რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები

მაია ფანჯიკიძე: ჟენევის მოლაპარაკებების და ორმხრივი დიალოგის აღრევა არ უნდა მოხდეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე აცხადებს, რომ მისთვის უცნობია, რატომ დატოვეს ჟენევის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი რუსეთის წარმომადგენლებმა. 
"ეს იყო პირველი შეხვედრა, რომელშიც ახალი მთავრობა მონაწილეობდა. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვქონდა იმედი, რომ ამ პრაგმატული მიდგომით გამოვიწვევდით უფრო კარგ ვითარებას და შევქმნიდით პირობებს, რომ ეს შეხვედრა წარმატებული ყოფილიყო. სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ მეორე ნაწილი შეხვედრისა არ შედგა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ შემდეგში ეს შეხვედრა არ განახლდება. მთავარი არის ის, რომ ჟენევის ამ რაუნდმა მაინც ნორმალურად ჩაიარა, თუ არ ჩავთვლით ამ ერთ ნაწილს", - განუცხადა ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს. 
საგარეო საქმეთა მინისტრი ზურაბ აბაშიძისა და გრეგორი კარასინის შეხვედრასაც შეეხო და ხაზი გაუსვა, რომ ჟენევის ფორმატი ამ შეხვედრისგან გამიჯნულია და ამ დიალოგზე გავლენას არ მოახდენს.
"ზურაბ აბაშიძის შეხვედრა კარასინთან არავითარ კავშირში არ არის ჟენევის ფორმატთან. ჟენევის ფორმატი არის ცალკე. ეს პირდაპირი დიალოგი, ორმხრივი (ხაზს ვუსვამ) და არა საერთაშორისო, როგორც არის ჟენევის ფორმატი, არის ცალკე. ამიტომ, ამ ორი რამის ერთმანეთთან დაკავშირება ასე პირდაპირ არ შეიძლება. ბატონ ზურაბ აბაშიძის დიალოგი ბატონ კარასინთან, რომელიც არ ვიცით ჯერჯერობით რა სახეს მიიღებს მომავალში, რა სიხშირით და რა ფორმატით ჩამოყალიბდება, არ ჩაერევა ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში და ამიტომ, მათი აღრევა არ უნდა მოვახდინოთ", - განაცხადა საგარეო უწყების პირველმა პირმა.  
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გრიგორი კარასინი ხვალ, 14 დეკემბერს, გამართავენ პირველ არაოფიციალურ შეხვედრას. 

კომენტარები