რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები

მაია ფანჯიკიძე: ზურაბ აბაშიძის და გრიგორი კარასინის შეხვედრაზე თემების აღრევა არ მოხდება

"საქართველოს წარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, ზურაბ აბაშიძეს, პრემიერმინისტრისგან ძალიან ფართო მანდატი აქვს მინიჭებული, თუმცა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგორი კარასინთან შეხვედრაზე არ მოხდება თემების აღრევა", - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ კანცელარიაში, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სხდომის დაწყებამდე.
მისი თქმით, კარასინისა და აბაშიძის შეხვედრაზე არ განიხილება ის საკითხები, რომელიც  ჟენევის ფორმატშია. ამასთან, როგორც ფანჯიკიძემ აღნიშნა, ეს არის პირველი შეხვედრა და  ქართულ მხარეს განსაკუთრებული მოლოდინები არ აქვს. ფანჯიკიძის განცხადებით, ეს იქნება ტექნიკური ხასიათის შეხვედრა, სადაც მხარეები შეთანხმდებიან მომდევნო შეხვედრების ფორმატზე, ადგილზე. 
"ამიტომ ჩვენ ველით, რომ განხილული იქნება ისეთი საკითხები, როგორიც არის, მაგალითად, რა პერიოდულობით მოხდება მსგავსი შეხვედრები, სად მოხდება ეს შეხვედრები, ეს არ იქნება მხოლოდ შვეიცარიაში. ასევე,  ვინ მიიღებს ამ შეხვედრებში მონაწილეობას როგორც ქართული, ისე - რუსული მხრიდან", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგორი კარასინის შეხვედრა ჟენევაში დღეს გაიმართება. 

კომენტარები