ინტერესების შესაბამისი იქნება.
მოგვიანებით ინტერპრესნიუსთან საუბარში ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ პირველი ასეთი კონტაქტის კვალობაზე ცუდი შეხვედრა არ იყო.
"როგორც ასეთ შემთხვევებში იტყვიან, შეხვედრამ საქმიან ვითარებაში ჩაიარა. შეგახსენებთ, რომ ეს იყო ამ სახის პირველი კონტაქტი საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის ოფიციალურ წარმომადგენლებს შორის, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის დავალებით გაიმართა. შეხვედრა ჟენევის ერთ-ერთ გარეუბანში შედგა. აღვნიშნეთ, რომ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობები ფაქტობრივად ჩიხშია მოქცეული და საჭიროა ამ ჩიხიდან გამოსავლის ძიება. დასაწყისისთვის სასაუბროდ განვსაზღვრეთ სავაჭრო, ჰუმანიტარულ-კულტურული ურთიერთობების საკითხები და რეგულარული საავიაციო მიმოსვლის აღდგენის თემა. მოვილაპარაკეთ, რომ ჩვენი დიალოგი რეგულარულ საფუძველზე გაგრძელდება და ვიმსჯელეთ ამ ფორმატის ტექნიკურ ასპექტებზე", - განუცხადა სააგენტოს ზურაბ აბაშიძემ.




